გაქცევა ციხიდან თუ პროვოკაცია?

ხონის კოლონიიდან გაქცევაში ბრალდებულმა 35-მდე პატიმარმა ქუთაისის 2 საპყრობილეში უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მათ შორის ერთ-ერთმა პირი ამოიკერა და ქართული სასამართლოს "უზენაესობა" ამ ფორმით გააპროტესტა.
ამავე დღეს ციხეში გამართულ სასამართლო პროცესზე 23 განსასჯელი და ამავე რაოდენობის ადვოკატი იყო წარმოდგენილი. დიდი მცდელობის მიუხედავად სასამართლო სხდომაზე პრესა ვერ მოხვდა, თუმცა შვიდსაათიანი პროცესის დასრულების შემდეგ განსასჯელთა ადვოკატები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი თუ კანონის უზენაესობა სამუდამოდ დასამარდა.

იურისტები იმაზეც მიუთითებენ, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგიტა თოთოსაშვილმა იმის პრეცედენტი შექმნა, რაც შესაძლოა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში დღემდე არ განხორციელებულა.
ცხრათვიანი წინასწარი გამოძიების შემდეგ პატიმართა უკმაყოფილებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა 2 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულებს საკუთარი ადვოკატების ნაცვლად სახაზინო წესით დანიშნული სხვა ადვოკატები დახვდათ.
ორმოცდაათამდე პატიმარი მოსამართლისგან ახსნა-განმარტებებს უშედეგოდ მოითხოვდა. ადვოკატები იმ ინციდენტსაც იხსენებენ, როცა განსასჯელთა პროტესტმა მოსამართლე თოთოსაშვილი ისე გააღიზიანა, რომ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დარბაზიდან 29 პატიმარი გააძევა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას პატიმართა მხრიდან კიდევ უფრო დიდი პროტესტი გამოუწვევია, რის შედეგადაც გოგიტა თოთოსაშვილს პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის ხელიდან გასროლილი საქაღალდე სახეში მოხვდა. გაქანებულ საქაღალდეს კი გინების "შეკვრაც" მიჰყვა.
ნუგზარ თაბაგარი ერთადერთი პატიმარია, რომელიც ქსნის კოლონიიდან სასამართლო სხდომებზე ბადრაგს გადმოჰყავს. მას ბრალი ხონის კოლონიიდან გაქცევასა და გაქცევის ორგანიზებაში ედება. ადვოკატების ინფორმაციით “ურჩ” პატიმარს ქუთაისის ციხის საკანში, სადაც იგი დროებით იყო მოთავსებული, ე.წ. `შტირი~ ჩაუდეს, რაც მისთვის დამატებითი სასჯელისა და პატიმრობის გახანგრძლივების საფუძველი გახდა.
მსჯავრდებულის, თენგიზ მოლაშხიას
ადვოკატი ბაჩო ჭკადუა იმ პროცესუალურ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელსაც სასამართლო სხდომებზე მოსამართლე თავხედურად ახორციელებს.
ბაჩო ჭკადუა: "2 მაისის სხდომაზე მოსამართლე თოთოსაშვილმა უბრალოდ ჩაილაპარაკა, დარბაზში ხმაურიაო, არავინ გაუფრთხილებია და ოცდაცხრავე მსჯავრდებული დარბაზიდან გაყარა. ადვოკატებს არ გვაძლევდა ხმის ამოღების საშუალებას, პროტესტის გამოხატვას გვიკრძალავდა, ფაქტობრივად მონურ მდგომარეობაში გვამყოფებდა. ამიტომაც, ოცდასამივე ადვოკატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. თოთოსაშვილი მოგვიწოდებდა დარბაზი არ დაგვეტოვებინა... ისიც კი გაბედეს, რომ ციხის ტერიტორიიდან გასვლას გაძლიერებული დაცვის თანხლებით გვიკრძალავდნენ".
4 მაისის სასამართლო სხდომაზე ერთი უპრეცენდენტო ფაქტიც მოხდა, რომლის გამოც ადვოკატები აღშფოთებას ვერ მალავდნენ. ცხრათვიანი გამოძიების შემდეგ პროცესზე პირველად კიდევ ერთი ბრალდებული გამოჩნდა.
ლალი ჩინაშვილი:"ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პროცესუალური ნორმების დარღვევაა. არ არსებობს კანონში ისეთი მუხლი, რომელიც მოსამართლემ გამოიყენა. განსასჯელ კაკაურიძეს, რომელიც სხდომაზე პირველად მოიყვანეს, საბრალდებო დასკვნა იქვე ჩააბარეს და პროცესი გააგრძელეს. სამი დღით მაინც ხომ უნდა გადაედოთ სხდომა? ხომ აქვს პატიმარს უფლება გაეცნოს მას. მაგრამ ამ მოსამართლისთვის მთავარია განაჩენი დადგეს"...
პროცესუალურ დარღვევებზე საუბრისას ადვოკატები მოწმეებთან თუ დაზარალებულებთან დაკავშირებულ დარღვევებსაც აღნიშნავენ.
მთვარისა ბიგვავა: "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან ორი: ავთანდილ დარჩია და გოჩა მამალაძე ტუბერკულოზით არიან დაავადებულნი. მათ მკურნალობაც კი შეწყვიტეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. პროცესზე არ ხდება იმ მოწმეების მოყვანა, რომლებიც შეთანხმებით არიან მისჯილები. მოსამართლემ კარგად იცის, რომ იმ პატიმრებმა, რომლებმაც წინასწარ გამოძიებას მისცეს ვითომ ჩვენება, იყო იძულებითი, რომ ისინი პროცესზე ამ ფაქტს აღიარებდნენ. ამიტომაც მოაქვთ ყალბი ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს მოწმეები შეუძლოდ არიან. მსჯავრდებულები კი ხანგრძლივი პროცესის მანძილზე ფეხზე დგანან. მათ წყალსაც კი არ აწვდიან. არაადამიანური მოპყრობა არ ჰქვია ამას?".
12 აგვისტოს ცხრათვიანი საპატიმრო ვადა იწურება. როგორც ადვოკატები აცხადებენ სწორედ ეს გახდა მოსამართლის მიერ ჩადენილი უამრავი კანონდარღვევის მიზეზი. ადვოკატი ია ბერიშვილი ამბობს, რომ გამოძიების დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან პროცესი ჩიხშია შესული და ბრალდების მხარე გამოსავალს ბინძური ხერხებით ეძებს.
29 პატიმრის დარბაზიდან გაძევება ამის
ერთ-ერთი დასტური იყო. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვა ვადაში ვერ მოესწრება, როგორც მოსამართლე თოთოსაშვილისა და პროკურორ დავით ფოჩხიძის პასუხისმგებლობის საკითხიც აუცილებლად დადგება.
ციხიდან გაქცევაში მონაწილე 152 მსჯავრდებულიდან რამდენიმე ათეული დღეს ძებნილია. 26 პატიმრის მიმართ ს.ს. საქმე 378-ე, 379-ე მუხლებით არის აღძრული და 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთი პატიმრის მამა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, აცხადებს, რომ ციხიდან გაქცევა პროვოცირებული იყო.
"ეტყობა, რომ ხონის კოლონიის ადმინისტრაციამ გაქცევის პროვოცირება მას შემდეგ დაგეგმა, რაც ამ დაწესებულებიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ივანდიდში რუსეთის ავიაციამ დაბომბვა განახორციელა".
"მომხდარის შესახებ ჩემმა ვაჟმა მეორე დღეს შემატყობინა. როცა ხონში ჩავედი, ვაჟთან ერთად კიდევ 9 პატიმარი დამხვდა. როგორც გავარკვიე ღამის სამი საათისთვის მძინარე პატიმრები საკნებიდან მოულოდნელად წამოყარეს და კოლონიის სამივე ცენტრალური გასასვლელი ფართოდ გაუღეს... ათივე პატიმარი სამეგრელოდან იყო, მე თვითონ მივიყვანე ბინებში. როცა ზუგდიდის პოლიციას შევატყობინე, მითხრეს შვილი შინ დამეტოვებინა... ოთხი დღის მერე საკუთარი ხელით შევიყვანე საპყრობილეში იმ პირობით, რომ სასჯელი შეუმსუბუქდებოდა, მაგრამ მოგვატყუეს".
ცრუ დაპირებებში კი პატიმრები და მათი ახლობლები მაშინდელ იუსტიციის მინისტრს, ნიკა გვარამიას ადანაშაულებენ, რომელმაც გაქცევიდან მეორე დღეს პატიმრებს ნებაყოფლობითი დაბრუნების შემთხვევაში შეღავათების პირობა ტელე-ეკრანებიდან მისცა.

ნანა ფაჟავა