ხობის პოლიციაში ოპოზიციას “ოპიუმით” უმასპინძლდებიან [Video]

სამეგრელოში ხელისუფლება და ძალოვნები ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლის ახალ მეთოდზე გადავიდნენ. თუ ადრე მათთან ბრძოლას სატელეფონო მუქარითა და შანტაჟით “ახერხებდნენ”, ახლა იგი უფრო “გამარტივდა” და პრობლემა დაკავებიდან რამდენიმე საათში, სასმელ წყალში გაზავებული ნარკოტიკული საშუალების მიღებით გადაწყდა.

ეს ის შემთხვევაში ხდება, როცა პოლიციისთვის არასასურველი პოლიტიკური “ობიექტი” იმდენად წესიერი და კანონმორჩილია, რომ დანაშაულის “აკიდება” ვერაფრით ხერხდება. თუ ცეცხლსასროლი იარაღი “დამნაშავეს” დაკავების ადგილზე “აღმოაჩნდა”, ხომ კარგი, თუ არადა პოლიციის უფროსის კაბინეტში “გასაუბრებისას” ნარკოტიკით გაჯერებული წყაროს წყალი მაინც დახვდება.


ხობის პოლიციის უფროსის, კობა ხუბულავასა და მისი მოადგილის, დათა ახალაიას მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციებს რამდენიმე ოპოზიციონერი უკვე შეეწირა. ისინი იმ აქციის მონაწილეები არიან, რომლებმაც თბილისში განლაგებულ საკნებში თვეები გაატარეს, ხოლო შინ დაბრუნებულები უკვე ნამდვილ საპატიმროებში მოხვდნენ.

ოპოზიციონერების დევნა ხობში “კონსერვატორებით” დაიწყო. კონსერვატიული პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ქარდავასა და აღმასრულებელი მდივნის, კახა ბენიძის “დავერბოვკებას” ხობის პოლიცია მხოლოდ სამი საათით შეეცადა. მათი გათავისუფლების შემდეგ კი ხობელები იმ ფაქტს იხსენებდნენ, როცა პოლიციის უფროსი შენობის მეორე სართულიდან ოპოზიციის მხარდამჭერებს დაკავებით ემუქრებოდა, “ყველა ოპოზიციონერს ამაზე უარეს დღეში ჩაგაგდებთო!”

კობა ხუბულავამ ხობელებს “დანაპირები” მალე შეუსრულა და რამდენიმე დღეში კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი იოსებ ქებურია დააკავა. 52 წლის მამაკაცი, რომელსაც ნარკოტიკი არასოდეს გამოუყენებია, ხობის პოლიციიდან “კაიფში” გამოვიდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ მას “ოპიუმის” ზემოქმედება დაუდასტურა.

ხობის რაიონულმა სასამართლომ ქებურია სსს-კ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა და ნარკოტიკების მოხმარება-შენახვის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სპეცოპერაცია სახელწოდებით “ოპიუმი” გახდა “ალიანსი საქართველოსთვის” რაიონული შტაბის ხელმძღვანელის, ედიშერ ჯობავას დაკავების მიზეზიც, თუმცა მას ჯიბეში “სუბოტექსი” და ცეცხლსასროლი იარაღიც “აღმოაჩნდა.” ეს მაშინ, როცა ჯობავა 19 ივნისს მისი სამუშაო ადგილიდან, ყულევის ტერმინალიდან გამოვიდა, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია.

ედიშერ ჯობავას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან მეტალოდეტექტორი თანამშრომლებთან ერთად გაიარა და ტერმინალიდან მიკროავტობუსით გამოვიდა. დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ქარიატასთან მანქანას პოლიციის სამი მანქანა აჩერებს და ერთ-ერთი პოლიციელი ჯობავას ჩამოსვლას სთხოვს. იგი ჩამოვიდა ტრანსპორტიდან, ხოლო მძღოლმა დანარჩენი პოლიციელებისგან ბრძანება მიიღო, რომ ტერიტორიას მგზავრებთან ერთად გასცლოდა.

მარტოდ დარჩენილ ჯობავას პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად იგი იარაღს უკანონოდ ატარებს. უკვე ეჭვმიტანილი უიარაღობის დასადასტურებლად თავადვე იტარებს ჩხრეკას და პოლიციელებს მიახლოებას უკრძალავს. მას ჩხრეკის ჩასატარებლად ნაცნობ პოლიციელებს სთავაზობენ. ჯობავაც თანხმდება და ნაცნობი პოლიციელები მის ჯიბეში მხოლოდ კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებელ აბებს პოულობენ.

ედიშერ ჯობავა: “ამის შემდეგ პოლიციელებმა მითხრეს, შენ არაფერი გქონია, თავისუფალი ხარ, ოღონდ ამ ქაღალდებზე ხელი მოაწერეო. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ფარატინა ფურცლებს. ხელი მოვაწერე, მაგრამ ახლაც არ ვიცი რა ტექსტი ჩაწერა იქ პოლიციამ. გზაში კი, სანამ ხობის პოლიციაში გადამიყვანდნენ, მითხრეს, შენ “სუბოტექსი” და პისტოლეტი, ე.წ. “დრაბავიკი” აღმოგაჩნდაო”...

ხობის პოლიციის იზოლატორში 5 საათიანი დაკავების შემდეგ ჯობავა უფროსის, კობა ხუბულავას კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც “გასაუბრების” დროს მწყურვალ ეჭვმიტანილს ცივი წყალი მიაწოდეს. 21 ივნისს, სასამართლო პროცესზე, რომელიც ჯობავას მიმართ მხოლოდ სსს-კ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განიხილავდა, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ რადგან იგი ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს ყოფილა, დარწმუნებულია, რომ “ოპიუმი” სწორედ იმ წყალში იყო გაზავებული, რომელიც მას პოლიციაში მიაწოდეს.

სასამართლო პროცესს ჯობავას თანაგუნდელებიც ესწრებოდნენ. მამუკა კაციტაძე, მანანა ნაჭყებია და სოფიო ხორგუანი ხობში საგანგებოდ ჩავიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ედიშერ ჯობავა იმ ქვეყნის პოლიტპატიმარია, სადაც გაძლიერებული ტემპებით, ფორმებითა და მასშტაბებით მიმდინარეობს პოლიტიკური ტერორი.

– “ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ადამიანი ვერ ახერხებს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას. მოსამართლემ მხოლოდ ის ჰკითხა ჯობავას, გაქვს თუ არა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ წყალი ნარკოტიკით იყო გაზავებული. რა მტკიცებულებას ელოდებოდა მოსამართლე შოთა სირაძე ამ შემთხვევაში, ძალიან მაინტერესებს. რომ დაენახა მას ის, რომ წყალში ნარკოტიკი ჩაუყარეს, ხომ არ დალევდა?”, – განაცხადა ხორგუანმა.

მამუკა კაციტაძე: “ხელისუფლება იმდენად აგონიურ მდგომარეობაშია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისითაც საქმეებს ვეღარ კერავს. ამ ყველაფრის თავი შს სამინისტროა, ვანო მერაბიშვილი, მაგრამ მას როლანდ ახალაიას სახით ისეთი მსტოვარი ჰყავს ადგილზე, რომ მაინცდამაინც კარნახი არ სჭირდება. დღეს მთელი სამეგრელო ერთი ადამიანის კლანჭებშია მოქცეული, რომლის მსხვერპლი დროებით, მაგრამ მაინც აღმოჩნდა ედიშერ ჯობავა”.

მემარჯვენე მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებული მასიური ტერორი იმ შიშს უკავშირდება, რასაც რეგიონებში ოპოზიციის გააქტიურება ჰქვია.

23 ივნისს ხობის რაიონულმა სასამართლომ ედიშერ ჯობავას სასჯელი კიდევ ორი მუხლით შეუფარდა. ხოლო, სსსკ-ის 260-ე, 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით ჯობავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე დღეს იგი ზუგდიდის 4 საპყრობილეში გადაიყვანეს.

ხობის პოლიციამ 23 ივნისს ჯობავას ნათესავიც დააკავა, რომელმაც განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლეებსა და პოლიციელებს მკვლელები და ქვეყნის მოღალატეები უწოდა. მას საქციელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეუფასეს და 400 ლარიანი სახდელის დაკისრების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი პრესა.გე]