ვინ აწაპნა განმუხურის მოსახლეობას ფულადი დახმარება?!

რუსეთის მიერ განხორციელებულმა ოკუპაციამ და აგრესიამ საქართველოს მილიონობით ზარალი მოუტანა. მშვიდობის დროშებს ამოფარებულმა რუსმა სამხედროებმა ქვეყანაში გაანადგურეს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა "აღშფოთება" გამოთქვეს და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს. მათ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი მილიონებით შეავსეს, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უნდა მოხმარებოდა. ფინანსური დახმარება გათვლილი იყო იმ ქალაქებსა და სოფლებზე, რომლებიც ომოს დროს დაზარალდა. თუმცა კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა აქაც "მოაფათურეს" ხელები და ჯიბეებიც საკმაოდ გაისქელეს. აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებულებს შორის, ზუგდიდის რაიონი სოფელი განმუხურიც მოხვდა. იმ მიზეზით, რომ სოფელი აფხაზეთის თვითგამიცხადებული რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს, "რუსული ხელი" უფრო მწარედ მოხვდა. შვეიცარიის განვითარების ფონდის დახმარებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვით განმუხურში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს უნდა მიეღო თანხა 740 ლარის ოდენობით. იგივე პროექტის მიხედვით, მთელი მოსახლეობის აღწერა უნდა მომხდარიყო და ერთიანი სია უნდა დაეგზავნათ აღნიშნულ ორგანიზაციაში. აღწერა მართლაც ჩატარდა, ამავე სოფლის მცხოვრები ოდიკო და ლალი ჭაფანძეების მიერ, მაგრამ არა ყველა ოჯახის, არამედ, მხოლოდ რამდენიმე მოსახლის. ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად აღწერაში შვეიცარიის განვითარების ფონდის თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. აღმოჩნდა, რომ ფულადი დახმარება მხოლოდ 160-მა ოჯახმა მიიღო. ხოლო დახმარების გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა ვითარებაში გარკვევა "ღია ბოქლომთან" ერთად სცადს...
განმუხურელებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მრავლად არიან ისეთი ოჯახები, რომლებმაც თანხა თითო წევრზე მიიღეს და არა მთლიანად ოჯახზე. შექმნილ უკანონობაში მოსახლეობა, აღწერაში მონაწილე ჭაფანძეებს დებს ბრალს, რომლებმაც სააგენტოს არასრული სია მიაწოდეს...
სოფლის ცენტრში აქციები უკვე არავის უკვირს. დახმარების მოლოდინში მყოფებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებიც სტუმრობენ, ისინი დაპირებას დაპირებაზე იძლევიან, შედეგი კი არაფერი სჩანს. 
ჩვენ დავუკავშირდით დეპუტატს ჯონი საჯაიას, თუმცა დამაიმედებელი ინფორმაცია მისგან ვერ მივიღეთ. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის. საჯაიამ განგვიმარტა, რომ რაიმე სახის მოთხოვნებს ვერ წაუყენებს ვერც შესაბამის სტრუქტურებს და ვერც სოფლის გამგებელს. 
მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ საქმეში არ ჩანს სოფლის გამგებელი. ჩვენი მცდელობა _ გავსაურებოდით ჯონი მიშველიას, უშედეგოდ დასრულდა. მან დასმული კითხვები უკომენტაროდ დატოვა.
უიმედოდ დარჩენილმა ხალხმა წარმომადგენლები დედაქალაქში გაგზავნა იმ იმედით, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას შესძლებდნენ. ქვეყნის პირველ პირთან ვერა, მაგრამ დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელთან და პარლამენტარ გიგი წარეთელთან საუბარი მაინც მოახერხეს. თბილისშიც "დაპირებას" დასჯერდნენ, მაგრამ ის სოფლის ცენტრში მოსმენილს ნამდვილად სჯობდა. 
განმუხურში "დაპირებების დასტა" ჩამოიტანეს. აქციები კვლავ განახლდა. მათ შვეიცარიის განვითარების ფონდის კეთილი ნების წარმომადგენელთან შეხვედრაც მოახერხეს. ელჩის განმარტებით, ამ დროისათვის ფონდში თანხა ამოწურულია და როგორც კი დონორი ორგანიზაცია გამოჩნდება, მაშინვე მოხდება დარჩენილი ოჯახებისთვის თანხით დაკმაყოფილება. 
არასასიამოვნო, თუმცა დამაიმედებელი პასუხებისა და დაპირებების ამარა დარჩენილი განმუხურელები, კეთილი მომავლის იმედით იცდიან. 

ირაკლი მუშუქია
ქრისტინე საჯაია