რის ალაგმვას აპირებს ცოტნე გამსახურდია?!...

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ოპოზიციას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ამჯერად გამსახურდია დაუფარავად აცხადებს, რომ ზუგდიდის ცენტრში განთავსებული საკნების “ალაგმვას” აპირებს. გუშინ, სამეგრელოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტ ნანა ფაჟავას პირად საუბარში განუცხადა, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მალე თავიდან მოვიცილებთ ქალაქში განთავსებულ საკნებს, აქციის დარბევას მათივე თანამოაზრე ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები გეგმავენო. ჟურნალისტებმა ეს ამბავი სარწმუნოდ არ მივიჩნიეთ, რადგან კუდი, სოდი და ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტრო განთქმულია ინტრიგების ხლართვით და მუდმივად ცდილობს ერთმანეთს გადაჰკიდოს თანაპარტიელები მეგობრები და მამა-შვილიც კი. მიუხედავად ამისა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავსირება, ვცადეთ, თუმცა როგორც გაირკვა იგი საქართველოში არ იმყოფება, მისმა ძმამ ცოტნე გამსახურდიამ კი კომენტარზე უარი არ გვითხრა, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე კითხვის დასმის საშუალება მოგვცა, შემდეგ კი ყურმილი დაკიდა:


-ცოტნე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ ზუგდიდში გაგრძელდეს საკნების აქცია...


-რათქმაუნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მამაჩემის სახელის გამოყენების და მითუმეტეს, ისეთი პოლიტიკური მოძრაობის მიერ, რომელიც შედგება მხედრიონელებისგან და ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი მებრძოლებისგან. ვგულისხმობ ლონგი ჭელიძეს, ვახო ბარბაქაძეს, ლევან გაჩეჩილაძეს, გიორგი გაჩეჩილაძეს და ასე შემდეგ...


-ზუგდიდში საუბრობენ, რომ საკნების დარბევას გეგმავთ, მართალია?


-სრული პასუხისმგერბლობით ვამბობ, რომ მათ აუცილებლად ავლაგმავ..


-რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, და ალგმვაში რას გულისხმობთ?


-ძალიან მალე ნახავთ, მე არ მიყვარს წინასწარ ჩემს გეგმებზე საუბარი...


განაცხადა გამსახურდიამ და სატელეფონო კავშირი გაწყვიტა.

უკვე, ოთხ თვეზე მეტია დარბევის მოლოდინშია სამეგრელოში საკნების აქციის ორგანიზატორი კახა მიქაია, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პირველად ჩვენგან შეიტყო და კომენტარის გაკეთებაზე უარი განგვიცხადა. 
“ეს ამბავი პირველად თქვენგან მესმის. და თუ მართლაც ასეა, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს შევიკავებ” – ამბობს მიქაიამ.

სამაგიეროდ, საკუთარ მოსაზრებას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ის ზუგდიდელები გამოთქვამენ, რომლებსაც ჩვენ ზუგდიდის ქუჩებში გავესაუბრეთ. ერთ-ერთი მოქალაქე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს “მე, გავიგე, რომ ძმები გამსახურდიები ქობალიას, გოროზიას და ახალიას ადმინისტრაციების დარბევას, ხოლო შემდეგ აფხაზეთიდან რუსების ალაგმვას გეგმავენო”.

ძნელი სათქმელია რა მოხდება სინამდვილეში, მაგრამ ფაქტია, რომ სამეგრელოში სიტუაცია დაძაბული რჩება. 

ილია ჩაჩიბაია