ჟურნალისტური გამოძიება: კერძო არბიტრაჟიდან სასამართლომდე

ბიზნესმენი სერგო აბაშიძე საქმიანი ვიზიტებით დატვირთული საქართველოში იშვიათად იმყოფება. სამშობლოში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს მეგობარმა დახმარება სთხოვა.

- ”დამირეკა ჩემმა ახლობელმა, რომ ფული მჭირდებაო, სასწრაფოდო. დალოდება ვთხოვე, დავურეკე ჩემს ნაცნობ ქალბატონს გვარად ჩაგანავას. ის საშუამავლო კომპანიაში მუშაობს, რომელიც სესხება-გასესხების ბიზნესში არის ჩართული”.


საშუამავლო ფირმის წარმომადგენელი ირინა ჩაგანავა სერგო აბაშიძის დიდი ხნის ნაცნობი იყო. მათ წლობის განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ირინა ჩაგანავამ მოთხოვნილი 12’200 დოლარი 15 წუთში იშოვა და აბაშიძეს საკუთარ ოფისში ბუდაპეშტის 16–ში გადასცა.

თუმცა, გასესხებული თანხის პატრონი მარინა ჯოხაძე იმ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა და სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად ვერ შედგა. დროის დეფიციტს გამო აბაშიძემ, როგორც თავად აცხადებს, ირინე ჩაგანავას ორი ხელმოწერილი ფურცელი დაუტოვა და ხელშეკრულების გაფორმება დაუსწრებლად ანდო.

ნასესხები თანხა აბაშიძემ მეგობარს გადასცა. თვითონ კი სულ მალე ქვეყნიდან გაემგზავრა. რამდენიმე თვე საშუამავლო ფირმიდან მას არავინ დაკავშირებია. 6 თვის შემდეგ გასესხებული ფული მოიკითხეს და აბაშიძის ბიზნეს–პარტნიორს, დემურ აბზიანიძეს დაურეკეს.

ნასესხები თანხიდან 15 ათასი დოლარი დემურ აბზიანიძემ ირინა ჩაგანავას გადასცა და შეჰპირდა, რომ დარჩენილ თანხას რომელიც დაახლოებით 2’000 აშშ დოლარამდე იყო, აბაშიძის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაფარავდნენ.

2007 წლის დეკემბერში საარბიტრაჟო შეტყობნება სერგო აბაშიძეს ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კერძო საარბიტრაჟო სასამრთლოდან მოუვიდა. როგროც საარბიტრაჟო პრეტენზიიდან გაირკვა მარინა ჯოხაძემ 2007 წლის 14 დეკემბერს არბიტრაჟში პრეტენზია შეიტანა და მისგან 31 ათას დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულებაში მოგების პროცენტი არა 10%, არამედ 2% იყო დაფიქსირებული.

კანონის თანახმად სადაო საქმის არბიტრაჟში განხილვა ორი მოდავე მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს და ეს წინასწარ დადებულ ხელშეკრულებაშიც უნდა აისახოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ხელშეკრულების ამ პუნქტს მოქალაქეების უმეტესობა უყურადღებოდ ეკიდება.

- პრაქტიკაში დღეს საქართველოში ხდება ისე, რომ კონტრაქტებში შაბლონურად შეიძლება ჩაიდოს კერძო არბიტრაჟი და წავიდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით არბიტრაჟში, ისეთში, რომელსაც შეიძლება არ იცნობდეს ერთი მხარე. ეს აბსოლუტურად ნორმალური არის, თუმცა არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში ეს შეიძლება ძალიან ცუდად შეუბრუნდესეს მეორე მხარეს.

საქართველოში დაბრუნებულმა სერგო აბაშიძემ საშუამავლო ფირმასაც მიაკითხა და ხელშეკრულებაც მოითხოვა. თუმცა, მას დედანი უკვე აღარ მისცეს. პირველი სხდომა არბიტრაჟში 2007 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა, რომელსაც მარიამ კობრავა თავმჯდომარეობდა. სხდომაზე აბაშიძის მხარემ ის ხელწერილი წარადგინა, საიდანაც 15’000 აშშ დოლარის გადახდა დასტურდებოდა.

მეორე საარბიტრაჟო განხილვაზე სერგო აბაშიძეს უკვე ერთის ნაცვლად ორი ხელშეკრულება წარუდგინეს, რომლითაც გაირკვა, რომ მარინა ჯოხაძემ ბაშიძეს ფული ერთ დღეს 2–ჯერ ასესხა. თუმცა ერთ დღეს გაფორმებულ ორი სხვადასხვა ხელშეკრულებაში თანხის მსესხებელი კვლავ მარინა ჯოხაძეა.

ერთ ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელი 1965 წელს ზესტაფონშია დაბადებული, ხოლო მეორე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგივე მარინა ჯოხაძე 1967 წელს ბათუმში დაბადებულა.

საინტერესოა, რომ არბიტრაჟში თავდაპირველად მარინა ჯოხაძემ მხოლოდ ერთი ხელშეკრულებით გასასეხებული თანხის დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, როგორც თავად ამტკიცებდნენ აბაშიძეს ფული ორჯერ ასესხეს (!). ადვოკატი იასონ ბესელია, რომელიც ირინა ჩაგანავას ინტერესებს იცავს აცხადებს, რომ ეს გამსესხებლის უფლება იყო.

ექსპერტთა თქმით, არბიტრაჟის აცილება მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელია. ამ პროცედურისთვის მხარემ არბიტრის არაობიექტურობა უნდა დაამტკიცოს, რაც საკმაოდ რთულია.

მას შემდეგ, რაც არბიტრების ობიექტურობაში ეჭვი შეეპარა, დაზარალებულმა აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საბურთალოს რაიონის განყოფილებას მიმართა და როგორც თავად იხსენებს თაღლითური ჯგუფის საქმიანობის გამოძიება ითხოვა. პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე გამომძიებელ ელიკაშვილს დაეწერა.

გამოძიებამ ჩაგანავა და ჯოხაძე მართლაც დაკითხა. მათ ხელშეკრულების გაყალბება უარყვეს. როგორც სერგო აბაშიძე იხსენებს. იქ მას უფრო ხელსჩასაჭიდი სამხილის მოპოვება ურჩიეს, რის შემდეგადაც მან საშუამავლო ფირმას მიაკითხა და ჩაგანავას და ჯოხაძეს მოლაპარაკება შესთავაზა და თან საუბარი ფარულად ჩაიწერა. საუბრის პროცესში ჯოხაძემ და ჩაგანავამ აღიარეს, რომ სესხის ხელშეკრულება გააყალბეს.

– “კი იყო ჯერ ერთი ხელშეკრულება. შემდეგ, რადგან სერგომ უარი განაცხადა, რომ არ გადაიხდის მე შემეშინდა, წამოვედი სოფლიდან და დავწერე მეორე ხელშეკრულება”, – ისმის ფარულ ჩანაწერში.

ადვოკატის იასონ ბესელიას განცხადებით საშუამავლო ფირმაში ხელშეკრულება არ გაუყალბებიათ. ჩანაწერი ჯოხაძის და ჩაგანავას აღიარებით აბაშიძემ გამოძიებას წარუდგინა.

2008 წლის 23 აპრილს საარბიტრაჟო სასამართლომ მარიკა დარჩიაშვილის თავმჯდომარეობით, არბიტრებმა მარიამ კობრავამ და თათია ძნელაშვილმა გადაწყვეტილება მეორე ხელშეკრულებაზეც გამოიტანეს – სერგო აბაშიძეს ერთი ხელშეკრულებით 2’104 ათასი დოლარის, ხოლო მეორე ხელშეკრულებით 38 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. სასამართლოს ორივე გადაწყვეტილებით აბაშიძეს ჯოხაძის სასარგებლოდ 40 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა...

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, არბიტრაჟმა აბაშიძე–ჯოხაძის საქმის განხილვა არ შეაჩერა. ექსპერტის, გიგა გიორგაძის თქმით ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით არასწორი გადაწყვეტილების ასაცილებლად არანაირი კანონიერი მექანიზმი არ არსებობს.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება აბაშიძემ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება არ შეუძლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ დასრულებულა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ მარინა ჯოხაძე 40 ათასი დოლარის ნაცვლად 28 ათასს დასჯერდა, დროის დეფიციტის გამო სერგო აბაშიძე ამ შემოთავაზებას დასთანხმდა. ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს კომენტარისტთის მივაკითხეთ. მათ აბაშიძის საქმეზე საუბარი არ სურთ.

საქართველოს პარლამენტმა კანონი კერძო არბიტრაჟის შესახებ 1997 წელს მიიღო. არბიტრაჟის ინსტიტუტის ამოქმედება ქვეყანაში კერძო ბიზნესის განვითარების აუცილებელი პირობა იყო. კანონმდებლობით, კერძო არბიტრაჟი, რომლის დაფუძნებაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ისეთივე უფლებებით აღიჭურვა, როგორც ზოგადი სასამართლო.

თუმცა, კანონში არსებული ხარვეზების გამო ამჟამად მიღებული გადაწყვეტილების უმრავლესობა საბოლოოდ სასამართლოს გასარჩევი ხდება. მოქალაქეები კერძო არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით დაკარგული ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით ამაოდ ცდილობენ.
[სტუდია ”მონიტორი”]