ლიდერი, რომელიც ვერ გახდა ლიდერი

ირაკლი ალასანიას გამარჯვებაში სამი ფაქტორი უშლის ხელს: ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, ოპოზიციის სხვა ლიდერების ამბიციები და საკუთარი პოლიტიკური სისუსტე.

ჩუღურეთში, ლონდონის სკვერში მერობის კანდიდატთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას 40-მდე თბილისელი ელოდებოდა. ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია, რომ ალიანსის ლიდერი უკვე მოვიდა და შეხვედრაც დაწყებულია. ისინი ერთმანეთთან საუბარში გაერთენ, ღორის გრიპსა და ალასანიას შესახებ "რეალ ტვ"-ის ეთერში გასულ სიუჟეტებზე მსჯელობდნენ.

პირველი კითხვა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატს ჩუღურეთში დაუსვეს, აფხაზეთს ეხებოდა. კითხვის ავტორმა ირაკლი ალასანიას უთხრა: "როცა თქვენ გხედავთ, აფხაზეთი მახსენდება და არა თბილისი".

რას აპირებს თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში; როგორ ხედავს რუსეთთან ურთიერთობას; რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას; რატომ იდგა იგი აპრილში ნინო ბურჯანაძის გვერდით; ხომ არ აჯობებდა, რომ მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობდეს და არა ნიუ-იორკში - მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს ყველაზე ხშირად ამ კითხვებს უსვამდნენ.

მოქალაქეებმა ბეჯითი, დინჯი და ზრდილობიანი პასუხები მიიღეს. ალიანსის ლიდერი ყველა კითხვას ერთსა და იმავე, დაბალ ტონალობაში პასუხობდა ისე, რომ მისი ხმა მხოლოდ მათ ესმოდათ, ვინც ალასანიასთან ახლოს იდგა.

"შენ მაგაზე არ იდარდო, ამდენი ქარიზმა ამოვიდა ყელში, შვილო. ზუსტად შენნაირი გაწონასწორებული პრეზიდენტი გვინდა. შენი იმედი გვაქვს", - უთხრა ჩუღურეთში შეხვედრაზე ალასანიას ერთ-ერთმა ქალბატონმა.

დიდი შანსია, ეს არჩევნები ალასანიასთვის გადამწყვეტ გამოცდად იქცეს, რადგან მას ბევრად მეტი პოლიტიკური ამბიცია აქვს, ვიდრე თბილისის მერობაა. ამ ეტაპზე კი ალიანსის ლიდერი დაბრკოლებების დაძლევის პოტენციალს ვერ ავლენს.

ჩუღურეთის ბაღში მისულმა რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ ინფორმაცია მათ უბანში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მეზობლისგან შეიტყო, მეზობელმა მაღაზიის გამყიდველისგან, მან კი ალიანსის აგიტატორისგან, რომელიც ამავე უბანში ცხოვრობს.

სამი ნაციონალური ტელეარხი ინტენსიურად აშუქებს ალასანიას მთავარი კონკურენტის, ქალაქის მოქმედი მერის საარჩევნო კამპანიას, რომელიც ზაფხულიდან დაიწყო. ღორის გრიპის ეპიდემიის დამარცხება, ჟურნალ "ცისკრის" გამოცემის განახლება, მწერლებისთვის "მწერალთა კავშირის" შენობის დაბრუნება - ყველა პოპულარულ და მნიშვნელოვან საქმეს გიგი უგულავა პირადად კურირებს. ბოლო რამდენიმე თვეა, იგი მწვავე პოლიტიკურ დებატებში აღარ ერთვება, უგულავა არასოდეს საუბრობს კონკურენტებზე, მათ შორის - არც ალასანიაზე. ის ამომრჩევლისთვის მხოლოდ სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეებთან ასოცირდება. სახელისუფლებო კანდიდატის ხელშია ძლიერი ადმინისტრაციული მექანიზმები - მერია თითქმის ყოველდღე იწყებს ახალ პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც, მზრუნველი მერი თითქმის ყველა თბილისელის ოჯახში შედის. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი უფრთხილდება და მოხერხებულად ინარჩუნებს კიდეც იმ ელექტორალურ უპირატესობას, რომელიც საგაზაფხულო კრიზისის დაძლევის შემდეგ მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

თბილისელები ოპოზიციისგან ცალსახად ითხოვენ არჩევნებში მონაწილეობას. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, იაგო კაჭკაჭიშვილი ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 80%-მდე გამოკითხული მოქალაქე არასაპარლამენტო ოპოზიციას, ქუჩის აქციების ნაცვლად, არჩევნებში ბრძოლას ურჩევს. "ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდეს", - ამბობს იგი.

ამ ფონზე, ლევან გაჩეჩილაძის მოულოდნელი განცხადება, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და გაზაფხულიდან საპროტესტო აქციების მესამე ტალღას იწყებს, თითქოს დინების წინააღმდეგ ცურვას ჰგავს ან ამომრჩევლის დაბნევის მცდელობას. თბილისელების გახლეჩა ორ ნაწილად - ვინც არჩევნებზე მიდის, და ვინც ბოიკოტს აცხადებს - მნიშვნელოვნად შეამცირებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც კარგად ესმით, რომ გაჩეჩილაძის ინიციატივა წინასაარჩევნოდ არა მმართველ პარტიას, არამედ ალასანიას დააზიანებს. სწორედ ამიტომ ცენტრალურმა ტელეარხებმა გაჩეჩილაძის საგანგებო პრესკონფერენციას მთავარი საინფორმაციო გამოშვებების პირველი და ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს.

იმავე სიუჟეტში გაჩეჩილაძის გეგმას მხარდაჭერა ნინო ბურჯანაძემაც გამოუცხადა. "ლიბერალთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ხალხი ქუჩაში უკვე იანვრის ბოლოსთვის გამოვა.

"მერი ვერაფერს გააკეთებს. ცვლილებები სათავედან უნდა დაიწყოს", - აცხადებს ბურჯანაძე. "სათავედან" ცვლილება იყო 2009 წლის აპრილის საპროტესტო აქციების მთავარი ლოზუნგიც, როცა ბურჯანაძე ავანგარდში იდგა და, სწორედ ამ აქციების უშედეგოდ დასრულების გამო, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

ალიანსი საარჩევნო ბრძოლებში გამოწრთობილ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აგებს, და ვერც ოპოზიციას არწმუნებს, რომ მისი გამარჯვება საერთო გამარჯვება შეიძლებოდა გამხდარიყო.

"რა შესთავაზა ალასანიამ დანარჩენ ოპოზიციას? რეალურად - არაფერი. საერთო კანდიდატზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მან საკუთარი თავი სხვებთან შეუთანხმებლად დაასახელა - მერობის, სუბარი კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მას დანარჩენი ოპოზიციისთვის რაიმეს დათმობის გარეშე უნდა, გახდეს ერთიანი კანდიდატი. ალასანიას წესებით თამაშის შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა", - წერს "ლიბერალის" მე-14 ნომერში ლევან რამიშვილი "თავისუფლების ინსტიტუტიდან".

"ჩვენ არ ვებრძვით ოპოზიციას, ჩვენ ვიცით, ვის ვებრძოლოთ", - ამბობს სოზარ სუბარი. მაგრამ, ვიდრე საქმე ხელისუფლებასთან ბრძოლამდე მივა, ალიანსმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ირაკლი ალასანიას გუნდი დანარჩენ ოპოზიციასთან ან სერიოზულ კომპრომისზე უნდა წავიდეს (მაგალითად, დათმოს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა) ან მათთან მკაფიო გამიჯვნით ოპოზიციური ელექტორატი უნდა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლების დასუსტების ერთადერთი გზა არჩევნებში ალასანიას და სუბარის გამარჯვებაა. პირველი გზის არჩევაში ალიანსს საკუთარი ამბიციები შეუშლის ხელს, მეორე გზა კი ისეთ პოლიტიკურ გამბედაობას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელიც ალიანსს არ აქვს.

[სოფო ბუკია, "ლიბერალი"]

[ ... ]

ფეოდალი გოროზია მაზანდარას თხილნარში [video]

მას შემდეგ, რაც ლამის მთელი სამეგრელოს ლანდშაფტი „აითვისა“ იტალიური „ფერერო“ წალენჯიხასაც მიადგა. უცხოურმა კომპანიამ, რომელმაც საქართველოში თხილის გაშენებას მიჰყო ხელი, ამჯერად თვალი ზემო მაზანდარას დაადგა და მიწის მოზომვასაც შეუდგა.

სოფლის მოსახლეობაც სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა და შარაგზაზე გამოიყვანა. საპროტესტო აქციის გამართვა მაზანდარელებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან უცხოელ ინვესტორებზე მიწის ნაკვეთების მიყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ვერ მიიღეს. როგორც წალენჯიხაში ამბობენ, იტალიელებმა 76 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინეს.

ხელისუფლებასთან შუამავლის როლის შესრულება მაზანდარელებმა ოპოზიციას სთხოვეს. სოფელში ჩასული „დაიცავი საქართველოს“ წევრები მიწის გასხვისებას აქციის მონაწილეებთან ერთად აპროტესტებდნენ.

მაზანდარის მოსახლეობამ ხელისუფლებას სამი პირობა წაუყენა – თითოეულ კომლს დაწესებული ნორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთის 1 ჰექტარამდე შევსება; საძოვრების გამოყოფა; ხოლო მესამე პირობა სპეციალური აუქციონის ჩატარებას ეხება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს.

დეზდემონა შანავა: „ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ და დაგვპირდნენ, რომ სოფლის მიწები არ გაიყიდებოდა. ახლა მოვიდნენ, ნახეს ჩვენი ტერიტორიები... იტალიელები არიანო და მათ მიჰყიდეს ჩვენი მიწები. სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვცოდნოდა, აუქციონი ხომ უნდა ჩატარებულიყო. ჯერ ჩვენ არ ვართ დაკმაყოფილებული და უცხოელებს თხილის გასაშენებლად მისცეს? რაიონის ხელმძღვანელობამ რომ არ იცის ისე როგორ გაიყიდა?“

ფაციანა შანავა: „აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ხალხს უჭირს. მარტო მიწა გვაქვს და ესეც რომ წაგვართვან, მერე რაღა ვქნათ? ღორი ან ძროხა არ უნდა ოჯახს, თავი რით ვირჩინოთ? გაჭირვებული მდგომარეობა აქვს ხალხს. ადამიანი ავად რომ გახდეს, ექიმთან ვერ მიდის. 20–წლიანი უმუშევრობის შედეგი რა არის, არ იცის ჩვენმა მთავრობამ? ხელისუფლება წალენჯიხისკენ საერთოდ არ იხედება.“

ცენტრალურმა თუ არა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 29 დეკემბერს მაზანდარაში მართლაც „შეიხედა.“ თავსხმა წვიმაში შეკრებილ ადამიანებს „შეწუხების“ მიზეზი თავად გამგებელმა მამუკა ქარდავამ ჰკითხა, რომელიც „შემთხვევის ადგილზე“ საკრებულოს თავმჯდომარისა და პოლიციის უფროსის თანხლებით გამოცხადდა.

„შეწუხების“ მიზეზების ახსნა პირველი „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ „გაბედა“, რომელმაც უკანონობასა და უსამართლობაზე მიუთითა. შემდეგ კი ხალხი ისე გააქტიურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებაში ერთმანეთს ეცილებოდნენ.

„მიწებს გვიყიდიან, ბატონო, მიწებს!“ - ისე ამბობდა მაზანდარელი გლეხი, თითქოს გამგებელს პირველად ესმოდა. არადა, ქარდავამ თავიდანვე თავი მართლაც „გაისულელა“, მაგრამ შემდეგ უნებლიედ წამოცდა: „მე „ფერაროს“ არ შემოვუშვებ, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თქვენ მოემზადეთ, რომ ეს მიწები იყიდოთ“.

გამგებლის „მზადება“ მაზანდარელმა გლეხმა „სწორად“გაიგო – ალბათ იგულისხმა, იმის იმედი აქვს მთავრობას, რომ ვერ შევიძენთ, მაგის ფული საიდან გაქვთო? და პასუხიც მიაგება: „ვიყიდით, ვიცით, პრეზიდენტის ბრძანება რომ არსებობს, 9 წლიანი განვადების უფლება გვაქვს...“

იტალიელებმა წალენჯიხის მიწები რომ „დაზვერეს“, ამის შესახებ გამგებელმა ქარდავამ საპროტესტო აქციაზე გაიგო. მან თურმე ისიც პირველად შეიტყო, რომ „ფერეროს“ გუბერნატორი გოროზია ლობირებს და მის გარეშე სამეგრელოში მიწის მტკაველიც არ იყიდება...

გამგებლისა და მოსახლეობის დავა-კამათში „დაიცავი საქართველოც“ ჩაერთო. „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ინვესტორის შემოსვლისა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გადამრჩენია, მაგრამ, ბატონო გამგებელო, ყველაფერი უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები კანონის ფარგლებში დაკმაყოფილდებიან. თუ ამ ხალხს ჩვენ მიწა წავართვით, ვართმევთ სარჩო-საბადებელს. არცერთი ქარხანა, ფაბრიკა არ მუშაობს...“ - კახა მიქაიას ეს სიტყვები ქარდავამ პოლიტიკურ განცხადებად შეაფასა და საუბრის გაწყვეტას შეეცადა.

„არ არის ეს პოლიტიკური განცხადება! მიწა გვინდა ჩვენ და იმ „ფერეროს“, რომელსაც გოროზია ლობირებს, გადაეცით თქვენ, თუ სააკაშვილი ებრძოდა თავის დროზე აჭარის ფეოდალს და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერდით მას აჭარის აქციებში, ახლა ნება იბოძოს... სანამ აქ ხალხი მეტად არ აბუნტებულა. თუ ფეოდალიზმია ახლა სამეგრელოში, მაშინ სააკაშვილი შეებრძოლოს აქაურ ფეოდალ გოროზიას.“ - არ შედრკა მიქაიაც.

ხმაურიანი საპროტესტო აქცია მაზანდარაში მხოლოდ იმ იმედით დასრულდა, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და უცხო ინვესტორებს სოფელში არ შემოუშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განახლდება და პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი, presa.ge]

[ ... ]

"ახალი სიტყვა" – სამეგრელოში...

სამეგრელოში ახალი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი „ახალი სიტყვა“ შეიქმნა, რომელსაც ჟურნალისტი ნანა ფაჟავა ჩაუდგა სათავეში. პირველი ნომერი ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს იხილა.


გაზეთი ახალი სიტყვვა საგანგებო რეჟიმში შეიქმნა სწორედ იმ ვითარების გამო, რომლის შესახებაც აქ გამოქვეყნებული სტატიებიდან შეიტყვეთ. გაზეთში გამოქვეყნებულია ის მასალები, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გავრცელდა და იგი მთლიანად მედიას ეხება.


მომავალში ახალი სიტყვა შემოგთავაზებთ ვრცელ მასალებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ თუ კულტურულ მოვლენებზე. დიდი ადგილი დაეთმობა ჟურნალისტურ გამოძიებას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს და .. – ამბობენ რედაქციაში.

[გადმოწერე "ახალი სიტყვა"!

გადმოწერის ინსტრუქცია]

[ ... ]

”ნაცარქექიების ყიყინი“ და ”გულუბრყვილო“ პრეზიდენტი

8 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის სასახლეში მორიგი ზეიმი გამართა. პრეზიდენტის წყალობის ღირსი ამჯერად, მეგზევეები გახდნენ – ხუმრობა საქმე როდია, ღირსების ორდენებით დაჯილდოვება. არ გვინდა ისე გამოგვივიდეს, თითქოს, მეგზეევეების საწინააღმდეგო გვაქვს რამე. პირიქით, სასიამოვნოა, როცა ამ ქვეყნის უბრალო მოკვდავნი ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნო ურნისთვის არ ახსენდება, მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

რაც შეეხება ღირსების ორდენის პირველ კავალერს, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს რამაზ ნიკოლაიშვილს, იმსახურებს თუ არა, მისი ღირსება ორდენს, ეს წლების შემდეგ გამოჩნდება, თუ ახალი ხელისუფლება გზების დაგებაზე გახარჯული თანხებით დაინტერესდება. მანამდე, უფლება გვაქვს არ დავეთანხმოთ მიხეილ სააკაშვილს, თითქოს გზების დაგებაში ფული არ ”ტყდება“.

– ”ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ხიდების მშნებელობით მთავრობა ფულს “ტეხავს”, თუმცა ფულის “მოტეხვა” შეუძლებელია და ვინც ამას მოინდომებს, “ხელი მოტყდება”, – დაიმუქრა ქვეყნის პირველი პირი.

თუმცა, სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, სააკაშვილის გამოსვლაში კიდევ ერთ დეტალს გვინდა მივაპყროთ ყურადღება. ბოლო დროს, სააკაშვილის ტექსტებში აშკარად შეინიშნება მისთვის დამახასიათებელი სარკაზმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუყენებია.

– ”ნურავის ყიყინის ნუ შეგეშინდებათ. საქმის მკეთებლები მხოლოდ უსაქმურებს არ უყვართ, ჩვენ კი ნაცარქექიების და უსაქმურების ჭკუაზე ვერ ვივლით. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის და ეს ქარავანი კარგი გზებით მივა ადგილზე“.

სააკაშვილის ტონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პროტესტი გადავლილად მიაჩნია და თვლის, რომ ოპოზიცია ჯიბეში უზის. ვნახოთ, თავს ვერაფერზე დავდებთ. თუმცა, რაც უდავოა, ამდენი წლის შემდეგაც კი, კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტილი აწ უკვე უწყინარი, შევარდნაძის პოლიტიკური გვამი, როგორც ჩანს, სააკაშვილს მოსვენებას დღემდე არ აძლევს. იშვიათად შეიძლება წააწყდე ტექსტს, სადაც სააკაშვილი შევარდნაძის მმართველობის დროს არ ახსენებს. ეს ტრადიცია არც გუშინ დაურღვევია ქვეყნის პირველ პირს:

– ”შევარდნაძის დროიდან ბევრი თვლიდა, რომ გზა მეწველი ძროხაა. გზებით ფულის კეთებაზე საუბარი ზოგს შევარდნაძის დროიდან გამოყვა. შევარდნაძის დროინდელ მთავარ მეგზევეს (გულისხმობდა ბორია სარალიძეს – ავტ.), რომელიც მისი მთავარი დასაყრდენი იყო, ზუსტად არ მახსოვს, 9 თუ 12 მლნ ლარი ხაზინის სასარგებლოდ უკან მოატანინეს, რითაც გაიცა პენსიები და ხელფასები“.

ამბობენ, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ რაც შევარდნაძის მთავრობამ ქვეყანას დამართა, ძნელია ამის დავიწყება. თუმცა, დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ ბევრს შევარდნაძის მთავრობა მოანატრა, ეს რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ? ამაზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ორი ვერსია აქვს – ”რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია, რასაც ბუნებრივად მოყვება პროტესტი“ და ”ვიღაცეები რუსეთის მიერ იმართებიან“.

ახლა კი იმის შესახებ, რის გამოც, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა ჩვენი ინტერესის სფეროში მოექცა. მოკლედ, ვერ დავიჩემებთ, იცის თუ არა პრეზიდენტმა როგორ ”ტყდება“ გზების და ხიდების მშენებლობებზე ფული, მაგრამ შეუძლებელია, ხელისუფლება საქმის კურსში არ იყოს ვინ და რატომ იმარჯვებს გზების სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო ტენდერებში.

პრესა.გე–ს ხელთ ჩაუვარდა ქალაქ თბილისი მთავრობის 17 მარტის, N07.01.209 დადგენილება, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს ავალებს:

– ”აუნაზღაუროს შპს ”ბლექ სი გრუპს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 100%–იანი წინასწარი გადახდით, სადაზღვევო კომპანია შპს ”ვესტის“ შესაბამისი საბანკო საავანსო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ“.

მაშინ, როცა სხვა საგზაო კომპანიებს უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის არ მიუღიათ თანხა, გაუგებარია რა დამსახურებისთვის გადაურიცხეს ”ბლექ სი გრუპს“ ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოებისთვის მთლიანი თანხა (1,047,719 და 17 თეთრი). თავად დადგენილებაში კი შემდეგი განმარტებაა გაკეთებული:

– ”მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და შესაბამისად, შპს ”ბლექ სი გრუპის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიქმნა თანხის წინასწარი გადახდის აუცილებლობა“.

როგორც ”ლეიბორისტული პარტიის“ და თბილისის საკრებულოს წევრი პაატა ჯიბლაძე ამბობს, რიგ შემთხვევებში, კომპანიებს შესაძლოა, თანხის 30–40% გადაურიცხონ, მაგრამ წინასწარ თანხის გადახდა არასოდეს ხდება.

– ”როგორც ჩანს, ეს მათივე კომპანიაა, თორემ მერიას ბევრი საგზაო კომპანიისთვის, რომელთაც სამუშაოს 70–80% უკვე შესრულებული აქვთ, თანხები ჯერაც არ დუფარავს. მიზეზად კი ბიუჯეტში ფულის არარსებობას ასახელებენ. მე ასეთი რამდენიმე კომპანია ვიცი. მათ ბანკიდან აღებული კრედიტით შეასრულეს სამუშაოები და ამ კრედიტისთვის ზოგს ბანკში ბინა აქვს ჩადებული და ზოგსაც სხვა უძრავი ქონება. ახლა რომ ამ ადამიანების გვარ–სახელები გითხრათ, მათ არც ფულს გადაურიცხავენ, რისი იმედი ჯერ კიდევ აქვთ და ბანკში ჩადებულ გირაოსაც დაკარგავენ“, – ამბობს ჯიბლაძე.

პრესა.გე შეეცადა ”ბლექსიგრუპის“ ირგვლივ ინფორმაცია მოეპოვებინა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს არის თურქულ–ქართული კომპანია, მათი მწირი საიტიდან სხვა ვერაფერი გავიგეთ. მისამართზე ნიკოლაძის ქ. N6–ზე მითითებული ტელეფონის ნომერი არ მუშაობს. კომპანიის საიტზე კატეგორიების გრაფაში კი მითითებულია: არქიტექტურული კომპანიები, ბეტონი–ვაჭრობა, წარმოება, გზები–პროექტირება, მშენებლობა, რეაბილიტაცია.

რით ახორციელებს ”ბლექსიგრუპი“ ყველა ამ სამუშაოს ცოტა გაუგებარია, რადგან კომპანიას ინტენეტში ყველა პროფესიაზე ვაკანსიები აქვს გამოცხადებული და ამასთან, საგზაო სამშენებლო ტექნიკასაც ინტერნეტში ეძებს. მოკლედ, როგორც გავიგეთ, აღნიშნულ კომპანიას შესყიდვების მენეჯერის მათე ოქროპირიძის გარდა, სხვა არავინ ჰყავს, რომლის ტელეფონის ნომერი საკონტაქტო პირის გრაფაშია მითითებული.

ოქროპირიძის მეშვეობით შევეცადეთ რაღაც ინფორმაცია მიგვეღო კომპანიის შესახებ და მითითებულ ნომერზე დავრეკეთ. თავდაპირველად იმით დავინტერესდით, ”ბლექსიგრუპი“ ახორციელებდა თუ არა თბილისში გზების სარემონტო სამუშაოებს.

– ”ჩვენ არა მხოლოდ თბილისში, მთელს საქართველოში ვახორციელებთ გზების სარეაბილიტაციო სამუაოებს“, – ცოტა არ იყოს, ნაწყენი კილოთ შეგვისწორა ოქროპირიძემ.

მას შემდეგ, რაც კითხვა კიდევ უფრო გავართულეთ და დავინტერესდით, ვინ იყო კომპანიის ხელმძღვანელი, ოქროპირიძეს, როგორც ჩანს, ავმა წინათგრძნობამ უკარნახა, რომ ენაზე კბილი დაეჭირა და კითხვა შემოგვიბრუნა – ”რაში გაინტერესებთ?“

ამის შემდეგ კითხვა კიდევ უფრო გავართულეთ და დავინტერესდით, როგორ მოიგო ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა კომპანიამ ტენდერი, მაგრამ ოქროპირიძემ მოკლედ მოგვიჭრა ”სხვაგან მოხვდით“–ო და ტელეფონი გაგვითიშა.

ახლა, მიხეილ სააკაშვილმა თავად გაარკვიოს რა დამსახურებისთვის გადაუხადეს ”ბლექსიგრუპს“ მილიონნახევარი ლარი წინასწარ და აქვს თუ არა საერთო ამ კომპანიას ”ატკატების“ თემასთან. ჩვენის მხრიდან კი, პრეზიდენტს მეგზევეების მიერ გამხელილ კიდევ ერთ პატარა ეშმაკობას გავანდობთ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება თუ იმის გარკვევას არ შეეცდება, როგორ ტყდება გზებზე ფული, ის მაინც აღიარონ, რომ ქართველები გენიოსები ვართ.

ჩვენი რესპოდენტი გზების მშენებლობებზე დიდი ხანია მუშაობს და როგორც იქნა დავიყოლიეთ, რომ ჩვენთვის გზებში ფულის ”მოტეხვის“ ყველაზე მარტივი სქემა ”გაეშიფრა“. მოკლედ, მისი დახატული სქემა შემდეგში მდგომარეობს:

– ”ადრე გზებზე მუშები ლაფათქებით და სხვა მარტივი იარაღებით მუშაობდნენ და ეს იძლეოდა საშუალებას, რომ გზის საფარი რამდენიც გინდოდა იმდენი სანტიმეტრი გაგეკეთებინა. ზოგ ადგილას გზის საფარის სისქეს ამოწმებდნენ, მაგრამ ზოგან არა. ეს ფულის ”მოტეხვის“ საუკეთესო საშუალება იყო. თუმცა, შემდეგ, ასფალტის დასაგები სპეციალური ტექნიკა ჩამოიტანეს, რომელიც თავად საზღვრავს რა სისქეზე უნდა იყოს ასფალტი დაგებული. თუ გზაზე ასფალტის თხელი ფენა იქნება დაყრილი, მანქანა მას ვერ დატკეპნის. ამიტომ, მანქანის ბორბლებს ოდნავ უშვებენ, რომ კატოკი დაბლა დაიწიოს. ასე რომ, ასფალტის სისქე ვთქვათ, თუ 10 სმ უნდა იყოს, 7–6 სმ–მდე ამცირებენ. ესაა და ეს“.

როგორც არ ვეცადეთ, მეგზევეს უფრო კონკრეტული ვერაფერი დავაცდევინეთ, მაგრამ ერთი რამ კიდევ გაგვიმხილა: ”ფულის მოტეხვა სხვადასხვა ხერხით შიძლება, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ გზების დიდი ნაწილი დავიწროებულია. ამას ქალაქის ცენტრებში ვერ ბედავენ, მაგრამ თუ გარეუბნებში მეორად გზებს დააკვირდებით, ამას შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ“.

მოკლედ, ვერ დავიჩემებთ, რომ რაც მოვისმინეთ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და გზების მშენებლობებში რომ ფულის ”მოტეხვა“ შეიძლება, საეჭვოა, ეს მხოლოდ ბორია სარალიძის მოგონილი იყოს. დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც რომ კორუფციისა და ქრთამის აღების ფაქტები უცხო არაა, ამის ნიშანია სოსო თოფურიძის აქტიურობაც.


[როზი ჯღამაია. presa.ge]



[ ... ]

ზვიად ძიძიგური: ვლადიმერ ვახანიას საქმე ძალიან ცუდადაა შეკერილი [video]

9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის 12 ოქტომბერს იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების ნუგზარ კვარაცხელიას, გია ებრალიძის, ლალი აფციაურის, ილია ლომიას და ლილი გელაშვილის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკას" ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს და ის ვახანიას საკუთრებად გაასაღეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბატონ ვლადიმერს 4 წლით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა.
არანაკლებ ცივსისხლიანი აღმოჩდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, რომლებმაც პროცსზე ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ჯანმრთელობის მძიმე მგომარეობით დარბაზში მყოფ ვახანიას, ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად სასმელი წყალი არ მიაწოდეს. ამ ფაქტს განსასჯელის დის ნანი ვახანიას პროტესტი მოჰყვა, ის წყობიდან გამოსული სასამართლოს თავმჯდომარე სამივე მოსამართლეს მისი ძმის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. სირაძემ, იმერკლიშვილმა და კაპანაძემ კი მისი სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ნანი ვახანია მანდატურებმა ძალის გამოყნებით დარბაზიდან გაიყვანეს. ინციდენტი `კონსერვატიული~ პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და ზვიად ძიძიგურმაც გააპროტესტეს, მხოლოდ მათი და ადვოკატების ჩარევის შემდეგ მოხდა ვლადიმერ ვახანიას სასმელი წყლით მოსულიერება.
ნანი ვახანია: "მე ვითხოვდი მხოლოდ ერთს ჩემი ძმისთვის მიეცათ წყალი, რადგან ის ძალიან ცუდადაა. ჩემი პროტესტის შემდეგ წყალი დაალევინეს. თუ შესაძლებელი იყო მანმადე რატომ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა?! ძალიან ძნელია ადამიანმა ეს ყველაფერი მოითმინოს. მაქვს საფუძვიანი ეჭვი, რომ ვლადიმერის მოწამლვა გრძელდება. დაახლოებით ერთი კვირის წინ შევხვდი მას და თავს შედარებით კარგად გრძნობდა, დღეს კი ფერდაკარგული და ბევრად გამხდარია. ეს ჩემთვის მტკივნეულია~.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს პროკურორი დიმიტრი ხვიტია და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას პირველი მოადგილე მამუკა ბალიაშვილი წარმოადგენდნენ. დარბაზში ბალიაშვილის გამოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქმე კვლავ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას პირად კონტროზლზეა.
განხილვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელთან ვერანაირ შეთანხმება ვერ მიაღწია. ადვოკატ ლალი აფციაურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გათავისუფლებით შეცვილს თაობაზე მოსამართლეებმა და პროკურორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, მათ არად ჩააგდეს გუკლის იშემიური სენით დაავადებული და უეცარი სიკვდილის მაღალი რისკის მქონე აკადემიკოსის მძიმე მდგომარეობა, და პროცესი 25 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადეს.
ლალი აფციაური: "დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მტკიცებულების სახით მოგვეცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის გახლავთ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი. რაც შეეხება დაკავებულის მოწამლვის ფაქტებს, ჩვენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არ მოგვეცა ციხეში ექპერტების შეყვანის საშუალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯიუტად გვეუბნებოდა უარს ვახანიას გამოკვლევაზე. საქმეში ჩავრიეთ ევროპული სასამართლო, მათ 39 მუხლის რეგლამენტის მიხედვით სახელმწიფოს დაავალეს შეეშვათ სამედიცინო ექსპერტები პატიმართან. ნაწილობრივ დადასტურდა, რომ ვახანიას წამლავდნენ.
გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკვე წარვუდგინეთ ქუთაისის სასამართლოს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება".
ლილი გელაშვილი: "დღეს იყო მოსამზადებელი სხდომა. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ არ ვართ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადასული. 25 დეკემბერს კვლავ გაგრძელდება შუამდგომლობების დაყენება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება~.
პროცესზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ზვიად ძიძიგურმა კახა კუკავამ და "კონსერვატიული" პარტიის სხვა წევრებმა მოძრაობა `მთლიანი საქართველოს" მომხრეებთან ერთად სასამართლოს შენობსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციაც გამართეს.
ზვიად ძიძიგური: "ეს პროცესი იყო უსამართლობის ზეიმი. პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ბატონი ვახანია აუცილებლად გამართლდება, რადგან როლანდ ახალიას მიერ ეს საქმე ძალიან ცუდად გახლავთ "შეკერილი". გაყალბებულია მოწმეთა ხელმოწერები, ვახანიასთვის "ჩაგდებულია" იარაღი გვხვდება ბევრი არაკვალიფიციურად შექმნილი მტკიცებულება.
ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დარწმუნებული ვართ, რომ ისისნი სიმართლეს იტყვიან საქართველოში არსებული მართლმსაჯულების შესახებ.
საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. ეს პოლიტიკური პროცესია, და საქართველოში არსებული რეპრესიების ბრწყინვალე მაგალითი. მოვუწოდებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას დაცვის საქმეში".
კახა კუკავა: "ეს არის იშვიათი საქმე, აკადემიკოს ვახანიას ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ტარება – ასეთივე ბრალდება ხელისუფლების უამრავ პოლიტიკურ ოპონენტს აქვს წაყენებული. ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ დაცვის მხარეს აქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ზუგდიდის პროკურატურა აღმოჩნდა ისეთივე უნიჭო მტკიცებულებების განადგურებაში როგორც მათ შექმნაში. როდესაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს დააზიანეს ვახანიას სახლში არსებული დაცვის კამერები, ვერ წაშალეს ის კადრები, რომელიც იქ არსებულ რეალურ სიტუაციას ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩხრეკა ჩაატარა 100 მდე ფორმიანმა სპეცრაზმელმა და არა 5-მა გამომძიებელმა, როგორც ამას როლანდ ახალაიას პროკურატურა ამტკიცებს. დღეს ადვოკატებმა სწორედ ეს ჩანაწერი წარადგინეს პროცესზე.
მომდევნო განხილვას ჩვენი თხოვნით დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვახანიას საქმე შეიძენს საერთაშორისო რეზონანსს. ვიმეორებ, რომ არსებობს უნიკალური ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იარაღის "ჩადებას" და ნორმალური სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს ვლადიმერ ვახანიას გამამართლებელი გადაწყვეტილება".
პროცესის დასრულების შემდეგ "ასავალ დასავალმა" ვლადიმერ ვახანიასთვის რამოდენიმე კითხვის დასმა მოახერხა.
–ბატონო ვლადიმერ რას იტყვით დღევანდელ პროცესზე?
–ძნელია რამის თქმა.
–როგორ ფიქრობთ გაგამართლებენ?
–ვნახოთ, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველაფერი.
მხრების აჩეჩვით გვიპასუხა ფერდაკარგულმა აკადემიკოსმა და მიუხედავად დიდი სურვილისა ჩვენთან საუბარი გაეგრძელებინა ბადრაგის კატეგორიულ მოთხოვნას დაემორჩილა...

[ილია ჩაჩიბაია, "ასავალ დასავალი"]

[ ... ]

მარინა სალუქვაძე სენსაციურ თემებზე ალაპარაკდა!

ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ასეთი პრეცედენტ ჯერ არ ყოფილა - რედაქტორი ინტერვიუს საკუთარი მოადგილისგან იღებს. ეს მავანთ შესაძლოა, “მედია-ნეპოტიზმად” მონათლონ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა, მერე რა?! ისე, ვიღაცებს შესაძლოა, რუბრიკის სახელწოდებაც არ მოეწონოთ, მაგრამ მერე რა?! დღეს ჟურნალისტთა სახელების გადაცემის სათაურში “გამოტანა” ხომ მოდურია?! ჰოდა, თუ მოდაა, მოდა იყოს...
მაშ ასე, “ქართული სიტყვა” და საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსი” ერთობლივ პროექტს წარმოგიდგენთ.

...პირველი სტუმრის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. მარინა სალუქვაძეს ყურადღება არც ადრე აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს ჰკითხა, სალუქვაძესთან სექსზე გიოცნებია თუ არაო, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის “ტაბუ”-ს ყოფილი წამყვანი და ამჟამად საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსის” მთავარი რედაქტორის, ანუ ჩემი მოადგილე... ისე, არსებობს მოკრძალებული მოსაზრება, რომ სექსი რაღაცით პოლიტიკას ჰგავს და, პირიქით. ეს, ერთი შეხედვით, უტოპია, შესაძლოა, რეალობად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მარინა სალუქვაძე მალე ახალ სკანდალში გაეხვას.

ყველაფერი კი ძალიან მარტივადაა: მარინას და, ქალბატონი მანანა ნინო ბურჯანაძის პარტიის სახეა. მარინა კი, სპიკერყოფილის და, საერთოდ, მისი პარტიის მიმართ, რბილად რომ ვთქვა, არაკეთილადაა განწყობილი.
რატომ არ მოსწონს ღვიძლი დის პოლიტლიდერი, რას სთავაზობდა კონსტანტინე გამსახურდია და რატომ აუგორა სკანდალი “ტელეიმედმა” საკუთარი მფლობელის ცოლს?
თქვენს წინაშეა მარინა სალუქვაძის სიმართლის დრო!

- მარინა, როგორ ხარ?

- არაჩვეულებრივად!

- არ მჯერა...

- დღეს ვინმე არაჩვეულებრიდავ რომ იყოს, დაუჯერებელია, არა?

- არც უმაგისობაა, მაგრამ არაჩვეულებრივად იმიტომ ხარ, რომ შენზე სექს-ტენდერია გამოცხადებული?
- (სერიოზულად) არა, მაგიტომ არა! სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღება არასოდეს მაკლდა, თუმცა ახლა საზოგადოებას ახალი თემა მიეცა... ისე, მაგ თემამ “ჩაიარა” და აღარც მაინტერსებს...

- შეიძლება, შენთვის ჩაიარა, მაგრამ ხომ იცი, მედალს ორი მხარე აქვს და ჰოდა, აბა, შალვა რამიშვილს ჰკითხე, რომელსაც “ცხოვრება დაუნგრიე”...

- მე დავუნგრიე ცხოვრება?

- აბა, მე? ადამიანი ციხიდან გამოვიდა, სამსახური იშოვა და... შენ კი უჩივლე...

- არ მიჩივლია. უბრალოდ, ვთქვი, შემიძლია, ვუჩივლო-მეთქი...

- ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ მარინა სალუქვაძე შალვა რამიშვილს “შეაშინებდა”...
- ნამდვილად არ ვიცი, ჩემი რამიშვილს შეეშინდა, “იმედს”, “თიბისი ტვ”-ს თუ ყველას ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შალვას გაშვებასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება შიგნით მიიღეს და მე, ალბათ, ერთ-ერთი საბაბი ვიყავი.

- ანუ, იზიარებ კულუარებში გავრცელებულ ხმას, რომ შალვა რამიშვილის “იმედზე” გამოჩენამ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ერთობ გააღიზიანა. ალბათ, ისიც გსმენია, რომ ნაპატიმრალი რამიშვილის ტელერეამინება გიორგი არველაძემ, თურმე, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა...

- არ მინდა, კულუარებში შევიხედო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ვანო, ჟურნალისტები ვართ და ჭორები მეც გამიგია...

- მარინა, ეს ინტერვიუ, როგორც შევთანხმდით, შენი “სიმართლის დროა”. ამიტომ პირდაპირ გკითხავ: მშვენიერი ქალი ხარ და რა გასაკვირია, შენს შემხედვარე მამრს სექსი რომ მოუნდეს? მსახიობ ია სუხიტაშვილის თქმისა არ იყოს, მაშინ უნდა გაბრაზებულიყავი, შენს დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს...

- შეიძლება, სუხიტაშვილს ესიამოვნოს, მის დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს, მაგრამ ჩემი სექს-სიმბოლოსთან ასოცირება, ჯერ ერთი, ღიმილისმომგვრელია. მეორეც, ამან ჩემს მშობლებში, მეუღლესა და ქალიშვილში სერიოზული აგრესია გამოიწვია.

- ესე იგი, შინ დაგტუქსეს, სექს-იმიჯი რატომ გაქვსო?

- ვანო, ასეთი ცინიკური ნუ ხარ...

- მე და ცინიზმი? კარგი, რა, მარინა?!..

- ამ გადაცემის ანონსი ეთერში პირველად რომ გავიდა, მამაჩემმა გაოცებულმა დამირეკა, მერე, ჩემი ქმარი გახდა “დასაბმელი” და როცა ჩემი შვილიც მოწყენილი დავინახე, უკვე აღარ მესიამოვნა. ისე, ეს კითხვა მხოლოდ გადაცემაში რომ ყოფილიყო დასმული, არავის არაფერი დაამახსოვრდებოდა, რადგან გადაცემას მაინცდამაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა, მაგრამ ეს კითხვა, ანონსის სახით, ეთერში მთელი კვირა ტრიალებდა, რასაც ინტერნეტში გვერდის გახსნა მოჰყვა და, შენი თქმისა არ იყოს, მართლა ტენდერი გამოაცხადეს. მე რომ, მაგალითად, “ფლეიბოის” ფოტო-სესიებში მიმეღო მონაწილეობა, რაც ახლა, სხვათა შორის, დაფასებულია, მაშინ...

- მარინა, შენ რომ “ფლეიბოისთვის” გეპოზიორა, დღეს, მინიმუმ, კულტურის სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის შეფი იქნებოდი...

- არ მგონია, რომ ამ ქალბატონის კარიერა მხოლოდ და მხოლოდ “ფლეიბოიმ” განაპირობა, მით უმეტეს, ნინას მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს...

- ნინა ვინ არის? მარინა, მე არც ნინა მიხსენებია და არც - ქსენია...

- (იცინის) ნუ, მე უფრო პირდაპირი აღმოვჩნდი... საერთოდ, პირდაპირობა მჩვევია...

- ჰოდა, ახლა პირდაპირ გკითხავ: რამიშვილს ზემოხსენებული კითხვა რომელიმე სუპერ-კაცისთვის, მაგალითად, ბრედ ბიტისთვის რომ დაესვა, მაშინაც გაბრაზდებოდი?

- იგივე რეაქცია მექნებოდა...

- ისე, ხმა დადის, მესხს, თურმე, აიძულეს, რომ ამ კითხვაზე ეპასუხა და დაპირდნენ, ფულს მოგაგებინებთო...

- ამას მიშა მესხი, თურმე, აღიარებს... სიმართლე რომ გითხრა, სადმე მიშა მესხს რომ შევხვდე, სიცილით მოვკვდები.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ბიჭმა თავისი ეროტიული ზმანებები სააშკარაოზე გამოიტანა...

- საერთოდ, შენზე ჭორები უხვადააა... თურმე, ერთი პოლიტიკოსიც “გეფარცქვალებოდა”...

- (გულიანად იცინის)

- ეს ისტორია საჯაროდ რომ მოვყვე, გეწყინება?

- რაც გინდა, მოყევი, დასამალი რა არის...

- მოკლედ, ახლა მიამბე, კონსტანტინე გამსახურდია როგორ “გაბავდა”...

- ეს “შებმა” არ იყო.

- აბა, რა იყო?

- მე და ბატონი კონსტანტინე ერთმანეთს ბატონიშვილის ქორწილში შევხვდით და მითხრა, მე თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და აუცილებლად დაგირეკავთო. მეორე თუ მესამე დღეს აფთიაქში ვიყავი, ტელეფონმა დარეკა და მამაკაცმა მითხრა, კოკო ვარო. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი მეგობარი, კოკო კაპანაძე მირეკავდა და ვთხოვე, კოკო, ახლა რაღაცას ვყიდულობ და ცოტა ხანში დამირეკე-მეთქი... რამდენიმე წუთში, უკვე მანქანაში ვიჯექი, ტელეფონმა ისევ დარეკა და მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი კი არა, სხვა კოკო იყო. მოკლედ, კოკომ მკითხა, ქორწილში დიდხანს დარჩითო? მივუგე, - დიახ, ბატონო კონსტანტინე, ვიყავით მე და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად, მერე, იქიდან ბარში წავედით-მეთქი. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ყურმილში ბატონი კონსტანტინეს განხიბლული ხმა გაისმა, - ააა, ქმარი გყავთ?!

- რა ამის პასუხია და, გაპოლიტიკოსების სურვილი არასოდეს გქონია? აი, თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა “მზე” დაბნელდა და “ტაბუ” დაიხურა? სხვათა შორის, ახლა მოდურია: ჟურნალისტები პოლიტიკაში ბითუმად მიდიან. ყოველ შემთხვევაში, ინგა გრიგოლია, თურმე, ჩუღურეთში იყრის კენჭს, ლიკა ნაღებაშვილიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას...

- დიდებული ამბავია, ინგას სიამოვნებით დავუჭერ მხარს...

- შენც იყარე კენჭი, მით უმეტეს, შენი და პოლიტიკოსია...

- ჩემმა დამ არჩევანი თვითონ გააკეთა, მე კი აპოლიტიკური ადამიანი ვარ!

- შეიძლება, მაგრამ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყრილობაზე, მახსოვს, იყავი...

- ყრილობაზე ჩემი დის საყურებალდ ვიყავი. სხვათა შორის, მთხოვა, რომ ყრილობისთვის მაკიაჟი გამეკეთებინა... ასე, საყურებლად ადამიანი სპექტაკლზეც დადის...

- ესე იგი, ბურჯანაძის პარტიას სპექტაკლად თვლი?

- რასაკვირველია!

- ასე რატომ ფიქრობ?

- ის ადამიანი, ვისაც არ ეცვლება გამომეტყველება, ჩაცმულობა, სამკაული და ისე აძაგებს იმ ადამიანს, რომელსაც ადრე იგივე ჩაცმულობით, გამომეტყველებითა და სამკაულით აქებდა, ჩემი პატივისცემის ღირსი არ არის?!

- შენ და შენი და ერთად ცხოვრობთ?

- არა. ერთად ზაფხულობით, წყნეთში, აგარაკზე ვართ ხოლმე.

- აგარაკი ვისი საკუთრებაა?

- ბაბუამ შთამომავლობით დაგვიტოვა.

- მაინც, ფრთხილად იყავი, რადგან პარტიული ბოსის, რბილად რომ ვთქვა, გაკრიტიკების გამო, შენმა დამ შესაძლოა, ამ აგარაკზე მისვლის ნება აღარ მოგცეს.

- ჩემმა დამ არაჩვეულებრიდავ იცის, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ ვცემ!

- ამის გამო გიჩხუბიათ?

- კი, გვიკამათია. საერთოდ, ჩემი დის არჩევანი არასოდეს მომწონდა.

- ვთქვათ, შენმა დამ, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახემ, ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრა დააპირა. მის წინააღმდეფ გამოხვალ?

- ვანო, ხომ იცი, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

- ეს გავიგე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: შენ დას, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახეს, გაუწევ აგიტაციას?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ძალიან მიყვარს, მან ეს არჩევანი დამოუკიდებლად მიიღო და ამ პოლიტიკური, ასევ ვთქვათ, ამბის გარდა, გვერდზე ყოველთვის დავუდგები! მოკლედ, ბურჯანაძე ჩემთვის იდეალს არ წარმოადგენს, ანუ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომლის პიარ-კამპანიაშიც ჩავერთვები, თუმცა ცალკეულ პოლიტიკოსებს შემიძლია, მეგობრული რჩევა მივცე, როგორ ჩაიცვას და როგორ მოიქცეს...

- მარინა, შენი და ჩემი მეგობარი, ლალი მოროშკინა ახალ ბეტსელერს წერს - “რევოლუციით განქორწინებულნი”. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დები სალუქვაძეების “განქორწინებაც” შეიძლება მოხდეს?

- სხვადასხვა პოლიტიკური პოზიცია ერთმანეთის დაკარგავს არ ნიშნავს. სხვათა შორის, ქალბატონ ბურჯანაძეს ერთადერთხელ, ორი წლის წინ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე შევხვდი. იმხანად ქალბატონი ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მე კონცერტი მიმყავდა და სცენაზე რომ ამოვიდა, ხელი ჩამომართვა...

- შენი და რას ამბობს?

- ის თვლის, რომ მისი არჩევანი სწორია...

- რამდენიმე თვის წინ, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიაზე ფარული ვიდეო-ჩანაწერები გავრცელდა, არ შეგეშინდა, რომ ძალოვანებს შეიძლება, თქვენი სახლიც გაეჩხრიკათ?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა როცა ეს კადრები ვნახე, არ მესიამოვნა. ისე, ჟურნალისტი ვარ და გადასარევად ვიცი, აგიტაციური მანქანა როგორც მოქმედებს... 6 მაისს, პაატა ბურჭულაძემ კონცერტზე დამპატიჟა. ამასობაში, ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა და ტირილით მითხრა, ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ხალხს ესვრიან და მანჩო, ანუ ჩემი და ტელეფონზე არ მპასუხობსო. არ მახსოვს, ოპერიდან როგორ გამოვიქეცი, რადგან არ ვიცოდი, ჩემს დას რა სჭირდა და საოცარი შიში დამეუფლა...

- მარინა, ოჯახის სხვა წევრები შენს პოზიციაზე არიან თუ შენი დის?

- ოჯახი აბსოლუტურად ნეიტრალურია. ჩემი და 47 წლისაა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. საკმაოდ პრინციპული ადმაიანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ვგრძნობ, ხვდება, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა.

- ეს კითხვა არ დაგისვამს?

- ამ თემაზე უკვე იმდენჯერ ვიკამათეთ, თან ვგრძნობ, რომ გაღიზიანებულია და ვცდილობ, ამ საკითხზე აღარ ვისაუბრო. სხვათა შორის, ვანო, ახლა გამახსენდა, რომ ბურჯანაძის ყრილობაზე შენც იყავი...

- კი, ბატონო, ვიყავი... მარინა, ალბათ, გრძნობ, რომ ამ ინტრევიუს გამო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვევი...

- არანაირი სკანდალის არ მეშინია, რადგან არ ვთამაშობ და რასაც ვამბობ, ჩემი პოზიციაა, ანუ ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს სიმპათიას უფრო ხელისუფლება იმსახურებს, ვიდრე - ოპოზიცია.

- არ გირჩევია, იყო არაგულწრფელი და, სამაგიეროდ, გქონდეს კარგი სამსახური და უზრუნველი ცხოვრება?

- არ მირჩევია, რადგან თამაში სცენაზეა კარგი! მე კი თამაში არაფერში მჭირდება!

- ესე იგი, მარინა, შენთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს, არა?

- დიახ.

- მაშინ გკითხავ: “რაკიინის” გენდირექტორის მოადგილე შენი ქმარია. "იმედის” 90 პროცენტს სწორედ “რაკიინი” ფლობს, ანუ საკუთარი ქმრის ტელევიზიამ “აგიგორა” სკანდალი. სად არის ლოგიკა? ოპოზიცია ამტკიცებს, ტელევიზიებზე ხელისუფლების დიქტატიაო და ამაზე მეტი დემოკრატია რაღაა?

- დარწმუნებული ვარ, არც შალვა რამიშვილმა, არც პროდიუსერმა და არც ფსიქოლოგებმა არ იცოდნენ, რომ დათო ჩემი მეუღლეა. ისე, ორი წლის წინ ჭორი გავრცელდა, რომ მე და დათო ერთმანეთს დავშორდით და იმდენი ილაპარაკეს, სანამ ჩვენს შორის სერიოზული უსიამოვნება არ დაიწყო...

- ბოლოს და ბოლოს, ქმარს გაცილდი თუ არა?

- (იცინის) ჯერ არა...

- აპირებ?

- არ ვიცი, ხვალ და ზეგ რას გავაკეთებ. ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შემიძლია - გარეგნობის, სამსახურის, ქმრის, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი! მოკლედ, არ ვიცი, მომავალში რას გავაკეთებ!

- შარშან, ომის დროს, მახსოვს, ქმარზე ძალიან გაბრაზებული იყავი...

- კი, მართალია და ეს გაბრაზება გამომყვა... სიმართლე რომ ვთქვა, ამ ეტაპზე სხვა პრობლემებით ვარ დაკავებული და ახალი სიყვარულისთვის არ მცალია.

- რა ვიცი, რამდენიმე დღის წინ მითხარი, იანვარში ჩემზე რამე სკანდალურს გაიგებო...

- შეიძლება, გაიგო, შეიძლება - არა. საერთოდ, არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს და პარტისტორიასაც ამიტომ ვერ ვიტანდი, რომ ხუთი და ათი წლის გეგმები არსებობდა...

- როცა დათომ ეს კითხვა მოისმინა, არ იყვირა, ამ “სიმართლის დროს” ახლავე დავხურავო?

- ეს არ უთქვამს, მაგრამ შინ ყველაფერი დაამტვრია. მერე კი კი ლევან ყუბანეიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ ანონსი ამოეღოთ. ლევანმა ანონსი მაშინვე გადააკეთა... სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ანონსი ლამის ათი დღის მანძილზე ტრიალებდა, “იმედის” დირექტორს, ოთარ ბუბაშვილს შევხვდი, რომელმაც შემომთავაზა, რომ “იმედზე” პროექტი გამეკეთებინა. გამეღიმა, რადგან “იმედზე” მუშაობა ნამდვილად არ მინდა!
საერთოდ, არ შეიძლება, ხალხი გააწბილო და აიყოლიო მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ხალხი ფარა არ არის. მე ის ხალხი მომწონს, ვინც ყალბი არ არის. აი, წეღან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუზე ვსაუბრობდით. ჩემი აზრით, ნანუკა ყალბი არ არის და ამიტომ, მისი გადაცემა უფრო მომწონს და ბევრად უფრო მართალია, ვიდრე - ჩემი გადაცემა “ტაბუ” იყო, ანუ ვაღიარებ, რომ “ტაბუში” დაძაბული ვიყავი...
ყველაზე სამწუხარო კი, იცი, რა არის? ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც მთავარი ფული და სექსია, სხვა ღირებულებები კი მეორე და მესამე პლანზეა. ტელევიზიის საქმე ცუდად მაშინ წავიდა, როცა აქცენტი მხოლოდ სექსა და ფულზე აიღო. მე ასეთ საზოგადოებაში თავს ცუდად ვგრძნობ!

- აბა, როგორი საზოგადოება გინდა?

- ბევრად უფრო ლმობიერი და კეთილი, თუმცა ვიცი, ეს უტოპიაა!

- შენ ხარ ლმობიერი? მაგალითად, შენი და იმისთვის, რომ ბურჯანაძის სახეა, ხომ შეგიძლია, არ გააკრიტიკო?

- როდემდე უნდა მოვითმინო?

- ისე, რატომ გადაწყვიტე, რომ ყველაფერი ეს საჯაროდ გეთქვა?

- იმიტომ, რომ შენ მკითხე... ვანო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და საჭიროდ ჩავთვალე, მელაპარაკა.

- ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, შენი და ხომ ცუდ განწყობაზე დადგება?

- ჩემმა დამ ჩემი პოზიცია იცის და რასაც მე ვაკეთებ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაბიჯია...

- შენს დას “ტაბუ” საჯაროდ რომ გაეკრიტიკებინა, გესიამოვნებოდა?

- “ტაბუ” ჩემი პროფესიული ქმნილება იყო, პოლიტიკა კი ჩემი დის პროფესია არ არის.

- რატომ წავიდა მანანა პოლიტიკაში? მოგების იმედი ჰქონდა?

- ვერ გეტყვი... ქალბატონი ბურჯანაძისგან ხელფასი არ მიუღია და მატერიალურ კომპენსაციაზე ლაპარაკიც არ არის... შეიძლება, პირადი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ჩემი დის არჩევანი არ მომწონს და ხომ შეიძლება, ჩემი აზრი მქონდეს?!

- ცხადია, შეიძლება...
[ვანო პავლიაშვილი]







[ ... ]

ვინ დგას სააკაშვილის უკან და რატომ ებრძვიან პატრიარქს?!

პატრიარქის წინააღმდეგ ნეოკომკავშირლების მიერ უზნეოდ აგორებული მკრეხელური პიარით სააკაშვილმა გადაფარა ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის მიერ მხარდჭერილი აზრი პატრიარქის სახელმწიფოს მეთაურად ხალხის მიერ აღიარების შესახებ და აგრეთვე ტალიავინის დასკვნაში სააკაშვილის წინააღმდეგ მოყვანილი ფაქტების სიმწვავე.

არადა, 7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ წამოწყებულმა შეიარაღებულმა ავანტიურამ 600 ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე და საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი შეიწირა, ერთი წუთით რომ არაფერი ვთქვათ უგზოუკვლოდ დაკარგულებზე და ლტოლვილთა ახალ დიდ მასაზე.

ცნობილია, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობის ან საგარეო უწყების მიერ ერთსულოვნად დაგმობილი 2007 წლის 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულების გამო სააკაშვილი გადადგა. ამ დროს, საქართველოსთვის სავალალო შედეგების და ტალიავინის დასკვნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 7-8 აგვისტოს სააკაშვილმა გაცილებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა ვიდრე 7 ნოემბერს.

ამ დროს, ტალიავინის დასკვნის საერთაშორისო რეაგირების და მისი შესაძლო შედეგების შესახებ ფართო საზოგადოება ინფორმირებული არ არის ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული პიარ-კომპანიის გამო.

ჩვენ ვუბრუდებით ტალიავინის დასკვნას მისი პერსპექტივის თვალსაზრისით, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ მასში მოყვანილ ფაქტებზე საერთაშორისო და შიგა რეაგირება ქართველ ერს გადარჩენის რეალურ პერსპექტივას უქმნის.

ამ მიზნით, ჩვენ ვეწვიეთ საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების წევრს და ადამიანის უფლებების ექსპერტს, პროფესორ ბიძინა სავანელს.

-ბატონო ბიძინა, მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება ტალიავინის დასკვნას საერთაშორისო დონეზე?

-2009 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს სთხოვა, რათა მან " სასამართლოს პალატას მიმართოს, რათა სასამართლოს პალატამ ფორმალურად გახსნილად გამოაცხადოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს და მას შემდეგ საქართველოს და რუსეთის მიერ ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ საერთაშორისო დანაშაულების ჩადენის გამო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გახსნილად გამოაცხადა გამოძიება. უბრალოდ ეს ფაქტი საწყის ეტაპზე ოფიციალურად არ ხმაურდება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან და ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციის მოსაზრებიდან გამომდინარე.

-თუ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა გამოძიება დაიწყო, რა ბრალი შეიძლება წარედგინოს მიხეილ სააკაშვილს?

თუ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა გაიზიარა ტალიავინის დასკვნა (უფრო ზუსტად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლების მისიის მიერ მოძიებული ფაქტები და შეფასებები), მაშინ მას შეიძლება წარედგინოს ბრალი აგრესიასა და ომის დანაშაულში. ევროკავშირის მისიის დასკვნაში ვკითხულობთ: “პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათზე და 35 წუთზე ცხინვალზე სამხედრო შეტევის შესახებ გაცემულმა ბრძანებამ მცირე ინტენსიობის სამხედრო კონფლიქტი გადააქცია ფართო მაშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტად. ამიტომ სააკაშვილის ეს ქმედება კონფლიქტის სამართლებრივი ანალიზის ამოსავალი წერტილია. . . ძალის გამოყენება ქართული მხარის მიერ, რაც გამოიხატა ცხინვალის და მიმდებარე სოფლების მიმართ გრადის და კასეტური ბომბების გამოყენებაში, შეიძლება შეფასდეს როგორც აგრესია გაეროს 3314 რეზოლუციის მუხლი 3(ა)-ს თანახმად. დადასტურების შემთხვევაში ქართული მხარე შეიძლება მხილებული იქნეს შეიარაღებული ძალის გამოყენებაში სამოქალაქო ობიექტების და შეიარაღებული ძალის გამოყენებაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ანუ ომის დანაშაულში.”

ყველაზე მძიმე ბრალდება, რაც ტალიავინის დასკვნით სააკაშვილს შეერაცხა, არის თავისი მოქალაქეების და მათი საკუთრების წინააღმდეგ 7-8 აგვისტოს ჩადენილი დანაშაული. (ტალიავინის დასკვნის მიხედვით “სამხრეთ ოსეთში” მცხოვრები ოსები განიხილებიან საქართველოს მოქალაქეებად).

თუმცა არც რუსული მხარე დააღწევს თავს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას.

-სამართლებრივად რა თანაფარდობაა სააკაშვილის ბრალსა და რუსული მხრიდან არაკომფლიქტურ ზონაში შეიარაღებული თავდასხმის ბრძანების გამცემის ბრალს შორის? ვინ გასცა ბრძანება რუსული მხრიდან?

-ჯერ მოკლედ გაგცემთ პასუხს ბოლო შეკითხვაზე. დასკვნაში არაფერია ნათქვამი თუ ვინ გასცა ბრძანება რუსული მხრიდან. ამ კითხვაზე პასუხი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მომავალმა საპროკურორო გამოძიებამ უნდა გასცეს. დასკვნის თანახმად ქართული მხრიდან ბრძანების გამცემის ვინაობა დადგენილია: ეს სააკაშვილია.
რაც შეეხება პირველ შეკითხვას: სამართლებრივად რა თანაფარდობაა სააკაშვილის ბრალსა და რუსული მხრიდან არაკომფლიქტურ ზონაში შეიარაღებული თავდასხმის ბრძანების გამცემის ბრალს შორის? გპასუხობთ შემდეგს.

სააკაშვილის მიერ მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვის ბრძანების გაცემის, მისი შესრულების და სამშვიდობოების მიერ დაცულ ზონაში შეირაღებული ძალების შეჭრის მისიის მიერ სამართლებრივ შეფასებას თუ შევადარებთ რუსეთი მხრიდან არანაკლები ინტენსიობის სამხედრო და შეიარაღებული ინტერვეციის მისიის მიერ სამართლებრივ შეფასებას, სასწორი სააკაშვილის საზიანოდ გადაიხრება. გასაგები ენით: მართლსაწინააღმდეგო თავდამსხმელად სააკაშვილი, ხოლო მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოგერიების საზღვრის გადამმეტებლად არაკონფლიქტურ ზონაში სამხედრო და შეიარაღებული ინტერვეციის ბრძანების გამცემი რუსული მხარეა გამოცხადებულია. შესაბამისად სასჯელი განსხვავებული იქნება.

–რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა დე-იურედ აღიარა. არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს?

–ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლოის აღიარება დაგმო და რუსეთის ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის საწესდებო დებულებების და ევროპის საბჭოს წესდების უხეშ დარღვევად მიიჩნია.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წლის 28 იანვრის რეზოლუციაში პირდაპირ მიუთითა:

„ევროპის საპარლამენტო ასაბლეა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერას, ისევე როგორც მისი საზღვრების ურღვეობისადმი ერთგულებას, და მოუწოდებს რუსეთს გაითხოვოს მის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

ევროპის საპარლამენტო ასაბლეამ კვლავ აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევისთვის რაიონებში, რომელიც მის ფაქტიური გამგებლობის ქვეშ იმყოფებოდა.

ევროპის საპარლამენტო ასაბლეა გმობს საქართველოში რუსეთის არასანქციორებული სამხედრო ყოფნას და სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზების შექმნას, ისევე როგორც ახალგორში, პერევში და ზემო კოდორში.

იმ უდავო მტკიცებულებათა შუქზე, რომ ომის დროს ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვიეს, ასაბლეა თვლის, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნას და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ამ რეგიონების სტატუსთან დაკავშირებული არ შეიძლება იყოს.”

ამრიგად, 2009 წლის 28 იანვრის რეზოლუციით ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის 52 პროფესორის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ "ლტოლვილთა უპირობო დაბრუნების მანდატით სოხუმის და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის დე-ფაქტო საოკუპაციო ჯარს უნდა ჩაენაცვლოს გაეროს სამშვიდობო შეიარაღებული ძალები საქართველოს არამოსაზღვრე ქვეყნებიდან!"

ასეთი მოწოდებით 2004 წლიდან მერამდენჯერ მივმართავ ხელისუფლებაში მოსულ ძალას. არადა, გაეროს დონეზე საკითხის ასეთ დაყენება პერსპექტიული იყო და არის, რადგან ლტოლვილთა დაბრუნება არ ექვემდებარება გაეროს უშიშროების საბჭოს, არამედ მხოლოდ გენერალურ ასაბლეას, სადაც რუსეთი, სომხეთი და მათი რამდენიმე სატელიტი განვითარებადი ქვეყანა საკითხს ვერ ჩააგდებს. ასეთია რეალური საერთაშორისო სამართლებრივი გამოსავალი.

–სააკაშვილმა ღვაწლმოსილ და საერთაშორისო აღიარების პროფესორებს “ჩარეცხილები” უწოდა. თავი რომ დავანებოდ ამ უზნეო გამოთქმას და ერთი წუთით დავივიწყოთ 52 პროფესორი 2004 წლის მოთხოვნა, თითქმის წელიწადი გავიდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის 28 იანვრის რეზოლუციიდან. მიუხედავათ ამისა, სააკაშვილი გაეროს დონეზე რუსეთის საოკუპაციო ჯარის საქართველოს არამოსაზღვრე ქვეყნებიდან გაეროს სამშვიდობო შეიარაღებული ძალებით ჩანაცვლების საკითხს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე დღემდე საეჭვოდ არ აყენებს. რაშია საქმე?

–ჩემი პასუხი მოკლე, მაგრამ, ჩემი აზრით, ტევადი იქნება. შევარდნაძემ სოხუმის და ცხინვალის რეგიონები დე-ფაქტოდ რუსეთს ჩააბარა, როდესაც გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს გალის რჩევის უგულველყოფით იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარს “სამშვიდობოების” სტატუსი მიანიჭა, სააკაშვილმა კი ცხინვალის დაბომბვით და იქ შეჭრით სულ მცირე ევენტუალური (არაპირდაპირი) განზრახვით სოხუმის და ცხინვალის რეგიონები დე-იურედ რუსეთს ჩააბარა. შედეგად აფხაზეთში მცხოვრები სომეხი ეთნიკური უმრავლესობის დე- ფაქტო სტატუსი არნახულად გაიზარდა.

და მახსენდება, ბატონ ვახტანგ ხარჩილავას (გაზეთ “ცისკარის” იმდროინდელი რედაქტორის) ჯერ კიდევ 2005 წლის გაფრთხილება: “რუსეთიდან შემოზიდული იარაღით და სხვა სიკეეთებით სომხეთი ერთ-ორ წელიწადში ისე გაძლიერდება, რომ შეიძლება მართლა აისრულოს თავისი სანუკვარი ოცნება “დიდი სომხეთის” შესახებ, რომელშიც ნახევარი საქართველო სომხეთის ისტორიულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. . . მართლა როგორ დავიჯერო, რომ საქართველოს ხელისუფლება ფარულად სომხური ლობის ხელშეწყობით არის დასმული ხელისუფლებაში და ეს ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს სომხეთის ინტერესებს”.

თქვენს მიერ გამოთქმული ეჭვის საფუძველს მართლა იძლევა ხელისუფლებაში მოსული ძალის შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედება. თუ ხელისუფლებაში მოსულ ძალას ჭეშმარიტად სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მან გაეროს წინაშე უნდა დააყენოს ჩანაცვლების საკითხი ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის 28 იანვრის რეზოლუციაზე დაყრდნობით, რადგან ამ რეზოლუციას საერთაშორისო სამართლებრივი აქტის იურიდიული ძალა აქვს. რუსეთის შეიარაღებული (მართლაც რომ საოკუპაციო) ჯარის გაყვანის სხვა სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. თუ სააკაშვილი ამას რუსეთის წინააღმდეგ შეირაღებული ძალის გამოყენებით დააპირებს, მაშინ მივიღებთ საქართველოს სრულ ოკუპაციას, რაც საბოლოოდ ღალატის ტოლფასი იქნება, ხოლო ცხინვალის დაბობმვა და ცხინვალში შეჭრა განიხილება როგორც ვუალირებული ღალატის საწყისი ეტაპი.

–საგარეო პოლიტიკურ ურთერთობათა დონეზე სად არის გამოსავალი?

–საქართველოს ისტორიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საერთაშორისო პოლიტიკურ ურთერთობათა დონეზე ქართველი ერის ბრძნული გადაწყვეტილება ერთად-ერთია: უნდა შეიცვალოს ხისტად პროდასავლური ორიენტაცია და გამოაცხადდეს ბლოკებს მიუმხრობლობის პოლიტიკა. ამის შესახებ მრავალგზის მოვუწოდე ხელისუფლებაში მოსულ ძალას. მაგრამ ამაოდ, რადგან ალბათ ეს ჩვენი იმ სამხრეთელი (სომხეთელი) მეზობლის ისტორიულ სწრაფვას ეწინააღმდეგება, რომელსაც ძლიერი ლობი ჰყავს დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მე მგონი ზუსტად გამოვთქვამ ძველქართულ შეგონებას: “მტერიას შინა ყოლასა, შარაზე ლომიას წოლა სჯობია.”

[ ... ]

ზუგდიდში სააკაშვილის თვალწინ ჟურნალისტები ცემეს

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობას და ყინულის მოედანზე სრიალს, ინცინდენტი მოჰყვა - ჟურნალისტები, მათ შორის, პრესა.გე-ს კორესპონდენტი ნანა ფაჟავა და რეგიონალური ჟურნალის “ღია ბოქლომი“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ილია ჩაჩიბაია სცემეს. ნანა ფაჟავა პრესა.გე-სთვის გამოსაგზავნ ვიდეოსიუჟეტისთვის მასალას იღებდა, როცა მას ვიდეოკამერა ჯერ დაუზიანეს და შემდეგ წაართვეს.

ამ მასალაზე მუშაობა უკვე დასრულებული გვქონდა, როცა ნანა ფაჟავამ ზუგდიდიდან დაგვირეკა (18.53 წუთი) და გვითხრა, რომ პოლიციელებს დასაკითხად ძალის გამოყენებით მიჰყავდათ. ჩვენ სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვთხოვეთ დახმარება. რამდენიმე წუთში მან დაგვირეკა და გვითხრა, რომ სამეგრელოში სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ბაგრატ ქირია, ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია, მთელი დღის განმავლობასი მონიტორინგს ახორციელებს და დღევანდელ ინცინდენტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისი განცხადებას სავარაუდოდ ნაახალწლევს გააკეთებს.

ცენტრალური ტელეარხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის აღნიშვნა, ტრადიციულად ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც თავის ცოლ-შვილთან და უახლოეს ნათესავებთან ერთად ჩავიდა.

ნანა ფაჟავას და ილია ჩაჩიბაიას მონათხრობს, ინცინდენტზე, რომელიც თან ახლდა სააკაშვილის ზუგდიდში სტუმრობას, პრესა.გე უცვლელად გთავაზობთ.

ნანა ფაჟავა: “ჯერ კიდევ გუშინ, დაახლოებით 19 საათისთვის შევნიშნეთ “ჯიპის“ მარკის ავტონანქანები. მე და ილია ჩაჩიბაიამ ვიფიქრეთ, რომ ეს პრეზიდენტის კორტეჟი იყო და ავედევნეთ. კორტეჟი სამხარეო ადმინისტრაციიდან დაიძრა. ვნახეთ როგორ შევიდნენ ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაში და ვცადეთ გაგვერკვია რა ხდებოდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იქვე იდგნენ, ვკითხეთ - ინფორმაცია გვაქვს, რომ სააკაშვილი ზუგდიდშია ჩამოსული და გვაინტერესებს, ხომ არ გეგმავს პრესკონფერენციას, ან რაიმე განცხადების გაკეთებას? მათ პასუხად მოგვიგეს, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაცია და რომ პრეზიდენტი ზუგდიდში არ იმყოფებოდა. ტერიტორიასთან ახლოს დგომა და მით უმეტეს გადაღება აგვიკრძალეს. გამოვიდა ერთი ადამიანი, სავარაუდოდ სამთავრობო დაცვის წევრი და საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს უთხრა - “შეეშვით, იყვნენ, ქუჩაში ძროხებიც კი დგანან“-ო და ჩვენც წამოვედით.
დღეს დილით შევიტყვეთ, რომ სააკაშვილი ყინულის სახლში მორიგ პიარ–ჩვენებას მართავდა. რომ მივედით, ეს ღონისძიება მთავრდებოდა; ყინულის სახლიდან ბოლო მანქანა გამოვიდა, რომელშიც სააკაშვილი იჯდა. კორტეჟს უკან გავყევით. ჩემთან ერთად იყო რადიო „მწვანე ტალღის“ კორესპონდენტი. კორტეჟი სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართულებით წავიდა, რომელიც ცენტრალურ ტრასაზე მდებარეობს. იქვე სტადიონია და ვნახე, რომ ვერტმფრენი ასაფრენად ემზადებოდა. იქვე მობილიზებული იყო 200 კაცამდე შეიარაღებული პირი (სამთავრობო დაცვა, ზუგდიდისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, კუდი, სოდი, შსს–ს სპეცრაზმი), დაახლოებით 50 მანქანა.

ცენტრალურ ტრასაზე მანქანიდან გადმოვედი და გადაღება დავიწყე. პირველი, ვინც შემეწინააღმდეგნენ, იყვნენ კბილებამდე შეიარაღებული, სავარაუდოდ შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლები. ისინი ექვსნი იყვნენ. მათი გადაღება დავიწყე და შეტრიალდნენ, ნუ გვიღებთო. მე გადაღება გავაგრძელე. იქვე იმყოფებოდდნენ: ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია; საპატრულო სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ბელქანია; კუდ-ის უფროსის მოადგილე, ირაკლი გაწერელია და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები. უცებ ჩვენსკენ დაახლოებით 30 კაცი წამოვიდა. ისინი თავს დამესხნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა პირადი დაცვის წევრი, რომელსაც სააკაშვილის ყველა ვიზიტის დროს ვხედავ. მასთან ერთად გამორჩეულად აქტიურობდა სამთავრობო დაცვიდან ერთ-ერთი მაღლჩინოსანი (მაღალი, ქერა, ოდნავ მელოტი, მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭდით). ეს დეტალები იმიტომ შევამჩნიე, რომ ხელი მან ჩამავლო, რათა კამერა წაერთმია. კამერას არ ვაძლევდი. გარშემორტყმული ვიყავი, შუაში მომიმწყვდიეს, მექაჩებოდნენ, მირტყამდნენ, ეს გრძელდებოდა 10 წუთი. ამ დროს ილია ჩაჩიბაიასთან ერთად იყო კახა მიქაია და “დაიცავი საქართველოს“ სხვა წევრები. მათ ცალკე ფრონტი გაუხსნეს – გარს უამრავი შეიარაღებული კაცი ეხვიათ.

ჩაჩიბაია ცემეს. მას და მიქაიას ტელეფონები წაართვეს. ილიას დაუბრუნეს, მაგრამ – დამტვრეული. ჩიპი ამოიღეს. კახა მიქაიას არ დაუბრუნეს. მას ტელეფონი სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა ზაზა ხასაიამ წაართვა. სააკაშვილის პირადი დაცვის წარმომადგენელი, 45 წლამდე მამაკაცი მეუბნებოდა, რომ ჩვენ სახელმწიფო საიდუმლოებას ვიღებდით და რომ მე ამისთვის დავისჯებოდი. ვიღაცას გასძახა დააკავეთო. ცხადია, არ შევუშინდი, მიდი, გაბედე–მეთქი, - ვუთხარი. ამის გამო მთელი გაწევ–გამოწევა იყო. არ დავიხიე, კამერა არ მივეცი. მანამდე გაქცევაც ვცადე, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომა ვერ მოვასწარი. კამერა ხელში მეჭირა, მაგრამ ბოლოს ხელიდან მაინც გამომგლიჯეს და ვნახე, რომ დაზიანდა. ხელი გავუშვი, რადგან შესაძლებელი იყო ჩავეწიხლე. ბეჭდიანმა მითხრა, ტვინს გაგასხმევინებო.

ვთხოვე - არ დამიმტვრიოთ, ისეთი არაფერი გადამიღია, სახელმწიფო საიდუმლოებას რომ წარმოადგენდეს; ამის გადაღების უფლება მქონდა; თუმცა, კი ბატონო, წაშალეთ, ოღონდ არ დაამტვრიოთ. მოგცემთ ამ კასეტას, მაგრამ სხვა კასეტა მომიტანეთ–მეთქი. მასალის დათვალიერება დაიწყეს (კამერა ამის საშუალებას ჯერ კიდევ იძლეოდა), ვერტმფრენის აფრენის მომენტი ნახეს და განაცხადეს, ეს უკვე საიდუმლოებააო და წაშალეს. დაზიანების გამო კასეტა აღარ ამოდიოდა. ვუთხარი, მე ეს გრანტით მივიღე, პირადია და კეთილი ინებეთ, შემიძინეთ და დამიბრუნეთ–მეთქი.

ამ დროს მომიახლოვდნენ: სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავა და გამგებელი ქობალია, რომელმაც ხმამაღლა თქვა - „წაართვით, კამერა არ დაუბრუნოთო“. მოკლედ, კამერა ქარდავას ეჭირა ხელში და იკითხა, ვისიაო. ვისაც ეჭირა იმისია, თუ არ იცით, რაღას მართმევთ–მეთქი და საბუთი მაჩვენე, რომ შენიაო, - თქვა. ამის შემდეგ სააკაშვილის პირადმა დაცვამ ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა მომთხოვა. მანქანაში მაქვს–მეთქი და მანქანაში კი არა, სააკაშვილთან რომ მოდიხარ ყელზე უნდა გეკიდოსო. ყელზე თქვენ დაიკიდეთ–მეთქი, - მივუგე. სააკაშვილის მცველთაგან ერთმა ახმახმა თქვა - “თავი დაანებეთ, ყ...ბა გადაიღოო“. ამაზე ვუპასუხე - თქვენ რასაც აქ აკეთებთ, ზუსტად ეგ არის და თქვენ ის ხართ, რასაც ამბობთ და ამდენი ასეთი, ერთად შეკრებილი კარგა ხანია არ მინახავს–მეთქი. სიმწრისგან აღარც ვიცოდი, რას ვეუბნებოდი.

კამერა ქარდავას ხელში ეჭირა. დამიბრუნე, არ მეშინია დაჭერის და მაინც მოგიწევთ მაგის უკან დაბრუნება–მეთქი. ალიკა ქობალიაც იქვე იდგა და ვუთხარი, სჯობია ქობალია დაიცვა, რესტორნებში წარამარა რომ უბარტყუენებენ–მეთქი. ამის შემდეგ სამთავრობო დაცვამ თავის მართლება დაიწყო, ჩვენ ხომ არ დაგვიმტვრევიაო და ქარდავას მიმართეს, დაუბრუნეთო. უცებ გახდნენ ზრდილობიანები.

ქარდავამ კამერა მაინც არ მომცა. კორტეჟი წავიდა, ვერტმფრენი აფრინდა და მერე ვნახე, რომ ქარდავა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სამხარეო პოლიციას მივადექი. გვითხრეს, არავინ არის, არც უფროსი და არც მიადგილეო. ეზოში ზაზა ხასაია შევნიშნე, რომელიც ცოტა ხნის წინ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი იყო და სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, რადგან ხასაიას სიმამრი, ცოლისძმა და მისი ცოლი ნარკოტიკების რეალიზაციაზე დააკავეს, მაგრამ მფარველებმა გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, ამისათვის რამდენიმე ოჯახმა მთელი ქონება გაყიდა. ამბობენ, რომ ქარდავა, რომელიც თითქოს სამეგრელოში ნარკორეალიზატორებს არ აჭაჭანებს, თავად არის რეალიზატორი და ხასაიასნაირი პოლიციელების დახმარებით სამეგრელო წამალზე შესვა.

ეზოში ეს ამბავი შევახსენე – ამიტომ გვაქვს კარგად საქმე–მეთქი. იქიდან ყველანი (მე, ილია ჩაჩიბაია, „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტი და კახა მიქაია) წამოვედით. რაიონის გამგეობასთან მივედით და მომხდარი გავაპროტესტეთ. ეს ამბავი ზუგდიდში ყველამ იცის. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, პოლიციასთან ვიმყოფებით“.

ილია ჩაჩიბაია: „ზუგდიდში ყინულის სახლთან სამი მრავალსართულიანი სახლია. “დაიცავი საქართველოს“ წევრმა, საშა მოლაშხიამ გვაცნობა, “სააკაშვილი წაბარბაცდა, დაეცა და ფეხი იღრძოო“. როცა ყინულის სახლთან მივედით, დაცვამ მოგვთხოვა ტერიტორია დაგვეტოვებინა და სააკაშვილისგან 100 მეტრის მოშორებით, ხალხთან ერთად დავმდგარიყავით. ჟურნალისტი ვარ და ცენტრალურ ტელევიზიებთან ერთად, აქ ყოფნა მეც შემიძლია-მეთქი, - ვუთხარი და პასუხად აგრესია მივიღე - 50 პოლიციელი მომვარდა, წამათრიეს და შემოღობილს იქით გამიყვანეს. დავმორჩილდი და იმ ადგილიდან დავიწყე ფოტოების გადაღება. მომვარდა პოლიცია, კუდი, სოდი და მუცლის არეში ცემა დამიწყეს. ახლაც ცუდად ვარ.

შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევდნენ. ამ დროს ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. შეჩერდნენ, მაგინებდნენ, გაჩუმდიო, პირზე ხელი ამაფარეს და კორპუსებისკენ წამათრიეს. უცებ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა გამოჩნდა, მანქანის მინა ჩაწია და უბრძანა ჩემთვის თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთნენ კახა მიქაია და მისი მეგობრები. მათი დახმარებით ტერიტორია დავტოვე.

სამხარეო პოლიციასთან წავედით, სადაც ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია და 100 მეტრის სიშორიდან ფოტოების გადაღება დავიწყე – როგორ მიდიოდა სააკაშვილი კოჭლობით ვერტმფრენისკენ. სპეცრაზმელები თავს დამესხნე. ამ დროს ნანა ფაჟავას პოლიციელები გარს ეხვივნენ, მაგრამ ვერაფრით ვშველოდით, რადგან ჩვენც იგივე დღეში ვიყავით. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები გვიყვიროდნენ დაგვაგინედბნენ - “თქვენ ზუგდიდელი პოლიციელები ხომ არ გგონივართ, რას ბედავთ, თქვენი დედაო“. იყო ძალადობა, შეურაცხყოფა... იქვე იდგნენ საპატრულო პოლიციის უფროსი ალექსანდრე ბელქანია და ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია.

როდესაც მცემდნენ, იქვე მცხოვრები დალი ლატარია გამომესარჩლა. ასევე მისი შვილი სახლიდან, მეორე სართულიდან მოითხოვდა არ ვეცემე. პოლიციელები მეორე სართულზე ავარდნენ, ბინაში შეიჭრნენ და ის ბიჭი დააკავეს. ამის შესახებ დალიმ მითხრა, რომელიც არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ არის, მაგრამ რეპრესია მაშინვე შეეხოთ. აღსანიშნავია, რომ მე ზუგდიდლებისგან ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი“.

პრესა.გე აუცილებლად დაუბრუნდება ამ ინციდენტს და ყველა კანონიერი საშუალებით შვეცდებით, გავარკვიოთ ვისი ინიციატივით ხდება ზუგდიდში მსგავსი შმთხვევები. ეს არ არის პირველი და, ვფიქრობთ, რომ არც უკანასკნელი.

დღეიდან პრესა.გე უფრო აქტიურად გააშუქებს სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს და ჩინოვნიკების ცხოვრებას და „მოღვაწეობას“.

პრესა.გე შეეცდება გაარკვიოს, ვინ და რატომ „უბარტყუნებს თავში“ ზუგდიდის გამგებელს, ალიკა ქობალიას და არის თუ არა ზუგდიდში შექმნილი სიტუაცია ამ „თავში ბარტყუნის“ შედეგი.

პრესა.გე რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა ზუგდიდის გამგებელს და მომხდარის კომენტირება თხოვა. „არ მცალია, დაკავებული ვარ“ – მოკლედ მოჭრა ქობალიამ და ტელეფონი გათიშა. მასთან დაკავშირების ყოველი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

[ნინო მიქიაშვილი, presa.ge]

[ ... ]

შოთა უტიაშვილის თანდასწრებით პოლიციის უფროსმა შეურაცყოფა მომაყენა

დღეს, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ზუგდიდში იმყოფებოდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.


მაკკეინთან ერთად, ზუგდიდში ჩამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კერძოდ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.


როდესაც მაკკეინი სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეხვედრაზე შევიდა ზემოთხსენებული პოლიტიკოსები, რომლებიც სენატორს ახლდნენ გარეთ დარჩნენ. მათ შორის იყო შოთა უტიაშვილი, რომელსაც ნანა ფაჯავას, კახა მიქაიას, დათო სორდიას, საშკა მოლაშხიას, ალიკა გეთიას და თქვენი მონა მორჩილის უკანონო დაპატიმრებაზე ინფორმაცია მოკლედ მივაწოდე, განვუმარტე როგორ დამესხნენ თავს შსს თანამშრომლები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ვიზიტისას, როგორ მცემეს და როგორ წამართვეს აუდიო და ვიდეო აპარატურა, აგრეთვე ვუამბე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფრსის თენგის გუნავას მისი მოადგილის მეგის ქარდავას, საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელის ალიკა ბელქანიას და ზუგდიდის გამგებელის ალექსანდრე ქობალიას მიერ ჩვნს მიმართ განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე. უტიაშვილმა ყურადღებით მომისმინა და ამ ფაქტებზე რეაგირების მოხდენას შემპირდა. მითხრა, განცხადება დაწერე ჩემს სახელზე და ყველაფერს გამოვიძიებთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო.


საუბარს ვასრულებდით, როდესაც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა მოგვიახლოვდნენ. შოთა უტიაშვილს მიმართეს და უთხრეს „ამას რას ელაპარაკებით არანორმალურია“–ო, მეგის ქარდავამ უტიაშვილის გასაგონად ექიმთან მისვლა ირონიული ტონით მირჩია, (მე პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე, რადგან უმალ "პროვოკატორად" შემრაცხავდნენ თან, მათგან განსხვავებით ზრდილობა გამაჩნია) გუნავამ იქვე მდგომ რიგით პოლიციელს დაუძახა და ჩემი იქიდან გაყვანა უბრძანა...


აღსანიშნავია, რომ ბატონი შოთა ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა და დაბნეულობისგან ხმას ვერ იღებდა. ახლა ხომ გჯერათ ბატონო უტიაშვილო რა დღეში ვყავართ ამ ნაძირალა ჩინოვნიკებს. თქვენს გასაგონად გამლანძღეს და ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიშვებიან როდესაც ჩვენს პირისპირ მარტო აღმოჩდებიან?!. მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი ასე უხეშად შეგვაწყვეტინეს და რას უზამენ იმ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით?!.


საგულისხმოა, რომ ჩემი შეურაცყოფის ფაქტს გიგა ბოკეტიაც შეესწრო, მეტიც გუნავას ჰკითხა რა დააშავა ასეთი ამ ჟურნალისტმა მისი გაძევების გადაწყვეტილება, რომ მიიღეთო.


მოკლედ, ზუგდიდელი ჩინოვნიკები ჟურნალისტების უფლებებს მაშინაც არღვევენ, როდესაც ქალაქს ავტორიტეტული ფიგურები სტუმრობენ.


აქვე გეტყვით, რომ დღეს სააკაშვილის რეზიდენციასთან პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუსალეს „რუსთავი2“–ის გადამღებ ჯგუფს, ისევ პილიციელებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ემა გოგოხიამ მომხადი ადგილზევე გააპროტესტა, თუმცა ეს ინციდენტი ბუნებრივია არასდროს გახმაურდება...

[ილია ჩაჩიბაია]

[ ... ]

ყოველი ხელისუფლება იმას უნდა გრძნობდეს, რომ ხალხის წინაშე პასუხს აგებს

ინტერვიუ "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორთან ქეთევან ხუციშვილთან

-"ღია საზოგადოება საქართველო", რომელიც სოროსის ფონდის სახელით უფროა ცნობილი, უკვე რამდენი წელია, რაც საქართველოში მოღვაწეობს. თქვენი აზრით, რა არის ამ საქმიანობის შედეგი?

- "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" 1994 წელს გაიხსნა, ანუ წელს ფაქტიურად საქართველოში მოღვაწეობის 15 წელი გვისრულდება. ძნელია ასეთი მრავალწლიანი შედეგების შეფასება, მითუმეტეს იმ ქვეყანაში, რომელიც დღესაც მძიმე დღეშია, მაგრამ მე მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ფონდმა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე მედიის განვითარებაში, სხვადასხვა არასამთავრობო ჯგუფების შექმნასა და გაძლიერებაში. დღეს, ავად თუ კარგად, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს. ეს საზოგადოება საკმაოდ მრავალფეროვანია. ასევე გვყავს არაერთი ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ვთვლი, თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს არსებული ორგანიზაციები, როგორიცაა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველო" "სამართლიანი არჩევნები" და ა.შ ასეთი ძლიერი არასამთავრობოების არსებობა მხოლოდ ჩვენი ფონდის დამსახურება არა, მაგრამ ამაში სხვა დონორებთან ერთად ჩვენი ფონდის წვლილიცაა. ასევე ვთვლი, რომ ფონდს საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული მედიის არსებობისთვის და შეიძლება ითქვას მისი გადარჩენისთვისაც.

- 2009 წელს განხორციელებული პროექტებიდან ხომ ვერ გამოყოფდით რამდენიმეს და ხომ არ მოგვითხრობდით, რა კონკრეტული სასარგებლო შედეგები მოჰყვა მათ განხორციელებას?

- მე თვითონ დაახლოებით ერთი წელია, რაც ფონდში ვმუშაობ. ჩემი აზრით, წელს არაერთი საინტერესო პროგრამა წამოვიწყეთ და მრავალ საინტერესო წამოწყებას დავუჭირეთ მხარი. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მედიაპროექტები. მედიის დასახმარებლად და გასაძლიერებლად ჩვენ გვქონდა როგორც კონკურსები, ასევე თავისუფალი პროექტები. შემიძლია აღვნიშნო რეგიონალური რადიოების ქსელი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ერთიანი ასოციაცია, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, რაც ასევე გამოსაყოფია, მიმდინარე წელს ახალი მედიისადმი ჩვენი დახმარებაა. გარდა ამისა, ჩვენ ჩავატარეთ ახალი მედიის ფორუმი, სადაც მოწვეული გვყავდა, ერთის მხრივ, გამოცდილი ჟურნალისტები, მეორე მხრივ კი ახალგაზრდა დამწყები ბლოგერები, ახალგაზრდები, რომლებიც ფეისბუქში აქტიურობენ. მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო დამოუკიდებელი სტუდიების დახმარება და საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომლებიც ახდენენ საერთაშორისო დონორთა მიერ გამოყოფილი 4,5 მლრდ-ს გადმორიცხვისა და ხარჯვის მონიტორინგს.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა მიმართულებით წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ვთვლი, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც გადავდგით. მაგალითად, სხვა ორგანიზაციებთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ ნაციონალურ პარკზე აღარ გაივლის 500 კილოვატიანი გადამცემი ხაზი, რაც დამანგრეველი იქნებოდა ბორჯომის პარკისათვის და უკვე გადაწყვეტილია, რომ ხაზი შემოვლით გაივლის და შესაბამისად, ბუნებას შევინარჩუნებთ. უახლოეს მომავალში დავასრულებთ ანგარიშს ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში და ამ ანგარიშს იანვრის დასასრულისთვის წარვადგენთ. ამ ანგარიშს ჩვენ წარვადგენთ საქართველოში, ჰააგაში და ვაშინგტონში, იმისთვის, რომ უფრო ფართოდ მოხდეს ამ პრობლემების ანალიზი და შესაძლოა აღძრული იქნას ახალი საერთაშორისო საქმეები რუსეთის წინააღმდეგ. ესეც სერიოზულ მიღწევად მიმაჩნია.

- როგორია ფონდის სტრუქტურა, ჩვეულებრივ, რა ძირითადი მიმართულებებით მიმდინარეობს მუშაობა?

- ფონდის სტრუქტურა საკმაოდ სპეციფიურია. ჩვენ გვყავს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც ჩვეულებრივ შედგება 7 ადამიანისგან. აღმასრულებელი საბჭოს თითოეული წევრის შერჩევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ეს ის ერთადერთი პროცესია, რომელშიც ჩართულია ნიუ-ორკის ოფისიც, რომ გარკვეულწილად მოხდეს გადამოწმება, რომ პროცესი სრულიად სამართლიანად მიდის. ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მოვიწვიოთ ხოლმე, რომელთაც კარგი რეპუტაცია აქვთ. გარდა ამისა, ვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერკვევიან იმ თემებში, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. შემიძლია დაგისახელოთ ადამიანები, რომლებიც დღეს აღმასრულებელ საბჭოში გვყავს, ესენია: ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, გაგა ნიჟარაძე.
ჩვენ 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს და შესაბამისად, გვყავს კომისიები. ამ ექსპერტთა კომისიების ახალი წევრების არჩევა და დამტკიცება უკვე აღმასრულებელ საბჭოში ხდება. შემოსულ პროექტებს, იქნება ეს კონკურსი თუ ღია კარის ფარგლებში შემოსული პროექტი, სწორედ კომისია განიხილავს. კომისია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებს, მაგრამ ხშირად კომისიის წევრებს შორის არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა, და თუკი შეთანხმება არ ხერხდება, მაშინ უკვე გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღება. რატომ არის ასეთი რთული სტრუქტურა? იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალიან სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება, ანუ მხოლოდ პროგრამამ ან მხოლოდ დირექტორმა არ მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროექტის დაფინანსების შესახებ.

- ხომ არ მიიჩნევთ, რომ ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ წლების და მათ შორის მიმდინარე ეტაპზე საქართველოში გაკეთებული სასიკეთო საქმეების თაობაზე საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული? ეს გარკვეული მიდგომა და ნორმაა, თუ ამ მიმართულებით ნაკლები მუშაობის შედეგი?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ საზოგადოება ჩვენი ფონდის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლების მანძილზე გვქონდა განწყობა, რომლის მიხედვითაც ჩვენი საქმე უნდა გვეკეთებინა, რასაც ადრე თუ გვიან დადებითად შეაფასებდნენ. ახლა მივხვდით, რომ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ და უფრო მეტი კავშირი უნდა დავამყაროთ მედიასთან, უფრო მეტად გამოვჩნდეთ საზოგადოებაში. გარდა ამისა, ვცდილობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს გარშემო შემოვიკრიბოთ და მათთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

- რამდენად აქტიური იქნება ფონდი 2010 წელს? გაიზრდება თუ შემცირდება ფონდის დაფინანსება?

- ჩვეულებრივ ფონდი შეიმუშავებს ხოლმე სტრატეგიას 2 ან 3 წლისთვის და ამ სტრატეგიის შემუშავებისას ჩვენ, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ რა საჭიროებებია ქვეყანაში და ჩვენმა დაფინანსებამ რა მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მოგვცეს. 2010 წელს ფაქტიურად იგივე პრიორიტეტები იქნება შენარჩუნებული, რაც 2009 წელს. ანუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და გაძლიერება, მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობის ხელშეწყობა ქვეყანაში და ბოლოს, ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვა, ეს უკანასკნელი ცალკე მიმართულებად გვაქვს. მედიის პროგრამაში, გარდა იმ მიმართულებისა, რაც გვქონდა, დაგვემატება კიდევ ერთი პრიორიტეტი, ჟურნალისტური განათლების ხელშეწყობა. რაც შეეხება დაფინანსებას, ბიუჯეტი იგივე მოცულობის გვექნება, რაც 2009 წელს.

- თბილისის ინტელექტუალთა წრეში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან გავრცელებული იყო აზრი, რომ ფონდები გადაწყვეტილებებს იღებდნენ მთავრობასთან კონსულტაციების გზით. შევარდნაძის დროს გადამწყვეტი იყო ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფის დამოკიდებულება ამა თუ იმ ორგანიზაციისადმი. თქვენი ფონდის შემთხვევაში როგორ იყო და დღეს როგორ არის?

- არ მიმაჩნია ეს სწორ შეფასებად. მე თვითონ ვიყავი ფონდის აღმასრულებელ საბჭოში რამდენიმე წელი და არ მახსოვს მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას ზეწოლა ყოფილიყო. ასევე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე საგანგებო ზეწოლაა ახლა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ურთიერთობა მთავრობასთან, სხვადასხვა სტრუქტურებთან, მაგრამ საგანგებო მცდელობა მათგან, რომ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. იმედია არც იქნება.

- ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი დღეს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. ხომ არ გულისხმობს ეს, რომ ნაციონალების გავლენა დიდია გადაწყვეტილებების მიღებისას? თუ არ ვცდები, ბატონი დარჩიაშვილი დღესაც ფონდის გამგეობის წევრია.

- დავით დარჩიაშვილი 5 წელი იყო ფონდის დირექტორი, ამიტომ საზოგადოების წარმოდგენაში იგი ჯერ კიდევ ფონდთანაა ასოცირებული. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფაქტიურად იგი დღეს ფონდის საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას არ იღებს, არც აღმასრულებელი საბჭოს წევრია და არც კომისიის წევრი და შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებზე იგი - არავითარ ზეგავლენას არ ახდენს.

- თუ ობიექტურები ვიქნებით და გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" ეს არაერთხელ აღუნიშნავს, "ღია საზოგადოება საქართველო" ყველაზე დამოუკიდებელი და ობიექტური იყო ყოველთვის გადაწყვეტილებების მიღებისას, ახლაც ასეა. სხვა მხრივ, არ დააფინანსებდით "მაესტროს" "პროფესია ჟურნალისტს", ნანა ლეჟავას (სტუდია GNS) "კვირის რეპორტაჟს" და ვახტანგ კომახიძის ჟურნალისტურ გამოძიებებს. თუმცა, აქაც იგრძნობა, რომ რაღაც ვიწრო წრეს ქმნით და გრანტებს იღებენ არა პრობლემის აქტუალობისა და ჯგუფის ინტელექტუალური პოტენციალის შესაბამისად, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში. რეალურად როგორ არის საქმე?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ჩვენ შეზღუდული რესურსები გვაქვს და შესაბამისად, ვერ დავაფინანსებთ ყველა იმ პროექტს, თუნდაც კარგს, რომელიც შემოსულია. ყოველთვის საჭირო ხდება არჩევანის გაკეთება. რაც შეეხება საგამოძიებო ჟურნალისტიკას, დღეს არის 3 ძლიერი საგამოძიებო ჯგუფი და წელს სამივეს დაფინანსება მოხდა. არა იმიტომ, რომ ეს ძლიერი ჯგუფებია, არამედ იმიტომ რომ მათ კარგი პროექტები შემოიტანეს და, შესაბამისად, დაფინანსდა. წელს ჩვენ გვქონდა კონკურსი გაზეთებისთვის ვებ-საიტების განვითარებაზე და 5-მა გაზეთმა გაიმარჯვა - "რეზონანსმა", "24 საათმა", "კვირის პალიტრამ", "გურია ნიუსმა" და "ქუთაისის P.შ".- მა. ეს მცირე გრანტები იყო, მაგრამ მათ ძალიან დაეხმარათ თავიანთი ვებ-საიტების განსავითარებლად. ჩვენ გვქონდა კონკურსი რეგიონალური ტელევიზიებისთვის და 5 გრანტი გაიცა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებული აღმოჩნდა, რადგან ერთ გრანტში 3 ტელევიზია მონაწილეობდა. რაც შეეხება დიდ ნაციონალურ ტელევიზიებს, მათ ჩვენთვის გრანტებისთვის არ მოუმართავთ. მე ვიტყოდი, რომ მათ ჩვენი დაფინანსება არც სჭირდებათ.

- ხომ არ მიიჩნევთ, რომ ფონდი ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ვიდრე ეს პრობლემები ამას იმსახურებს, ეკონომიკურ მედიას და ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემებს საერთოდ.

- ადრე ჩვენ გვქონდა ეკონომიკის განვითარების პროგრამაც, მაგრამ როცა 2009 წლის სტრატეგია იწერებოდა, საბჭომ გადაწყვიტა, რომ იგი დაეხურა, რადგან არ იყო წარმატებული. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ფონდი უნდა კონცენტრირდებოდეს რამდენიმე მიმართულებაზე, რადგან ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებს. ამიტომ დღეისათვის არ გვაქვს ეკონომიკური განვითარების პროგრამა და, სამწუხაროდ, ეკონომიკურ მედიასაც ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა, კარგი ბიზნეს-ჟურნალისტიკის განვითარება მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მედიაპროგრამიდან ცოტა მეტად ვიფიქროთ ეკონომიკური მედიის განვითარებაზე.

- რამდენად შეესაბამება, თქვენი აზრით, ფონდის მიერ დახარჯული სახსრები მიღწეულ შედეგებს? საერთოდ, საერთაშორისო ფონდების საქართველოში საქმიანობის რეზულტატს როგორ შეაფასებდით, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობიდან?

- მიმდინარე წელს 300-მდე გრანტი გავეცით. მათი ნაწილი ძალიან მცირეა, ხოლო დანარჩენი კი საშუალო და დიდი გრანტები. ვფიქრობ, რომ იმ სახსრების გათვალისწინებით, რაც გვქონდა, საკმაოდ ბევრი მოვახერხეთ. რაც შეეხება საერთოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობას, ეს რთული თემაა. ერთი მხრივ, მე ვთვლი, რომ მათ მაინც ჰქონდათ შედეგი თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო ვითარდება, ეკონომიკა არ არის დანგრეული და სახელმწიფო არ არის მოშლილი. ის დიდი საერთაშორისო დახმარება, რომელიც ომის შემდეგ შემოდის, რომ არ შემოსულიყო ჩვენთან უმწვავესი პროცესი იქნებოდა. ჩემი აზრით, სწორედ ეს დახმარება განაპირობებს იმას, რომ აქ სრული ქაოსი და სახელმწიფოს ჩამოშლა არაა. ფართომასშტაბით რომ შევხედოთ, დღეს ძალიან ბევრი საუბარია მსოფლიოში, რომ საბოლოო ჯამში იყო კი ეს ეფექტური? მძიმე მაგალითი საერთაშორისო დახმარებების არაეფექტურობის არის აფრიკა, სადაც მართლა მრავალი მილიარდია დახარჯული და რეალური შედეგები არაა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი ამ დახმარებებმა შესაბამისი ნაყოფი გამოიღო და ქვეყნების ნაწილი უკვე შეუერთდა ევროკავშირს. როგორც ჩანს, საერთაშორისო დახმარების სწორად და ეფექტური გამოყენება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ნორმალური ხელისუფლება, მეტ-ნაკლებად განვითარებული საზოგადოება და ა.შ. მძიმე კორუფციულ ქვეყნებში, სამწუხაროდ, ეს დახმარება შესაბამის შედეგს არ იღებს. ეს ისეთი სფეროა, რომ ყველამ ბევრი უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ტიპის დახმარება გახდეს უფრო ეფექტური. ყოველი ხელისუფლება იმას უნდა გრძნობდეს, რომ ხალხის წინაშე პასუხს აგებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ჯგუფების არსებობა, რომლებიც ყოველთვის ძალიან მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ ხელისუფლების საქმიანობას.

[ესაუბრა შოთა ბუჩუკური]

[ ... ]