ფეოდალი გოროზია მაზანდარას თხილნარში [video]
"ახალი სიტყვა" – სამეგრელოში...
სამეგრელოში ახალი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი „ახალი სიტყვა“ შეიქმნა, რომელსაც ჟურნალისტი ნანა ფაჟავა ჩაუდგა სათავეში. პირველი ნომერი ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს იხილა.
„გაზეთი “ახალი სიტყვვა” საგანგებო რეჟიმში შეიქმნა სწორედ იმ ვითარების გამო, რომლის შესახებაც აქ გამოქვეყნებული სტატიებიდან შეიტყვეთ. გაზეთში გამოქვეყნებულია ის მასალები, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გავრცელდა და იგი მთლიანად მედიას ეხება.
მომავალში “ახალი სიტყვა” შემოგთავაზებთ ვრცელ მასალებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ თუ კულტურულ მოვლენებზე. დიდი ადგილი დაეთმობა ჟურნალისტურ გამოძიებას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს და ა.შ.“ – ამბობენ რედაქციაში.
”ნაცარქექიების ყიყინი“ და ”გულუბრყვილო“ პრეზიდენტი
რაც შეეხება ღირსების ორდენის პირველ კავალერს, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს რამაზ ნიკოლაიშვილს, იმსახურებს თუ არა, მისი ღირსება ორდენს, ეს წლების შემდეგ გამოჩნდება, თუ ახალი ხელისუფლება გზების დაგებაზე გახარჯული თანხებით დაინტერესდება. მანამდე, უფლება გვაქვს არ დავეთანხმოთ მიხეილ სააკაშვილს, თითქოს გზების დაგებაში ფული არ ”ტყდება“.
– ”ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ხიდების მშნებელობით მთავრობა ფულს “ტეხავს”, თუმცა ფულის “მოტეხვა” შეუძლებელია და ვინც ამას მოინდომებს, “ხელი მოტყდება”, – დაიმუქრა ქვეყნის პირველი პირი.
თუმცა, სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, სააკაშვილის გამოსვლაში კიდევ ერთ დეტალს გვინდა მივაპყროთ ყურადღება. ბოლო დროს, სააკაშვილის ტექსტებში აშკარად შეინიშნება მისთვის დამახასიათებელი სარკაზმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუყენებია.
– ”ნურავის ყიყინის ნუ შეგეშინდებათ. საქმის მკეთებლები მხოლოდ უსაქმურებს არ უყვართ, ჩვენ კი ნაცარქექიების და უსაქმურების ჭკუაზე ვერ ვივლით. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის და ეს ქარავანი კარგი გზებით მივა ადგილზე“.
სააკაშვილის ტონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პროტესტი გადავლილად მიაჩნია და თვლის, რომ ოპოზიცია ჯიბეში უზის. ვნახოთ, თავს ვერაფერზე დავდებთ. თუმცა, რაც უდავოა, ამდენი წლის შემდეგაც კი, კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტილი აწ უკვე უწყინარი, შევარდნაძის პოლიტიკური გვამი, როგორც ჩანს, სააკაშვილს მოსვენებას დღემდე არ აძლევს. იშვიათად შეიძლება წააწყდე ტექსტს, სადაც სააკაშვილი შევარდნაძის მმართველობის დროს არ ახსენებს. ეს ტრადიცია არც გუშინ დაურღვევია ქვეყნის პირველ პირს:
– ”შევარდნაძის დროიდან ბევრი თვლიდა, რომ გზა მეწველი ძროხაა. გზებით ფულის კეთებაზე საუბარი ზოგს შევარდნაძის დროიდან გამოყვა. შევარდნაძის დროინდელ მთავარ მეგზევეს (გულისხმობდა ბორია სარალიძეს – ავტ.), რომელიც მისი მთავარი დასაყრდენი იყო, ზუსტად არ მახსოვს, 9 თუ 12 მლნ ლარი ხაზინის სასარგებლოდ უკან მოატანინეს, რითაც გაიცა პენსიები და ხელფასები“.
ამბობენ, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ რაც შევარდნაძის მთავრობამ ქვეყანას დამართა, ძნელია ამის დავიწყება. თუმცა, დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ ბევრს შევარდნაძის მთავრობა მოანატრა, ეს რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ? ამაზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ორი ვერსია აქვს – ”რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია, რასაც ბუნებრივად მოყვება პროტესტი“ და ”ვიღაცეები რუსეთის მიერ იმართებიან“.
ახლა კი იმის შესახებ, რის გამოც, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა ჩვენი ინტერესის სფეროში მოექცა. მოკლედ, ვერ დავიჩემებთ, იცის თუ არა პრეზიდენტმა როგორ ”ტყდება“ გზების და ხიდების მშენებლობებზე ფული, მაგრამ შეუძლებელია, ხელისუფლება საქმის კურსში არ იყოს ვინ და რატომ იმარჯვებს გზების სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო ტენდერებში.
პრესა.გე–ს ხელთ ჩაუვარდა ქალაქ თბილისი მთავრობის 17 მარტის, N07.01.209 დადგენილება, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს ავალებს:
– ”აუნაზღაუროს შპს ”ბლექ სი გრუპს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 100%–იანი წინასწარი გადახდით, სადაზღვევო კომპანია შპს ”ვესტის“ შესაბამისი საბანკო საავანსო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ“.
მაშინ, როცა სხვა საგზაო კომპანიებს უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის არ მიუღიათ თანხა, გაუგებარია რა დამსახურებისთვის გადაურიცხეს ”ბლექ სი გრუპს“ ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოებისთვის მთლიანი თანხა (1,047,719 და 17 თეთრი). თავად დადგენილებაში კი შემდეგი განმარტებაა გაკეთებული:
– ”მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და შესაბამისად, შპს ”ბლექ სი გრუპის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიქმნა თანხის წინასწარი გადახდის აუცილებლობა“.
როგორც ”ლეიბორისტული პარტიის“ და თბილისის საკრებულოს წევრი პაატა ჯიბლაძე ამბობს, რიგ შემთხვევებში, კომპანიებს შესაძლოა, თანხის 30–40% გადაურიცხონ, მაგრამ წინასწარ თანხის გადახდა არასოდეს ხდება.
– ”როგორც ჩანს, ეს მათივე კომპანიაა, თორემ მერიას ბევრი საგზაო კომპანიისთვის, რომელთაც სამუშაოს 70–80% უკვე შესრულებული აქვთ, თანხები ჯერაც არ დუფარავს. მიზეზად კი ბიუჯეტში ფულის არარსებობას ასახელებენ. მე ასეთი რამდენიმე კომპანია ვიცი. მათ ბანკიდან აღებული კრედიტით შეასრულეს სამუშაოები და ამ კრედიტისთვის ზოგს ბანკში ბინა აქვს ჩადებული და ზოგსაც სხვა უძრავი ქონება. ახლა რომ ამ ადამიანების გვარ–სახელები გითხრათ, მათ არც ფულს გადაურიცხავენ, რისი იმედი ჯერ კიდევ აქვთ და ბანკში ჩადებულ გირაოსაც დაკარგავენ“, – ამბობს ჯიბლაძე.
პრესა.გე შეეცადა ”ბლექსიგრუპის“ ირგვლივ ინფორმაცია მოეპოვებინა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს არის თურქულ–ქართული კომპანია, მათი მწირი საიტიდან სხვა ვერაფერი გავიგეთ. მისამართზე ნიკოლაძის ქ. N6–ზე მითითებული ტელეფონის ნომერი არ მუშაობს. კომპანიის საიტზე კატეგორიების გრაფაში კი მითითებულია: არქიტექტურული კომპანიები, ბეტონი–ვაჭრობა, წარმოება, გზები–პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაცია.
რით ახორციელებს ”ბლექსიგრუპი“ ყველა ამ სამუშაოს ცოტა გაუგებარია, რადგან კომპანიას ინტენეტში ყველა პროფესიაზე ვაკანსიები აქვს გამოცხადებული და ამასთან, საგზაო სამშენებლო ტექნიკასაც ინტერნეტში ეძებს. მოკლედ, როგორც გავიგეთ, აღნიშნულ კომპანიას შესყიდვების მენეჯერის მათე ოქროპირიძის გარდა, სხვა არავინ ჰყავს, რომლის ტელეფონის ნომერი საკონტაქტო პირის გრაფაშია მითითებული.
ოქროპირიძის მეშვეობით შევეცადეთ რაღაც ინფორმაცია მიგვეღო კომპანიის შესახებ და მითითებულ ნომერზე დავრეკეთ. თავდაპირველად იმით დავინტერესდით, ”ბლექსიგრუპი“ ახორციელებდა თუ არა თბილისში გზების სარემონტო სამუშაოებს.
– ”ჩვენ არა მხოლოდ თბილისში, მთელს საქართველოში ვახორციელებთ გზების სარეაბილიტაციო სამუაოებს“, – ცოტა არ იყოს, ნაწყენი კილოთ შეგვისწორა ოქროპირიძემ.
მას შემდეგ, რაც კითხვა კიდევ უფრო გავართულეთ და დავინტერესდით, ვინ იყო კომპანიის ხელმძღვანელი, ოქროპირიძეს, როგორც ჩანს, ავმა წინათგრძნობამ უკარნახა, რომ ენაზე კბილი დაეჭირა და კითხვა შემოგვიბრუნა – ”რაში გაინტერესებთ?“
ამის შემდეგ კითხვა კიდევ უფრო გავართულეთ და დავინტერესდით, როგორ მოიგო ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა კომპანიამ ტენდერი, მაგრამ ოქროპირიძემ მოკლედ მოგვიჭრა ”სხვაგან მოხვდით“–ო და ტელეფონი გაგვითიშა.
ახლა, მიხეილ სააკაშვილმა თავად გაარკვიოს რა დამსახურებისთვის გადაუხადეს ”ბლექსიგრუპს“ მილიონნახევარი ლარი წინასწარ და აქვს თუ არა საერთო ამ კომპანიას ”ატკატების“ თემასთან. ჩვენის მხრიდან კი, პრეზიდენტს მეგზევეების მიერ გამხელილ კიდევ ერთ პატარა ეშმაკობას გავანდობთ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება თუ იმის გარკვევას არ შეეცდება, როგორ ტყდება გზებზე ფული, ის მაინც აღიარონ, რომ ქართველები გენიოსები ვართ.
ჩვენი რესპოდენტი გზების მშენებლობებზე დიდი ხანია მუშაობს და როგორც იქნა დავიყოლიეთ, რომ ჩვენთვის გზებში ფულის ”მოტეხვის“ ყველაზე მარტივი სქემა ”გაეშიფრა“. მოკლედ, მისი დახატული სქემა შემდეგში მდგომარეობს:
– ”ადრე გზებზე მუშები ლაფათქებით და სხვა მარტივი იარაღებით მუშაობდნენ და ეს იძლეოდა საშუალებას, რომ გზის საფარი რამდენიც გინდოდა იმდენი სანტიმეტრი გაგეკეთებინა. ზოგ ადგილას გზის საფარის სისქეს ამოწმებდნენ, მაგრამ ზოგან არა. ეს ფულის ”მოტეხვის“ საუკეთესო საშუალება იყო. თუმცა, შემდეგ, ასფალტის დასაგები სპეციალური ტექნიკა ჩამოიტანეს, რომელიც თავად საზღვრავს რა სისქეზე უნდა იყოს ასფალტი დაგებული. თუ გზაზე ასფალტის თხელი ფენა იქნება დაყრილი, მანქანა მას ვერ დატკეპნის. ამიტომ, მანქანის ბორბლებს ოდნავ უშვებენ, რომ კატოკი დაბლა დაიწიოს. ასე რომ, ასფალტის სისქე ვთქვათ, თუ 10 სმ უნდა იყოს, 7–6 სმ–მდე ამცირებენ. ესაა და ეს“.
როგორც არ ვეცადეთ, მეგზევეს უფრო კონკრეტული ვერაფერი დავაცდევინეთ, მაგრამ ერთი რამ კიდევ გაგვიმხილა: ”ფულის მოტეხვა სხვადასხვა ხერხით შიძლება, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ გზების დიდი ნაწილი დავიწროებულია. ამას ქალაქის ცენტრებში ვერ ბედავენ, მაგრამ თუ გარეუბნებში მეორად გზებს დააკვირდებით, ამას შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ“.
მოკლედ, ვერ დავიჩემებთ, რომ რაც მოვისმინეთ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და გზების მშენებლობებში რომ ფულის ”მოტეხვა“ შეიძლება, საეჭვოა, ეს მხოლოდ ბორია სარალიძის მოგონილი იყოს. დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც რომ კორუფციისა და ქრთამის აღების ფაქტები უცხო არაა, ამის ნიშანია სოსო თოფურიძის აქტიურობაც.
[როზი ჯღამაია. presa.ge]
ზვიად ძიძიგური: ვლადიმერ ვახანიას საქმე ძალიან ცუდადაა შეკერილი [video]
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბატონ ვლადიმერს 4 წლით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა.
არანაკლებ ცივსისხლიანი აღმოჩდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, რომლებმაც პროცსზე ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ჯანმრთელობის მძიმე მგომარეობით დარბაზში მყოფ ვახანიას, ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად სასმელი წყალი არ მიაწოდეს. ამ ფაქტს განსასჯელის დის ნანი ვახანიას პროტესტი მოჰყვა, ის წყობიდან გამოსული სასამართლოს თავმჯდომარე სამივე მოსამართლეს მისი ძმის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. სირაძემ, იმერკლიშვილმა და კაპანაძემ კი მისი სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ნანი ვახანია მანდატურებმა ძალის გამოყნებით დარბაზიდან გაიყვანეს. ინციდენტი `კონსერვატიული~ პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და ზვიად ძიძიგურმაც გააპროტესტეს, მხოლოდ მათი და ადვოკატების ჩარევის შემდეგ მოხდა ვლადიმერ ვახანიას სასმელი წყლით მოსულიერება.
ნანი ვახანია: "მე ვითხოვდი მხოლოდ ერთს ჩემი ძმისთვის მიეცათ წყალი, რადგან ის ძალიან ცუდადაა. ჩემი პროტესტის შემდეგ წყალი დაალევინეს. თუ შესაძლებელი იყო მანმადე რატომ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა?! ძალიან ძნელია ადამიანმა ეს ყველაფერი მოითმინოს. მაქვს საფუძვიანი ეჭვი, რომ ვლადიმერის მოწამლვა გრძელდება. დაახლოებით ერთი კვირის წინ შევხვდი მას და თავს შედარებით კარგად გრძნობდა, დღეს კი ფერდაკარგული და ბევრად გამხდარია. ეს ჩემთვის მტკივნეულია~.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს პროკურორი დიმიტრი ხვიტია და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას პირველი მოადგილე მამუკა ბალიაშვილი წარმოადგენდნენ. დარბაზში ბალიაშვილის გამოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქმე კვლავ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას პირად კონტროზლზეა.
განხილვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელთან ვერანაირ შეთანხმება ვერ მიაღწია. ადვოკატ ლალი აფციაურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გათავისუფლებით შეცვილს თაობაზე მოსამართლეებმა და პროკურორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, მათ არად ჩააგდეს გუკლის იშემიური სენით დაავადებული და უეცარი სიკვდილის მაღალი რისკის მქონე აკადემიკოსის მძიმე მდგომარეობა, და პროცესი 25 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადეს.
ლალი აფციაური: "დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მტკიცებულების სახით მოგვეცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის გახლავთ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი. რაც შეეხება დაკავებულის მოწამლვის ფაქტებს, ჩვენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არ მოგვეცა ციხეში ექპერტების შეყვანის საშუალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯიუტად გვეუბნებოდა უარს ვახანიას გამოკვლევაზე. საქმეში ჩავრიეთ ევროპული სასამართლო, მათ 39 მუხლის რეგლამენტის მიხედვით სახელმწიფოს დაავალეს შეეშვათ სამედიცინო ექსპერტები პატიმართან. ნაწილობრივ დადასტურდა, რომ ვახანიას წამლავდნენ.
გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკვე წარვუდგინეთ ქუთაისის სასამართლოს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება".
ლილი გელაშვილი: "დღეს იყო მოსამზადებელი სხდომა. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ არ ვართ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადასული. 25 დეკემბერს კვლავ გაგრძელდება შუამდგომლობების დაყენება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება~.
პროცესზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ზვიად ძიძიგურმა კახა კუკავამ და "კონსერვატიული" პარტიის სხვა წევრებმა მოძრაობა `მთლიანი საქართველოს" მომხრეებთან ერთად სასამართლოს შენობსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციაც გამართეს.
ზვიად ძიძიგური: "ეს პროცესი იყო უსამართლობის ზეიმი. პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ბატონი ვახანია აუცილებლად გამართლდება, რადგან როლანდ ახალიას მიერ ეს საქმე ძალიან ცუდად გახლავთ "შეკერილი". გაყალბებულია მოწმეთა ხელმოწერები, ვახანიასთვის "ჩაგდებულია" იარაღი გვხვდება ბევრი არაკვალიფიციურად შექმნილი მტკიცებულება.
ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დარწმუნებული ვართ, რომ ისისნი სიმართლეს იტყვიან საქართველოში არსებული მართლმსაჯულების შესახებ.
საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. ეს პოლიტიკური პროცესია, და საქართველოში არსებული რეპრესიების ბრწყინვალე მაგალითი. მოვუწოდებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას დაცვის საქმეში".
კახა კუკავა: "ეს არის იშვიათი საქმე, აკადემიკოს ვახანიას ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ტარება – ასეთივე ბრალდება ხელისუფლების უამრავ პოლიტიკურ ოპონენტს აქვს წაყენებული. ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ დაცვის მხარეს აქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ზუგდიდის პროკურატურა აღმოჩნდა ისეთივე უნიჭო მტკიცებულებების განადგურებაში როგორც მათ შექმნაში. როდესაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს დააზიანეს ვახანიას სახლში არსებული დაცვის კამერები, ვერ წაშალეს ის კადრები, რომელიც იქ არსებულ რეალურ სიტუაციას ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩხრეკა ჩაატარა 100 მდე ფორმიანმა სპეცრაზმელმა და არა 5-მა გამომძიებელმა, როგორც ამას როლანდ ახალაიას პროკურატურა ამტკიცებს. დღეს ადვოკატებმა სწორედ ეს ჩანაწერი წარადგინეს პროცესზე.
მომდევნო განხილვას ჩვენი თხოვნით დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვახანიას საქმე შეიძენს საერთაშორისო რეზონანსს. ვიმეორებ, რომ არსებობს უნიკალური ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იარაღის "ჩადებას" და ნორმალური სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს ვლადიმერ ვახანიას გამამართლებელი გადაწყვეტილება".
პროცესის დასრულების შემდეგ "ასავალ დასავალმა" ვლადიმერ ვახანიასთვის რამოდენიმე კითხვის დასმა მოახერხა.
–ბატონო ვლადიმერ რას იტყვით დღევანდელ პროცესზე?
–ძნელია რამის თქმა.
–როგორ ფიქრობთ გაგამართლებენ?
–ვნახოთ, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველაფერი.
მხრების აჩეჩვით გვიპასუხა ფერდაკარგულმა აკადემიკოსმა და მიუხედავად დიდი სურვილისა ჩვენთან საუბარი გაეგრძელებინა ბადრაგის კატეგორიულ მოთხოვნას დაემორჩილა...
მარინა სალუქვაძე სენსაციურ თემებზე ალაპარაკდა!
მაშ ასე, “ქართული სიტყვა” და საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსი” ერთობლივ პროექტს წარმოგიდგენთ.
...პირველი სტუმრის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. მარინა სალუქვაძეს ყურადღება არც ადრე აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს ჰკითხა, სალუქვაძესთან სექსზე გიოცნებია თუ არაო, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის “ტაბუ”-ს ყოფილი წამყვანი და ამჟამად საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსის” მთავარი რედაქტორის, ანუ ჩემი მოადგილე... ისე, არსებობს მოკრძალებული მოსაზრება, რომ სექსი რაღაცით პოლიტიკას ჰგავს და, პირიქით. ეს, ერთი შეხედვით, უტოპია, შესაძლოა, რეალობად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მარინა სალუქვაძე მალე ახალ სკანდალში გაეხვას.
ყველაფერი კი ძალიან მარტივადაა: მარინას და, ქალბატონი მანანა ნინო ბურჯანაძის პარტიის სახეა. მარინა კი, სპიკერყოფილის და, საერთოდ, მისი პარტიის მიმართ, რბილად რომ ვთქვა, არაკეთილადაა განწყობილი.
რატომ არ მოსწონს ღვიძლი დის პოლიტლიდერი, რას სთავაზობდა კონსტანტინე გამსახურდია და რატომ აუგორა სკანდალი “ტელეიმედმა” საკუთარი მფლობელის ცოლს?
თქვენს წინაშეა მარინა სალუქვაძის სიმართლის დრო!
- მარინა, როგორ ხარ?
- არაჩვეულებრივად!
- არ მჯერა...
- დღეს ვინმე არაჩვეულებრიდავ რომ იყოს, დაუჯერებელია, არა?
- არც უმაგისობაა, მაგრამ არაჩვეულებრივად იმიტომ ხარ, რომ შენზე სექს-ტენდერია გამოცხადებული?
- (სერიოზულად) არა, მაგიტომ არა! სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღება არასოდეს მაკლდა, თუმცა ახლა საზოგადოებას ახალი თემა მიეცა... ისე, მაგ თემამ “ჩაიარა” და აღარც მაინტერსებს...
- შეიძლება, შენთვის ჩაიარა, მაგრამ ხომ იცი, მედალს ორი მხარე აქვს და ჰოდა, აბა, შალვა რამიშვილს ჰკითხე, რომელსაც “ცხოვრება დაუნგრიე”...
- მე დავუნგრიე ცხოვრება?
- აბა, მე? ადამიანი ციხიდან გამოვიდა, სამსახური იშოვა და... შენ კი უჩივლე...
- არ მიჩივლია. უბრალოდ, ვთქვი, შემიძლია, ვუჩივლო-მეთქი...
- ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ მარინა სალუქვაძე შალვა რამიშვილს “შეაშინებდა”...
- ნამდვილად არ ვიცი, ჩემი რამიშვილს შეეშინდა, “იმედს”, “თიბისი ტვ”-ს თუ ყველას ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შალვას გაშვებასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება შიგნით მიიღეს და მე, ალბათ, ერთ-ერთი საბაბი ვიყავი.
- ანუ, იზიარებ კულუარებში გავრცელებულ ხმას, რომ შალვა რამიშვილის “იმედზე” გამოჩენამ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ერთობ გააღიზიანა. ალბათ, ისიც გსმენია, რომ ნაპატიმრალი რამიშვილის ტელერეამინება გიორგი არველაძემ, თურმე, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა...
- არ მინდა, კულუარებში შევიხედო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ვანო, ჟურნალისტები ვართ და ჭორები მეც გამიგია...
- მარინა, ეს ინტერვიუ, როგორც შევთანხმდით, შენი “სიმართლის დროა”. ამიტომ პირდაპირ გკითხავ: მშვენიერი ქალი ხარ და რა გასაკვირია, შენს შემხედვარე მამრს სექსი რომ მოუნდეს? მსახიობ ია სუხიტაშვილის თქმისა არ იყოს, მაშინ უნდა გაბრაზებულიყავი, შენს დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს...
- შეიძლება, სუხიტაშვილს ესიამოვნოს, მის დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს, მაგრამ ჩემი სექს-სიმბოლოსთან ასოცირება, ჯერ ერთი, ღიმილისმომგვრელია. მეორეც, ამან ჩემს მშობლებში, მეუღლესა და ქალიშვილში სერიოზული აგრესია გამოიწვია.
- ესე იგი, შინ დაგტუქსეს, სექს-იმიჯი რატომ გაქვსო?
- ვანო, ასეთი ცინიკური ნუ ხარ...
- მე და ცინიზმი? კარგი, რა, მარინა?!..
- ამ გადაცემის ანონსი ეთერში პირველად რომ გავიდა, მამაჩემმა გაოცებულმა დამირეკა, მერე, ჩემი ქმარი გახდა “დასაბმელი” და როცა ჩემი შვილიც მოწყენილი დავინახე, უკვე აღარ მესიამოვნა. ისე, ეს კითხვა მხოლოდ გადაცემაში რომ ყოფილიყო დასმული, არავის არაფერი დაამახსოვრდებოდა, რადგან გადაცემას მაინცდამაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა, მაგრამ ეს კითხვა, ანონსის სახით, ეთერში მთელი კვირა ტრიალებდა, რასაც ინტერნეტში გვერდის გახსნა მოჰყვა და, შენი თქმისა არ იყოს, მართლა ტენდერი გამოაცხადეს. მე რომ, მაგალითად, “ფლეიბოის” ფოტო-სესიებში მიმეღო მონაწილეობა, რაც ახლა, სხვათა შორის, დაფასებულია, მაშინ...
- მარინა, შენ რომ “ფლეიბოისთვის” გეპოზიორა, დღეს, მინიმუმ, კულტურის სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის შეფი იქნებოდი...
- არ მგონია, რომ ამ ქალბატონის კარიერა მხოლოდ და მხოლოდ “ფლეიბოიმ” განაპირობა, მით უმეტეს, ნინას მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს...
- ნინა ვინ არის? მარინა, მე არც ნინა მიხსენებია და არც - ქსენია...
- (იცინის) ნუ, მე უფრო პირდაპირი აღმოვჩნდი... საერთოდ, პირდაპირობა მჩვევია...
- ჰოდა, ახლა პირდაპირ გკითხავ: რამიშვილს ზემოხსენებული კითხვა რომელიმე სუპერ-კაცისთვის, მაგალითად, ბრედ ბიტისთვის რომ დაესვა, მაშინაც გაბრაზდებოდი?
- იგივე რეაქცია მექნებოდა...
- ისე, ხმა დადის, მესხს, თურმე, აიძულეს, რომ ამ კითხვაზე ეპასუხა და დაპირდნენ, ფულს მოგაგებინებთო...
- ამას მიშა მესხი, თურმე, აღიარებს... სიმართლე რომ გითხრა, სადმე მიშა მესხს რომ შევხვდე, სიცილით მოვკვდები.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბიჭმა თავისი ეროტიული ზმანებები სააშკარაოზე გამოიტანა...
- საერთოდ, შენზე ჭორები უხვადააა... თურმე, ერთი პოლიტიკოსიც “გეფარცქვალებოდა”...
- (გულიანად იცინის)
- ეს ისტორია საჯაროდ რომ მოვყვე, გეწყინება?
- რაც გინდა, მოყევი, დასამალი რა არის...
- მოკლედ, ახლა მიამბე, კონსტანტინე გამსახურდია როგორ “გაბავდა”...
- ეს “შებმა” არ იყო.
- აბა, რა იყო?
- მე და ბატონი კონსტანტინე ერთმანეთს ბატონიშვილის ქორწილში შევხვდით და მითხრა, მე თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და აუცილებლად დაგირეკავთო. მეორე თუ მესამე დღეს აფთიაქში ვიყავი, ტელეფონმა დარეკა და მამაკაცმა მითხრა, კოკო ვარო. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი მეგობარი, კოკო კაპანაძე მირეკავდა და ვთხოვე, კოკო, ახლა რაღაცას ვყიდულობ და ცოტა ხანში დამირეკე-მეთქი... რამდენიმე წუთში, უკვე მანქანაში ვიჯექი, ტელეფონმა ისევ დარეკა და მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი კი არა, სხვა კოკო იყო. მოკლედ, კოკომ მკითხა, ქორწილში დიდხანს დარჩითო? მივუგე, - დიახ, ბატონო კონსტანტინე, ვიყავით მე და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად, მერე, იქიდან ბარში წავედით-მეთქი. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ყურმილში ბატონი კონსტანტინეს განხიბლული ხმა გაისმა, - ააა, ქმარი გყავთ?!
- რა ამის პასუხია და, გაპოლიტიკოსების სურვილი არასოდეს გქონია? აი, თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა “მზე” დაბნელდა და “ტაბუ” დაიხურა? სხვათა შორის, ახლა მოდურია: ჟურნალისტები პოლიტიკაში ბითუმად მიდიან. ყოველ შემთხვევაში, ინგა გრიგოლია, თურმე, ჩუღურეთში იყრის კენჭს, ლიკა ნაღებაშვილიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას...
- დიდებული ამბავია, ინგას სიამოვნებით დავუჭერ მხარს...
- შენც იყარე კენჭი, მით უმეტეს, შენი და პოლიტიკოსია...
- ჩემმა დამ არჩევანი თვითონ გააკეთა, მე კი აპოლიტიკური ადამიანი ვარ!
- შეიძლება, მაგრამ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყრილობაზე, მახსოვს, იყავი...
- ყრილობაზე ჩემი დის საყურებალდ ვიყავი. სხვათა შორის, მთხოვა, რომ ყრილობისთვის მაკიაჟი გამეკეთებინა... ასე, საყურებლად ადამიანი სპექტაკლზეც დადის...
- ესე იგი, ბურჯანაძის პარტიას სპექტაკლად თვლი?
- რასაკვირველია!
- ასე რატომ ფიქრობ?
- ის ადამიანი, ვისაც არ ეცვლება გამომეტყველება, ჩაცმულობა, სამკაული და ისე აძაგებს იმ ადამიანს, რომელსაც ადრე იგივე ჩაცმულობით, გამომეტყველებითა და სამკაულით აქებდა, ჩემი პატივისცემის ღირსი არ არის?!
- შენ და შენი და ერთად ცხოვრობთ?
- არა. ერთად ზაფხულობით, წყნეთში, აგარაკზე ვართ ხოლმე.
- აგარაკი ვისი საკუთრებაა?
- ბაბუამ შთამომავლობით დაგვიტოვა.
- მაინც, ფრთხილად იყავი, რადგან პარტიული ბოსის, რბილად რომ ვთქვა, გაკრიტიკების გამო, შენმა დამ შესაძლოა, ამ აგარაკზე მისვლის ნება აღარ მოგცეს.
- ჩემმა დამ არაჩვეულებრიდავ იცის, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ ვცემ!
- ამის გამო გიჩხუბიათ?
- კი, გვიკამათია. საერთოდ, ჩემი დის არჩევანი არასოდეს მომწონდა.
- ვთქვათ, შენმა დამ, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახემ, ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრა დააპირა. მის წინააღმდეფ გამოხვალ?
- ვანო, ხომ იცი, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ.
- ეს გავიგე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: შენ დას, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახეს, გაუწევ აგიტაციას?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ძალიან მიყვარს, მან ეს არჩევანი დამოუკიდებლად მიიღო და ამ პოლიტიკური, ასევ ვთქვათ, ამბის გარდა, გვერდზე ყოველთვის დავუდგები! მოკლედ, ბურჯანაძე ჩემთვის იდეალს არ წარმოადგენს, ანუ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომლის პიარ-კამპანიაშიც ჩავერთვები, თუმცა ცალკეულ პოლიტიკოსებს შემიძლია, მეგობრული რჩევა მივცე, როგორ ჩაიცვას და როგორ მოიქცეს...
- მარინა, შენი და ჩემი მეგობარი, ლალი მოროშკინა ახალ ბეტსელერს წერს - “რევოლუციით განქორწინებულნი”. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დები სალუქვაძეების “განქორწინებაც” შეიძლება მოხდეს?
- სხვადასხვა პოლიტიკური პოზიცია ერთმანეთის დაკარგავს არ ნიშნავს. სხვათა შორის, ქალბატონ ბურჯანაძეს ერთადერთხელ, ორი წლის წინ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე შევხვდი. იმხანად ქალბატონი ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მე კონცერტი მიმყავდა და სცენაზე რომ ამოვიდა, ხელი ჩამომართვა...
- შენი და რას ამბობს?
- ის თვლის, რომ მისი არჩევანი სწორია...
- რამდენიმე თვის წინ, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიაზე ფარული ვიდეო-ჩანაწერები გავრცელდა, არ შეგეშინდა, რომ ძალოვანებს შეიძლება, თქვენი სახლიც გაეჩხრიკათ?
- ამაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა როცა ეს კადრები ვნახე, არ მესიამოვნა. ისე, ჟურნალისტი ვარ და გადასარევად ვიცი, აგიტაციური მანქანა როგორც მოქმედებს... 6 მაისს, პაატა ბურჭულაძემ კონცერტზე დამპატიჟა. ამასობაში, ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა და ტირილით მითხრა, ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ხალხს ესვრიან და მანჩო, ანუ ჩემი და ტელეფონზე არ მპასუხობსო. არ მახსოვს, ოპერიდან როგორ გამოვიქეცი, რადგან არ ვიცოდი, ჩემს დას რა სჭირდა და საოცარი შიში დამეუფლა...
- მარინა, ოჯახის სხვა წევრები შენს პოზიციაზე არიან თუ შენი დის?
- ოჯახი აბსოლუტურად ნეიტრალურია. ჩემი და 47 წლისაა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. საკმაოდ პრინციპული ადმაიანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ვგრძნობ, ხვდება, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა.
- ეს კითხვა არ დაგისვამს?
- ამ თემაზე უკვე იმდენჯერ ვიკამათეთ, თან ვგრძნობ, რომ გაღიზიანებულია და ვცდილობ, ამ საკითხზე აღარ ვისაუბრო. სხვათა შორის, ვანო, ახლა გამახსენდა, რომ ბურჯანაძის ყრილობაზე შენც იყავი...
- კი, ბატონო, ვიყავი... მარინა, ალბათ, გრძნობ, რომ ამ ინტრევიუს გამო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვევი...
- არანაირი სკანდალის არ მეშინია, რადგან არ ვთამაშობ და რასაც ვამბობ, ჩემი პოზიციაა, ანუ ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს სიმპათიას უფრო ხელისუფლება იმსახურებს, ვიდრე - ოპოზიცია.
- არ გირჩევია, იყო არაგულწრფელი და, სამაგიეროდ, გქონდეს კარგი სამსახური და უზრუნველი ცხოვრება?
- არ მირჩევია, რადგან თამაში სცენაზეა კარგი! მე კი თამაში არაფერში მჭირდება!
- ესე იგი, მარინა, შენთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს, არა?
- დიახ.
- მაშინ გკითხავ: “რაკიინის” გენდირექტორის მოადგილე შენი ქმარია. "იმედის” 90 პროცენტს სწორედ “რაკიინი” ფლობს, ანუ საკუთარი ქმრის ტელევიზიამ “აგიგორა” სკანდალი. სად არის ლოგიკა? ოპოზიცია ამტკიცებს, ტელევიზიებზე ხელისუფლების დიქტატიაო და ამაზე მეტი დემოკრატია რაღაა?
- დარწმუნებული ვარ, არც შალვა რამიშვილმა, არც პროდიუსერმა და არც ფსიქოლოგებმა არ იცოდნენ, რომ დათო ჩემი მეუღლეა. ისე, ორი წლის წინ ჭორი გავრცელდა, რომ მე და დათო ერთმანეთს დავშორდით და იმდენი ილაპარაკეს, სანამ ჩვენს შორის სერიოზული უსიამოვნება არ დაიწყო...
- ბოლოს და ბოლოს, ქმარს გაცილდი თუ არა?
- (იცინის) ჯერ არა...
- აპირებ?
- არ ვიცი, ხვალ და ზეგ რას გავაკეთებ. ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შემიძლია - გარეგნობის, სამსახურის, ქმრის, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი! მოკლედ, არ ვიცი, მომავალში რას გავაკეთებ!
- შარშან, ომის დროს, მახსოვს, ქმარზე ძალიან გაბრაზებული იყავი...
- კი, მართალია და ეს გაბრაზება გამომყვა... სიმართლე რომ ვთქვა, ამ ეტაპზე სხვა პრობლემებით ვარ დაკავებული და ახალი სიყვარულისთვის არ მცალია.
- რა ვიცი, რამდენიმე დღის წინ მითხარი, იანვარში ჩემზე რამე სკანდალურს გაიგებო...
- შეიძლება, გაიგო, შეიძლება - არა. საერთოდ, არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს და პარტისტორიასაც ამიტომ ვერ ვიტანდი, რომ ხუთი და ათი წლის გეგმები არსებობდა...
- როცა დათომ ეს კითხვა მოისმინა, არ იყვირა, ამ “სიმართლის დროს” ახლავე დავხურავო?
- ეს არ უთქვამს, მაგრამ შინ ყველაფერი დაამტვრია. მერე კი კი ლევან ყუბანეიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ ანონსი ამოეღოთ. ლევანმა ანონსი მაშინვე გადააკეთა... სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ანონსი ლამის ათი დღის მანძილზე ტრიალებდა, “იმედის” დირექტორს, ოთარ ბუბაშვილს შევხვდი, რომელმაც შემომთავაზა, რომ “იმედზე” პროექტი გამეკეთებინა. გამეღიმა, რადგან “იმედზე” მუშაობა ნამდვილად არ მინდა!
საერთოდ, არ შეიძლება, ხალხი გააწბილო და აიყოლიო მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ხალხი ფარა არ არის. მე ის ხალხი მომწონს, ვინც ყალბი არ არის. აი, წეღან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუზე ვსაუბრობდით. ჩემი აზრით, ნანუკა ყალბი არ არის და ამიტომ, მისი გადაცემა უფრო მომწონს და ბევრად უფრო მართალია, ვიდრე - ჩემი გადაცემა “ტაბუ” იყო, ანუ ვაღიარებ, რომ “ტაბუში” დაძაბული ვიყავი...
ყველაზე სამწუხარო კი, იცი, რა არის? ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც მთავარი ფული და სექსია, სხვა ღირებულებები კი მეორე და მესამე პლანზეა. ტელევიზიის საქმე ცუდად მაშინ წავიდა, როცა აქცენტი მხოლოდ სექსა და ფულზე აიღო. მე ასეთ საზოგადოებაში თავს ცუდად ვგრძნობ!
- აბა, როგორი საზოგადოება გინდა?
- ბევრად უფრო ლმობიერი და კეთილი, თუმცა ვიცი, ეს უტოპიაა!
- შენ ხარ ლმობიერი? მაგალითად, შენი და იმისთვის, რომ ბურჯანაძის სახეა, ხომ შეგიძლია, არ გააკრიტიკო?
- როდემდე უნდა მოვითმინო?
- ისე, რატომ გადაწყვიტე, რომ ყველაფერი ეს საჯაროდ გეთქვა?
- იმიტომ, რომ შენ მკითხე... ვანო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და საჭიროდ ჩავთვალე, მელაპარაკა.
- ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, შენი და ხომ ცუდ განწყობაზე დადგება?
- ჩემმა დამ ჩემი პოზიცია იცის და რასაც მე ვაკეთებ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაბიჯია...
- შენს დას “ტაბუ” საჯაროდ რომ გაეკრიტიკებინა, გესიამოვნებოდა?
- “ტაბუ” ჩემი პროფესიული ქმნილება იყო, პოლიტიკა კი ჩემი დის პროფესია არ არის.
- რატომ წავიდა მანანა პოლიტიკაში? მოგების იმედი ჰქონდა?
- ვერ გეტყვი... ქალბატონი ბურჯანაძისგან ხელფასი არ მიუღია და მატერიალურ კომპენსაციაზე ლაპარაკიც არ არის... შეიძლება, პირადი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ჩემი დის არჩევანი არ მომწონს და ხომ შეიძლება, ჩემი აზრი მქონდეს?!
- ცხადია, შეიძლება...
ვინ დგას სააკაშვილის უკან და რატომ ებრძვიან პატრიარქს?!
ზუგდიდში სააკაშვილის თვალწინ ჟურნალისტები ცემეს
შოთა უტიაშვილის თანდასწრებით პოლიციის უფროსმა შეურაცყოფა მომაყენა
დღეს, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ზუგდიდში იმყოფებოდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.
მაკკეინთან ერთად, ზუგდიდში ჩამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კერძოდ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.
როდესაც მაკკეინი სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეხვედრაზე შევიდა ზემოთხსენებული პოლიტიკოსები, რომლებიც სენატორს ახლდნენ გარეთ დარჩნენ. მათ შორის იყო შოთა უტიაშვილი, რომელსაც ნანა ფაჯავას, კახა მიქაიას, დათო სორდიას, საშკა მოლაშხიას, ალიკა გეთიას და თქვენი მონა მორჩილის უკანონო დაპატიმრებაზე ინფორმაცია მოკლედ მივაწოდე, განვუმარტე როგორ დამესხნენ თავს შსს თანამშრომლები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ვიზიტისას, როგორ მცემეს და როგორ წამართვეს აუდიო და ვიდეო აპარატურა, აგრეთვე ვუამბე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფრსის თენგის გუნავას მისი მოადგილის მეგის ქარდავას, საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელის ალიკა ბელქანიას და ზუგდიდის გამგებელის ალექსანდრე ქობალიას მიერ ჩვნს მიმართ განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე. უტიაშვილმა ყურადღებით მომისმინა და ამ ფაქტებზე რეაგირების მოხდენას შემპირდა. მითხრა, განცხადება დაწერე ჩემს სახელზე და ყველაფერს გამოვიძიებთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო.
საუბარს ვასრულებდით, როდესაც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა მოგვიახლოვდნენ. შოთა უტიაშვილს მიმართეს და უთხრეს „ამას რას ელაპარაკებით არანორმალურია“–ო, მეგის ქარდავამ უტიაშვილის გასაგონად ექიმთან მისვლა ირონიული ტონით მირჩია, (მე პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე, რადგან უმალ "პროვოკატორად" შემრაცხავდნენ თან, მათგან განსხვავებით ზრდილობა გამაჩნია) გუნავამ იქვე მდგომ რიგით პოლიციელს დაუძახა და ჩემი იქიდან გაყვანა უბრძანა...
აღსანიშნავია, რომ ბატონი შოთა ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა და დაბნეულობისგან ხმას ვერ იღებდა. ახლა ხომ გჯერათ ბატონო უტიაშვილო რა დღეში ვყავართ ამ ნაძირალა ჩინოვნიკებს. თქვენს გასაგონად გამლანძღეს და ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიშვებიან როდესაც ჩვენს პირისპირ მარტო აღმოჩდებიან?!. მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი ასე უხეშად შეგვაწყვეტინეს და რას უზამენ იმ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით?!.
საგულისხმოა, რომ ჩემი შეურაცყოფის ფაქტს გიგა ბოკეტიაც შეესწრო, მეტიც გუნავას ჰკითხა რა დააშავა ასეთი ამ ჟურნალისტმა მისი გაძევების გადაწყვეტილება, რომ მიიღეთო.
მოკლედ, ზუგდიდელი ჩინოვნიკები ჟურნალისტების უფლებებს მაშინაც არღვევენ, როდესაც ქალაქს ავტორიტეტული ფიგურები სტუმრობენ.
აქვე გეტყვით, რომ დღეს სააკაშვილის რეზიდენციასთან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუსალეს „რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს, ისევ პილიციელებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ემა გოგოხიამ მომხადი ადგილზევე გააპროტესტა, თუმცა ეს ინციდენტი ბუნებრივია არასდროს გახმაურდება...
[ილია ჩაჩიბაია]