მარინა სალუქვაძე სენსაციურ თემებზე ალაპარაკდა!

ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ასეთი პრეცედენტ ჯერ არ ყოფილა - რედაქტორი ინტერვიუს საკუთარი მოადგილისგან იღებს. ეს მავანთ შესაძლოა, “მედია-ნეპოტიზმად” მონათლონ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა, მერე რა?! ისე, ვიღაცებს შესაძლოა, რუბრიკის სახელწოდებაც არ მოეწონოთ, მაგრამ მერე რა?! დღეს ჟურნალისტთა სახელების გადაცემის სათაურში “გამოტანა” ხომ მოდურია?! ჰოდა, თუ მოდაა, მოდა იყოს...
მაშ ასე, “ქართული სიტყვა” და საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსი” ერთობლივ პროექტს წარმოგიდგენთ.

...პირველი სტუმრის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. მარინა სალუქვაძეს ყურადღება არც ადრე აკლდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს ჰკითხა, სალუქვაძესთან სექსზე გიოცნებია თუ არაო, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის “ტაბუ”-ს ყოფილი წამყვანი და ამჟამად საინფორმაციო სააგენტო “ფაქტნიუსის” მთავარი რედაქტორის, ანუ ჩემი მოადგილე... ისე, არსებობს მოკრძალებული მოსაზრება, რომ სექსი რაღაცით პოლიტიკას ჰგავს და, პირიქით. ეს, ერთი შეხედვით, უტოპია, შესაძლოა, რეალობად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მარინა სალუქვაძე მალე ახალ სკანდალში გაეხვას.

ყველაფერი კი ძალიან მარტივადაა: მარინას და, ქალბატონი მანანა ნინო ბურჯანაძის პარტიის სახეა. მარინა კი, სპიკერყოფილის და, საერთოდ, მისი პარტიის მიმართ, რბილად რომ ვთქვა, არაკეთილადაა განწყობილი.
რატომ არ მოსწონს ღვიძლი დის პოლიტლიდერი, რას სთავაზობდა კონსტანტინე გამსახურდია და რატომ აუგორა სკანდალი “ტელეიმედმა” საკუთარი მფლობელის ცოლს?
თქვენს წინაშეა მარინა სალუქვაძის სიმართლის დრო!

- მარინა, როგორ ხარ?

- არაჩვეულებრივად!

- არ მჯერა...

- დღეს ვინმე არაჩვეულებრიდავ რომ იყოს, დაუჯერებელია, არა?

- არც უმაგისობაა, მაგრამ არაჩვეულებრივად იმიტომ ხარ, რომ შენზე სექს-ტენდერია გამოცხადებული?
- (სერიოზულად) არა, მაგიტომ არა! სიმართლე რომ ვთქვა, ყურადღება არასოდეს მაკლდა, თუმცა ახლა საზოგადოებას ახალი თემა მიეცა... ისე, მაგ თემამ “ჩაიარა” და აღარც მაინტერსებს...

- შეიძლება, შენთვის ჩაიარა, მაგრამ ხომ იცი, მედალს ორი მხარე აქვს და ჰოდა, აბა, შალვა რამიშვილს ჰკითხე, რომელსაც “ცხოვრება დაუნგრიე”...

- მე დავუნგრიე ცხოვრება?

- აბა, მე? ადამიანი ციხიდან გამოვიდა, სამსახური იშოვა და... შენ კი უჩივლე...

- არ მიჩივლია. უბრალოდ, ვთქვი, შემიძლია, ვუჩივლო-მეთქი...

- ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ მარინა სალუქვაძე შალვა რამიშვილს “შეაშინებდა”...
- ნამდვილად არ ვიცი, ჩემი რამიშვილს შეეშინდა, “იმედს”, “თიბისი ტვ”-ს თუ ყველას ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შალვას გაშვებასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება შიგნით მიიღეს და მე, ალბათ, ერთ-ერთი საბაბი ვიყავი.

- ანუ, იზიარებ კულუარებში გავრცელებულ ხმას, რომ შალვა რამიშვილის “იმედზე” გამოჩენამ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი ერთობ გააღიზიანა. ალბათ, ისიც გსმენია, რომ ნაპატიმრალი რამიშვილის ტელერეამინება გიორგი არველაძემ, თურმე, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა...

- არ მინდა, კულუარებში შევიხედო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ვანო, ჟურნალისტები ვართ და ჭორები მეც გამიგია...

- მარინა, ეს ინტერვიუ, როგორც შევთანხმდით, შენი “სიმართლის დროა”. ამიტომ პირდაპირ გკითხავ: მშვენიერი ქალი ხარ და რა გასაკვირია, შენს შემხედვარე მამრს სექსი რომ მოუნდეს? მსახიობ ია სუხიტაშვილის თქმისა არ იყოს, მაშინ უნდა გაბრაზებულიყავი, შენს დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს...

- შეიძლება, სუხიტაშვილს ესიამოვნოს, მის დანახვაზე ვინმეს ხაჭაპური რომ მოუნდეს, მაგრამ ჩემი სექს-სიმბოლოსთან ასოცირება, ჯერ ერთი, ღიმილისმომგვრელია. მეორეც, ამან ჩემს მშობლებში, მეუღლესა და ქალიშვილში სერიოზული აგრესია გამოიწვია.

- ესე იგი, შინ დაგტუქსეს, სექს-იმიჯი რატომ გაქვსო?

- ვანო, ასეთი ცინიკური ნუ ხარ...

- მე და ცინიზმი? კარგი, რა, მარინა?!..

- ამ გადაცემის ანონსი ეთერში პირველად რომ გავიდა, მამაჩემმა გაოცებულმა დამირეკა, მერე, ჩემი ქმარი გახდა “დასაბმელი” და როცა ჩემი შვილიც მოწყენილი დავინახე, უკვე აღარ მესიამოვნა. ისე, ეს კითხვა მხოლოდ გადაცემაში რომ ყოფილიყო დასმული, არავის არაფერი დაამახსოვრდებოდა, რადგან გადაცემას მაინცდამაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა, მაგრამ ეს კითხვა, ანონსის სახით, ეთერში მთელი კვირა ტრიალებდა, რასაც ინტერნეტში გვერდის გახსნა მოჰყვა და, შენი თქმისა არ იყოს, მართლა ტენდერი გამოაცხადეს. მე რომ, მაგალითად, “ფლეიბოის” ფოტო-სესიებში მიმეღო მონაწილეობა, რაც ახლა, სხვათა შორის, დაფასებულია, მაშინ...

- მარინა, შენ რომ “ფლეიბოისთვის” გეპოზიორა, დღეს, მინიმუმ, კულტურის სამინისტროს რომელიმე დეპარტამენტის შეფი იქნებოდი...

- არ მგონია, რომ ამ ქალბატონის კარიერა მხოლოდ და მხოლოდ “ფლეიბოიმ” განაპირობა, მით უმეტეს, ნინას მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს...

- ნინა ვინ არის? მარინა, მე არც ნინა მიხსენებია და არც - ქსენია...

- (იცინის) ნუ, მე უფრო პირდაპირი აღმოვჩნდი... საერთოდ, პირდაპირობა მჩვევია...

- ჰოდა, ახლა პირდაპირ გკითხავ: რამიშვილს ზემოხსენებული კითხვა რომელიმე სუპერ-კაცისთვის, მაგალითად, ბრედ ბიტისთვის რომ დაესვა, მაშინაც გაბრაზდებოდი?

- იგივე რეაქცია მექნებოდა...

- ისე, ხმა დადის, მესხს, თურმე, აიძულეს, რომ ამ კითხვაზე ეპასუხა და დაპირდნენ, ფულს მოგაგებინებთო...

- ამას მიშა მესხი, თურმე, აღიარებს... სიმართლე რომ გითხრა, სადმე მიშა მესხს რომ შევხვდე, სიცილით მოვკვდები.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ბიჭმა თავისი ეროტიული ზმანებები სააშკარაოზე გამოიტანა...

- საერთოდ, შენზე ჭორები უხვადააა... თურმე, ერთი პოლიტიკოსიც “გეფარცქვალებოდა”...

- (გულიანად იცინის)

- ეს ისტორია საჯაროდ რომ მოვყვე, გეწყინება?

- რაც გინდა, მოყევი, დასამალი რა არის...

- მოკლედ, ახლა მიამბე, კონსტანტინე გამსახურდია როგორ “გაბავდა”...

- ეს “შებმა” არ იყო.

- აბა, რა იყო?

- მე და ბატონი კონსტანტინე ერთმანეთს ბატონიშვილის ქორწილში შევხვდით და მითხრა, მე თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და აუცილებლად დაგირეკავთო. მეორე თუ მესამე დღეს აფთიაქში ვიყავი, ტელეფონმა დარეკა და მამაკაცმა მითხრა, კოკო ვარო. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი მეგობარი, კოკო კაპანაძე მირეკავდა და ვთხოვე, კოკო, ახლა რაღაცას ვყიდულობ და ცოტა ხანში დამირეკე-მეთქი... რამდენიმე წუთში, უკვე მანქანაში ვიჯექი, ტელეფონმა ისევ დარეკა და მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი კი არა, სხვა კოკო იყო. მოკლედ, კოკომ მკითხა, ქორწილში დიდხანს დარჩითო? მივუგე, - დიახ, ბატონო კონსტანტინე, ვიყავით მე და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად, მერე, იქიდან ბარში წავედით-მეთქი. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ყურმილში ბატონი კონსტანტინეს განხიბლული ხმა გაისმა, - ააა, ქმარი გყავთ?!

- რა ამის პასუხია და, გაპოლიტიკოსების სურვილი არასოდეს გქონია? აი, თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა “მზე” დაბნელდა და “ტაბუ” დაიხურა? სხვათა შორის, ახლა მოდურია: ჟურნალისტები პოლიტიკაში ბითუმად მიდიან. ყოველ შემთხვევაში, ინგა გრიგოლია, თურმე, ჩუღურეთში იყრის კენჭს, ლიკა ნაღებაშვილიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას...

- დიდებული ამბავია, ინგას სიამოვნებით დავუჭერ მხარს...

- შენც იყარე კენჭი, მით უმეტეს, შენი და პოლიტიკოსია...

- ჩემმა დამ არჩევანი თვითონ გააკეთა, მე კი აპოლიტიკური ადამიანი ვარ!

- შეიძლება, მაგრამ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყრილობაზე, მახსოვს, იყავი...

- ყრილობაზე ჩემი დის საყურებალდ ვიყავი. სხვათა შორის, მთხოვა, რომ ყრილობისთვის მაკიაჟი გამეკეთებინა... ასე, საყურებლად ადამიანი სპექტაკლზეც დადის...

- ესე იგი, ბურჯანაძის პარტიას სპექტაკლად თვლი?

- რასაკვირველია!

- ასე რატომ ფიქრობ?

- ის ადამიანი, ვისაც არ ეცვლება გამომეტყველება, ჩაცმულობა, სამკაული და ისე აძაგებს იმ ადამიანს, რომელსაც ადრე იგივე ჩაცმულობით, გამომეტყველებითა და სამკაულით აქებდა, ჩემი პატივისცემის ღირსი არ არის?!

- შენ და შენი და ერთად ცხოვრობთ?

- არა. ერთად ზაფხულობით, წყნეთში, აგარაკზე ვართ ხოლმე.

- აგარაკი ვისი საკუთრებაა?

- ბაბუამ შთამომავლობით დაგვიტოვა.

- მაინც, ფრთხილად იყავი, რადგან პარტიული ბოსის, რბილად რომ ვთქვა, გაკრიტიკების გამო, შენმა დამ შესაძლოა, ამ აგარაკზე მისვლის ნება აღარ მოგცეს.

- ჩემმა დამ არაჩვეულებრიდავ იცის, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ ვცემ!

- ამის გამო გიჩხუბიათ?

- კი, გვიკამათია. საერთოდ, ჩემი დის არჩევანი არასოდეს მომწონდა.

- ვთქვათ, შენმა დამ, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახემ, ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრა დააპირა. მის წინააღმდეფ გამოხვალ?

- ვანო, ხომ იცი, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

- ეს გავიგე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: შენ დას, როგორც ბურჯანაძის პარტიის სახეს, გაუწევ აგიტაციას?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ძალიან მიყვარს, მან ეს არჩევანი დამოუკიდებლად მიიღო და ამ პოლიტიკური, ასევ ვთქვათ, ამბის გარდა, გვერდზე ყოველთვის დავუდგები! მოკლედ, ბურჯანაძე ჩემთვის იდეალს არ წარმოადგენს, ანუ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომლის პიარ-კამპანიაშიც ჩავერთვები, თუმცა ცალკეულ პოლიტიკოსებს შემიძლია, მეგობრული რჩევა მივცე, როგორ ჩაიცვას და როგორ მოიქცეს...

- მარინა, შენი და ჩემი მეგობარი, ლალი მოროშკინა ახალ ბეტსელერს წერს - “რევოლუციით განქორწინებულნი”. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დები სალუქვაძეების “განქორწინებაც” შეიძლება მოხდეს?

- სხვადასხვა პოლიტიკური პოზიცია ერთმანეთის დაკარგავს არ ნიშნავს. სხვათა შორის, ქალბატონ ბურჯანაძეს ერთადერთხელ, ორი წლის წინ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე შევხვდი. იმხანად ქალბატონი ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მე კონცერტი მიმყავდა და სცენაზე რომ ამოვიდა, ხელი ჩამომართვა...

- შენი და რას ამბობს?

- ის თვლის, რომ მისი არჩევანი სწორია...

- რამდენიმე თვის წინ, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიაზე ფარული ვიდეო-ჩანაწერები გავრცელდა, არ შეგეშინდა, რომ ძალოვანებს შეიძლება, თქვენი სახლიც გაეჩხრიკათ?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა როცა ეს კადრები ვნახე, არ მესიამოვნა. ისე, ჟურნალისტი ვარ და გადასარევად ვიცი, აგიტაციური მანქანა როგორც მოქმედებს... 6 მაისს, პაატა ბურჭულაძემ კონცერტზე დამპატიჟა. ამასობაში, ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა და ტირილით მითხრა, ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ხალხს ესვრიან და მანჩო, ანუ ჩემი და ტელეფონზე არ მპასუხობსო. არ მახსოვს, ოპერიდან როგორ გამოვიქეცი, რადგან არ ვიცოდი, ჩემს დას რა სჭირდა და საოცარი შიში დამეუფლა...

- მარინა, ოჯახის სხვა წევრები შენს პოზიციაზე არიან თუ შენი დის?

- ოჯახი აბსოლუტურად ნეიტრალურია. ჩემი და 47 წლისაა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. საკმაოდ პრინციპული ადმაიანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ვგრძნობ, ხვდება, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა.

- ეს კითხვა არ დაგისვამს?

- ამ თემაზე უკვე იმდენჯერ ვიკამათეთ, თან ვგრძნობ, რომ გაღიზიანებულია და ვცდილობ, ამ საკითხზე აღარ ვისაუბრო. სხვათა შორის, ვანო, ახლა გამახსენდა, რომ ბურჯანაძის ყრილობაზე შენც იყავი...

- კი, ბატონო, ვიყავი... მარინა, ალბათ, გრძნობ, რომ ამ ინტრევიუს გამო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვევი...

- არანაირი სკანდალის არ მეშინია, რადგან არ ვთამაშობ და რასაც ვამბობ, ჩემი პოზიციაა, ანუ ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს სიმპათიას უფრო ხელისუფლება იმსახურებს, ვიდრე - ოპოზიცია.

- არ გირჩევია, იყო არაგულწრფელი და, სამაგიეროდ, გქონდეს კარგი სამსახური და უზრუნველი ცხოვრება?

- არ მირჩევია, რადგან თამაში სცენაზეა კარგი! მე კი თამაში არაფერში მჭირდება!

- ესე იგი, მარინა, შენთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს, არა?

- დიახ.

- მაშინ გკითხავ: “რაკიინის” გენდირექტორის მოადგილე შენი ქმარია. "იმედის” 90 პროცენტს სწორედ “რაკიინი” ფლობს, ანუ საკუთარი ქმრის ტელევიზიამ “აგიგორა” სკანდალი. სად არის ლოგიკა? ოპოზიცია ამტკიცებს, ტელევიზიებზე ხელისუფლების დიქტატიაო და ამაზე მეტი დემოკრატია რაღაა?

- დარწმუნებული ვარ, არც შალვა რამიშვილმა, არც პროდიუსერმა და არც ფსიქოლოგებმა არ იცოდნენ, რომ დათო ჩემი მეუღლეა. ისე, ორი წლის წინ ჭორი გავრცელდა, რომ მე და დათო ერთმანეთს დავშორდით და იმდენი ილაპარაკეს, სანამ ჩვენს შორის სერიოზული უსიამოვნება არ დაიწყო...

- ბოლოს და ბოლოს, ქმარს გაცილდი თუ არა?

- (იცინის) ჯერ არა...

- აპირებ?

- არ ვიცი, ხვალ და ზეგ რას გავაკეთებ. ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა შემიძლია - გარეგნობის, სამსახურის, ქმრის, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი! მოკლედ, არ ვიცი, მომავალში რას გავაკეთებ!

- შარშან, ომის დროს, მახსოვს, ქმარზე ძალიან გაბრაზებული იყავი...

- კი, მართალია და ეს გაბრაზება გამომყვა... სიმართლე რომ ვთქვა, ამ ეტაპზე სხვა პრობლემებით ვარ დაკავებული და ახალი სიყვარულისთვის არ მცალია.

- რა ვიცი, რამდენიმე დღის წინ მითხარი, იანვარში ჩემზე რამე სკანდალურს გაიგებო...

- შეიძლება, გაიგო, შეიძლება - არა. საერთოდ, არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს და პარტისტორიასაც ამიტომ ვერ ვიტანდი, რომ ხუთი და ათი წლის გეგმები არსებობდა...

- როცა დათომ ეს კითხვა მოისმინა, არ იყვირა, ამ “სიმართლის დროს” ახლავე დავხურავო?

- ეს არ უთქვამს, მაგრამ შინ ყველაფერი დაამტვრია. მერე კი კი ლევან ყუბანეიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ ანონსი ამოეღოთ. ლევანმა ანონსი მაშინვე გადააკეთა... სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ანონსი ლამის ათი დღის მანძილზე ტრიალებდა, “იმედის” დირექტორს, ოთარ ბუბაშვილს შევხვდი, რომელმაც შემომთავაზა, რომ “იმედზე” პროექტი გამეკეთებინა. გამეღიმა, რადგან “იმედზე” მუშაობა ნამდვილად არ მინდა!
საერთოდ, არ შეიძლება, ხალხი გააწბილო და აიყოლიო მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ხალხი ფარა არ არის. მე ის ხალხი მომწონს, ვინც ყალბი არ არის. აი, წეღან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუზე ვსაუბრობდით. ჩემი აზრით, ნანუკა ყალბი არ არის და ამიტომ, მისი გადაცემა უფრო მომწონს და ბევრად უფრო მართალია, ვიდრე - ჩემი გადაცემა “ტაბუ” იყო, ანუ ვაღიარებ, რომ “ტაბუში” დაძაბული ვიყავი...
ყველაზე სამწუხარო კი, იცი, რა არის? ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც მთავარი ფული და სექსია, სხვა ღირებულებები კი მეორე და მესამე პლანზეა. ტელევიზიის საქმე ცუდად მაშინ წავიდა, როცა აქცენტი მხოლოდ სექსა და ფულზე აიღო. მე ასეთ საზოგადოებაში თავს ცუდად ვგრძნობ!

- აბა, როგორი საზოგადოება გინდა?

- ბევრად უფრო ლმობიერი და კეთილი, თუმცა ვიცი, ეს უტოპიაა!

- შენ ხარ ლმობიერი? მაგალითად, შენი და იმისთვის, რომ ბურჯანაძის სახეა, ხომ შეგიძლია, არ გააკრიტიკო?

- როდემდე უნდა მოვითმინო?

- ისე, რატომ გადაწყვიტე, რომ ყველაფერი ეს საჯაროდ გეთქვა?

- იმიტომ, რომ შენ მკითხე... ვანო, შენ ჩემი მეგობარი ხარ და საჭიროდ ჩავთვალე, მელაპარაკა.

- ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, შენი და ხომ ცუდ განწყობაზე დადგება?

- ჩემმა დამ ჩემი პოზიცია იცის და რასაც მე ვაკეთებ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაბიჯია...

- შენს დას “ტაბუ” საჯაროდ რომ გაეკრიტიკებინა, გესიამოვნებოდა?

- “ტაბუ” ჩემი პროფესიული ქმნილება იყო, პოლიტიკა კი ჩემი დის პროფესია არ არის.

- რატომ წავიდა მანანა პოლიტიკაში? მოგების იმედი ჰქონდა?

- ვერ გეტყვი... ქალბატონი ბურჯანაძისგან ხელფასი არ მიუღია და მატერიალურ კომპენსაციაზე ლაპარაკიც არ არის... შეიძლება, პირადი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ჩემი დის არჩევანი არ მომწონს და ხომ შეიძლება, ჩემი აზრი მქონდეს?!

- ცხადია, შეიძლება...
[ვანო პავლიაშვილი]