ფეოდალი გოროზია მაზანდარას თხილნარში [video]

მას შემდეგ, რაც ლამის მთელი სამეგრელოს ლანდშაფტი „აითვისა“ იტალიური „ფერერო“ წალენჯიხასაც მიადგა. უცხოურმა კომპანიამ, რომელმაც საქართველოში თხილის გაშენებას მიჰყო ხელი, ამჯერად თვალი ზემო მაზანდარას დაადგა და მიწის მოზომვასაც შეუდგა.

სოფლის მოსახლეობაც სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა და შარაგზაზე გამოიყვანა. საპროტესტო აქციის გამართვა მაზანდარელებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან უცხოელ ინვესტორებზე მიწის ნაკვეთების მიყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ვერ მიიღეს. როგორც წალენჯიხაში ამბობენ, იტალიელებმა 76 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინეს.

ხელისუფლებასთან შუამავლის როლის შესრულება მაზანდარელებმა ოპოზიციას სთხოვეს. სოფელში ჩასული „დაიცავი საქართველოს“ წევრები მიწის გასხვისებას აქციის მონაწილეებთან ერთად აპროტესტებდნენ.

მაზანდარის მოსახლეობამ ხელისუფლებას სამი პირობა წაუყენა – თითოეულ კომლს დაწესებული ნორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთის 1 ჰექტარამდე შევსება; საძოვრების გამოყოფა; ხოლო მესამე პირობა სპეციალური აუქციონის ჩატარებას ეხება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს.

დეზდემონა შანავა: „ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ და დაგვპირდნენ, რომ სოფლის მიწები არ გაიყიდებოდა. ახლა მოვიდნენ, ნახეს ჩვენი ტერიტორიები... იტალიელები არიანო და მათ მიჰყიდეს ჩვენი მიწები. სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვცოდნოდა, აუქციონი ხომ უნდა ჩატარებულიყო. ჯერ ჩვენ არ ვართ დაკმაყოფილებული და უცხოელებს თხილის გასაშენებლად მისცეს? რაიონის ხელმძღვანელობამ რომ არ იცის ისე როგორ გაიყიდა?“

ფაციანა შანავა: „აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ხალხს უჭირს. მარტო მიწა გვაქვს და ესეც რომ წაგვართვან, მერე რაღა ვქნათ? ღორი ან ძროხა არ უნდა ოჯახს, თავი რით ვირჩინოთ? გაჭირვებული მდგომარეობა აქვს ხალხს. ადამიანი ავად რომ გახდეს, ექიმთან ვერ მიდის. 20–წლიანი უმუშევრობის შედეგი რა არის, არ იცის ჩვენმა მთავრობამ? ხელისუფლება წალენჯიხისკენ საერთოდ არ იხედება.“

ცენტრალურმა თუ არა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 29 დეკემბერს მაზანდარაში მართლაც „შეიხედა.“ თავსხმა წვიმაში შეკრებილ ადამიანებს „შეწუხების“ მიზეზი თავად გამგებელმა მამუკა ქარდავამ ჰკითხა, რომელიც „შემთხვევის ადგილზე“ საკრებულოს თავმჯდომარისა და პოლიციის უფროსის თანხლებით გამოცხადდა.

„შეწუხების“ მიზეზების ახსნა პირველი „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ „გაბედა“, რომელმაც უკანონობასა და უსამართლობაზე მიუთითა. შემდეგ კი ხალხი ისე გააქტიურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებაში ერთმანეთს ეცილებოდნენ.

„მიწებს გვიყიდიან, ბატონო, მიწებს!“ - ისე ამბობდა მაზანდარელი გლეხი, თითქოს გამგებელს პირველად ესმოდა. არადა, ქარდავამ თავიდანვე თავი მართლაც „გაისულელა“, მაგრამ შემდეგ უნებლიედ წამოცდა: „მე „ფერაროს“ არ შემოვუშვებ, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თქვენ მოემზადეთ, რომ ეს მიწები იყიდოთ“.

გამგებლის „მზადება“ მაზანდარელმა გლეხმა „სწორად“გაიგო – ალბათ იგულისხმა, იმის იმედი აქვს მთავრობას, რომ ვერ შევიძენთ, მაგის ფული საიდან გაქვთო? და პასუხიც მიაგება: „ვიყიდით, ვიცით, პრეზიდენტის ბრძანება რომ არსებობს, 9 წლიანი განვადების უფლება გვაქვს...“

იტალიელებმა წალენჯიხის მიწები რომ „დაზვერეს“, ამის შესახებ გამგებელმა ქარდავამ საპროტესტო აქციაზე გაიგო. მან თურმე ისიც პირველად შეიტყო, რომ „ფერეროს“ გუბერნატორი გოროზია ლობირებს და მის გარეშე სამეგრელოში მიწის მტკაველიც არ იყიდება...

გამგებლისა და მოსახლეობის დავა-კამათში „დაიცავი საქართველოც“ ჩაერთო. „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ინვესტორის შემოსვლისა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გადამრჩენია, მაგრამ, ბატონო გამგებელო, ყველაფერი უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები კანონის ფარგლებში დაკმაყოფილდებიან. თუ ამ ხალხს ჩვენ მიწა წავართვით, ვართმევთ სარჩო-საბადებელს. არცერთი ქარხანა, ფაბრიკა არ მუშაობს...“ - კახა მიქაიას ეს სიტყვები ქარდავამ პოლიტიკურ განცხადებად შეაფასა და საუბრის გაწყვეტას შეეცადა.

„არ არის ეს პოლიტიკური განცხადება! მიწა გვინდა ჩვენ და იმ „ფერეროს“, რომელსაც გოროზია ლობირებს, გადაეცით თქვენ, თუ სააკაშვილი ებრძოდა თავის დროზე აჭარის ფეოდალს და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერდით მას აჭარის აქციებში, ახლა ნება იბოძოს... სანამ აქ ხალხი მეტად არ აბუნტებულა. თუ ფეოდალიზმია ახლა სამეგრელოში, მაშინ სააკაშვილი შეებრძოლოს აქაურ ფეოდალ გოროზიას.“ - არ შედრკა მიქაიაც.

ხმაურიანი საპროტესტო აქცია მაზანდარაში მხოლოდ იმ იმედით დასრულდა, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და უცხო ინვესტორებს სოფელში არ შემოუშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განახლდება და პროტესტი უფრო მასშტაბური გახდება.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი, presa.ge]