სენაკის გამგებელმა უმწეოებს ულუფა შეუჭამა!

რამოდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციაში სენაკელი, მიუსაფარი, მოხუცების წერილი შემოვიდა, სადაც ისინი, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გახსნილ მიშას “საამაყო” უფასო სასადილოში არსებულ მძიმე პირობებზე გვიყვებოდნენ და რეაგირებას გვთხოვდნენ. 
რედაქციამ ხალხის პრობლემა ტრადიციულად გულთან ახლოს მიიტანა და სენაკს ვესტუმრეთ. 

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ქალაქის თეატრის პირველ სართულზე განთავსებულ ერთ პატარა ოთახში მიუსაფართა უფასო სასადილო დმხვდა, ანტისანიტარიაზე რომ არაფერი ვთქვათ შესასვლელში მძაფრმა შმორის სუნმა შემაწუხა, ოთხის შუაში 4 მაგიდაა იყო გაშლილი. ეს დაწესებულება კი როგორც მოგვიანებით გამგეობაში განაცხადეს დღეში 180 ადამიანს მასპინძლობს. შესვლისთანავე პირველი ვინც შემხვდა მოხუცი მამაკაცი იყო, გამოველაპარაკე და ვკითხე პირობებით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მეთქი, ამ დროს იქაური თანამშრომელი გამოჩნდა და მოხუცს თვალები დაუბრიალა. დაბნეულმა კაცმა შემომხედა და სასადილოში არსებული სიტუაცია ნათელ ფერებში დახატა. 
ორ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფს სასადილოდან დაახლოებით 15 მეტრში გავესაუბრე. მთხოვეს ჩვენს ვინაობას თუ არ დაასახელებთ ყვეალფერს მოგიყვებითო:

“სენაკელებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს, მაგალითად უმუშევრობა, თავის რჩენის საშუალება არ არსებობს, ამიტომ პედაგოგი ქალი ამ უფასო სასადილოში დავდივარ. 
კვება ძალიან ცუდია, ყოველ დღე ერთი და იგი მენიუ აქვთ. წარმოიდგინეთ წყალს, რომელშიც ცოტაოდენი ბოსტნეული ჩაყარეს ხორციან წვნიანს ეძახიან. კომპოტს გემო არ აქვს, ისიც შეღებილი წყალია. ფლავს კი ქიმიშისა და შაქარის გარეშე ამზადებენ. რომელი ერთი გითხრათ, გაუსაძლისი პირობებია. აქ, რომ არ მოვიდე ფაქტობრივად უნდა ვიშიმშილო, მაგრამ ასთ საკვებს ალბათ მაინც შიმშილობა სჯობია. თქვენც ხედავთ აქ რა სიტუაციაა, ამიტომ გთხოვეთ ჩვენთან ჩამოსვლა”.

“რამოდენიმე დღის წინ დააკავეს სენაკის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი - ზაზა მურღულია, რომელიც სააკაშვილის სასადილოს ხელმძღვანელობდა, მას თანხების გაფლენგვაში სდებენ ბრალს. როგორც შევიტყვეთ 100 ათასი ლარი მიითვისეს გამგებელმა (კობა კილოასონიამ), მისმა მოადგილემ (შოთა ოდიშარიამ) და მურღულიამ. უახლოეს ხანებში პროკურატურა სხვა პიროვნებების დაკავებასაც გეგმავს. ესენი ჩვენნაირ საწყლებს ლუკმას პარავდნენ. სააკაშვილი კი გამოდის ტელევიზიით და გაიძახის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ ხდება...
სენაკში, სახელმწიფო მოხელეები იმ თანხებით, რომლითაც მოხუცებისთვის საჭმელი უნდა ეყიდათ ფუფუნებაში ცხოვრობენ.”
რაიონის პრობლემებზე ღიად საუბარს არ ერიდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებსაც ჩვენ სენაკის ქუჩებში გაესაუბრეთ.

ინგა ქარდავა: “ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობაა, ქალაქში ანტისანიტარია სუფევს, შიდა გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია. როგორც ვიცით, ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი თანხები გამოიყო _ აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ თვითმმართველობის წევრები და გამგებელი საუკეთესო ავტომანქანებით დადიან და საქმის გაკეთებაზე არ ფიქრობენ. უმწეოებს ლუკმა პური წაგლიჯეს. ხალხი შიმშილით იხოცება. გვიშველეთ რამე!”.

მურმან როგავა: “მიუსაფართა ცენტრში ჩემი ბებია დადიოდა, რომელიც 70 წლის იყო, ერთი კვირის წინ იქაური საკვებით მოიწამლა და გუშინწინ დაიღუპა. დღეს, მისი დაკრძალვის ხარჯების გადახდას ხელისუფლებას ვთხოვ.”

დღის ბოლოს, ინტერვიუზე დაგვთანხმდა უპოვართა “სასაფლაოს” მონიტორინგის სამსახურის უფროსი მარინე ნანეიშვილი, მისი მონაყოლის თანახმად სენაკი ბედნიერი ქალაქია, ხალხს პრობლემები არ აქვს და საერთოდ ცხოვრება მშვენიერია.
“ინტრიგან ადამიანებს ნუ დაუჯერებთ. ყოველდღიურად მზადდება ხორციანი წვნიანები და გემრიელი ფაფები. მენიუ მრავალფეროვანია. თითო მზრუნველობა მოკლებულ ადამიანზე გათვალისწინებულია დღეში 100 გრამი ხორცი.

რაც შეეხება სასადილოს უფროსის დაკავებას გეტყვით, რომ პროკურატურიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს თანხების მითვისებისთვის დააკავეს და ზუგდიდის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდაო”.

[ილია ჩაჩიბაია, სენაკიდან]