კახეთში რეგიონული გაზეთ ”იმედის” გამოცემა შეწყდა

კახეთში რეგიონული გაზეთ ”იმედის” გამოცემა შეწყდა. გაზეთის გამოცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გაზეთის სარედაქციო კოლეგიამ დღეს მიიღო.

გაზეთ ”იმედის” რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მითითებით კერძო კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაზეთ ”იმედში” რეკლამის განთავსება უკვე რამდენიმე თვეა აეკრძალათ.

- ”ამავე მიზეზით, გაზეთის ხელმომწერთა რაოდენობა წელს მკვეთრად არის შემცირებული. ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, გაზეთი აქამდე მაინც გამოიცემოდა, თუმცა რამდენიმე დღეა, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის დავალებით, გაზეთის რედაქტორის და თანამშრომლების წინააღმდეგ დევნა ხორციელდება. უფრო მეტიც, ვიცე - გუბერნატორის ძმის გოჩა სიბაშვილის მითითებით, რომელიც ოფიციალურად შს გურჯაანის სამმართველოს განყოფილების უფროსია, სინამდვილეში კი პოლიციის სამმართველოს ფაქტობრივად ის ხელმძღვანელობს, გუშინ, გვიან ღამით, გაზეთის რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავებაც იგეგმებოდა.

”ამის შესახებ გაზეთის რედაქცია და თავად გელა მთივლიშვილი სანდო პირებმა გააფრთხილეს. დღეს, კი როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გაზეთ ”იმედის” ჟურნალისტების ”გაფუჭება” გურჯაანში რამდენიმე მაღალჩინოსანს დაავალა, რაზედაც უარი მიიღო. ამის გამო, ვიცე - გუბერნატორი მათ გათავისუფლებას გეგმავს.

”ამგვარი ტერორის პირობებში ვერ ვახერხებთ სრულყოფილად მუშაობას, რის გამოც იძულებულები ვართ გაზეთის გამოცემა შევწყვიტოთ”, - ნათქვამია გაზეთ ”იმედის” რედაქციის განცხადებაში. გაზეთის თანამშრომლები გუბერნატორის ადმინისტრაციის გაღიზიანებას გაზეთში ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე კრიტიკული სტატიებისა და ჟურნალისტური გამოძიებების გამოქვეყნებას უკავშირებენ.

- ”მე მზად ვარ ბრძოლისთვის. მე იმაზე მეტი ვიცი ზოგიერთებს რომ გონიათ... შედეგისათვის ბრძოლა კანონიერი მეთოდებით და თანაც პირდაპირ სახალისოა, საინტერესო და ყოველშემთხვევაში მე ჟინს მმატებს და უფრო ბრძოლისუნარიანს მხდის. ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, მეც ხომ მიყვარს სკანდალები”, - ეს გუბერნატორის პირველი მოადგილის ბოლო კომენტარი გახლავთ, რომელიც გაზეთ ”იმედის” ჟურნალისტმა ჩაიწერა. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენ არავის ვებრძვით. ჩვენ, ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით.
რეგიონული გაზეთი ”იმედი” კახეთში 2003 წლიდან გამოიცემა. გელა მთივლიშვილი გაზეთს 2005 წლიდან რედაქტორობს. ამ ხნის განმავლობაში გაზეთის ჟურნალისტებზე ზეწოლის და თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. გაზეთის რედაქტორს საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა ორჯერ აუფეთქეს, შემდეგ მისი მკვლელობა სცადეს, მერე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არცერთი საქმე გამოძიებული არ არის. რამდენიმე დღის წინ კი ჟურნალისტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.