სკანდალური ინტერვიუ ორთაჭალის დახურული საპყრობილედან

"ღია ბოქლომის" რედაქცია გთვაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის და ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ წევრთან ცაცა შელიასთან, რომელიც თბილისში, ორთაჭალის #1 დახურულ საპყრობილეში რვაწლიან სასჯელს იხდის. ბედის ირონიით, ის ვინც რამდენიმე წლის წინ სიკვდილს გადაარჩინა, მანვე ვერაგულად საპყრობილეში გამოკეტა.

ჩვენ მოვახერხეთ ცაცა შელიას ციხეში ტელეფონით დავკავშირებოდით და ჩაგვეწერა ინტერვიუ, სადაც მან მრავალ დაფარულ საკითხს ნათელი მოჰფინა:

-როგორ მოხდა თქვენი დაპატიმრება?

-დამაპატიმრეს 2006 წლის 25 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. სამარშრუტო ტაქსით მივემგზავრებოდი თბილისში, როდესაც სოფელ ნოსირში შეაჩერეს ავტომანქანა. ჩემს დაკავებაში მონაწილეობდნენ "სოდ"-ის კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იქნებოდა დაახლოებით 40 ძალოვანი. უმრავლესობა ნიღბებში იყვნენ. პირადი ჩხრეკისას გამხადეს პიჯაკი და თითქოს შეუმჩნევლად ჩამიგდეს მაკაროვის ტიპის იარაღის ოთხი ჟანგიანი ტყვია, იქვე შეადგინეს ოქმი და ხელის მოწერა მთხოვეს. ხელი მოვაწერე და განვუმარტე, რომ როგორც დეპუტატს, სიცოცხლის ბოლომდე მქონდა უფლება მეტარებინა იარაღი, ამიტომ მოვითხოვე დაუყოვნებლივ გავენთავისუფლებინეთ. სრულიად მოულოდნელად შედგენილი ოქმი ჩემს თვალწინ დახიეს. შემდეგ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ უფროსობასთან. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ორ ნიღბიანს ჩემთვის მობჯენილი ჰქონდა იარაღი და ვყავდით სრულიად უკანონოდ დაკავებული. ამ დროის გასვლის შემდეგ ზუგდიდიდან ჩამოვიდა 5 პოლიციელი. მათგან ორი ჩემგან მოშორებით დადგა და რაღაცის ძებნა დაიწყეს. ერთერთმა გამომძიებელმა, მალხაზ ლუაკავამ, ოქმის წერა დაიწყო. ამ დროს, იმ ორი პოლიციელიდან ერთ-ერთმა, რომლებზეც გესაუბრეთ, დაიძახა "ფაქტი აგერ დაუგდიაო". მათ მიწიდან აიღეს "შპრიცში" ჩასხმული რაღაც ნივთიერება, რომელიც შემდეგ ექსპერტიზის დასკვნით, 0,0,0,1 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა. მითხრეს: ეს ნივთიერება შენ გეკუთვნისო. ამ დროს ტრასაზე მოგროვდა მოსახლეობა, რომლებმაც ნახეს, როგორ უსამართლოდ მეპყრობოდნენ და მათ პროტესტი გამოთქვეს; თუმცა პოლიციელები მათაც არ მოერიდნენ და დასაშინებლად სროლა დაიწყეს.

სასამართლოზე მოწმეებად გამოიყვანეს პოლიციის სწორედ ის თანამშრომლები, რომლებმაც განახორციელეს მათივე მოტანილი 0,0,0,1 გრამი ჰეროინის ჩემს საკუთრებად გასაღება. საგამოძიებო საქმეში მიუთითეს, რომ თითქოს მე მოვახდინე პიჯაკის მარცხენა ჯიბიდან შპრიცში გახსნილი ნოვთიერების გადაგდება. სინამდვილეში იმ მომენტში მე უკვე გაჩხრეკილი ვიყავი და პიჯაკი ძირს ეგდო.

გარკვეული დროის შემდეგ ციხეში მეწვია გამომძიებელი ქალი, რომელმაც მითხრა დანაშაულს თუ აღიარებ საპროცესო შეთანხმებით გაგანთავისუფლებთო. რათქმაუნდა, იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც არ ჩამიდენია ჩემთვის მიუღებელი იყო, აქედან გამომდინარე უარი ვუთხარი.

სასამართლომ 0,0,0,1 გრამი ჰეროინის შენახვაში დამნაშავედ მცნო და მომისაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელის მაქსიმალური ვადა. როგორც სასამართლო დადგენილებაში წერია, ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თითქოს არ მივარგა პიროვნული მახასიათებლები.

-როგორ ფიქრობთ რა გახდა თქვენი დაკავების რეალური მიზეზი?

-2006 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, "ნაციონალებმა" კერძოდ კი გრიშა ქობალიამ მთხოვა, რომ მისი პარტიისთვის დამეთმო "ლეიბორისტული" პარტიის კუთვნილი ორი კომისიის წევრი. მე ლეიბორისტი არ ვარ, მაგრამ აღნიშნულ პარტიაში სიით პირველ ნომრად ვიყრიდი კენჭს. როდესაც გრიშას მოთხოვნაზე უარი განვუცხადე, დაიწყეს ჩემზე ზეწოლა. მემუქრებოდნენ ჩემი ვაჟიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებით (ის ფინანსური პოლიციის თანამშრომელი იყო).

შემდგომში პრესკონფერენციებსა თუ სხვადასხვა შეხვედრებზე, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებდი. ვყვებოდი, თუ როგორ მოატყუეს პრეზიდენტი კინოთეატრ "ატრიუმის" პრეზენტაციაზე, როდესაც მას ბორჯომში ნათხოვარი ავეჯით დამშვენებული კინოთეატრი გაახსნევინეს. სააკაშვილის თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ავეჯს დემონტაჟი გაუკეთეს და კვლავ ბორჯომში გადაიტანეს. "ატრიუმი" რეალურად 3 თვის შემდეგ გაიხსნა. მფლობელები 10 000 დოლარით დააზარალეს, მაგრამ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ქულები დაიწერეს. მათ სამეგრელოს მოსახლეობა და სააკაშვილი გაასულელეს.

აგრეთვე დაუფარავად ვამბობდი თუ, რატომ იგებდნენ, გამგეობის მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერს, გრიშა ქობალიას ნათესავები.

-რატომ ითხოვდა გრიშა ქობალია "ლეიბორისტული" პარტიის კომისიის ორ წევრს?

-"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში"იყო ორი დაპირისპირებული მხარე. უფრო კონკრეტულად: ვახტანგ ცხადაია და გრიშა ქობალია. თუ ქობალიას ეყოლებოდა უფრო მეტი დამკვირვებელი ვიდრე ცხადაიას, ამით მოიპოვებდა უპირატესობას.

რადგან გრიშას 2 კომისიის წევრი არ დავუთმე, სასურველს ვერ მიაღწია, ამიტომ შურისძიების მოტივით მანვე "დააზაკაზა" ჩემი დაპატიმრება.

1993 წელს გრიშა ქობალია დაატყვევეს ჯაბა იოსელიანის მომხრეებმა და 55 დრის განმავლობაში გამომწყვდეული ჰყავდათ მიტოვებულ სარდაფში. მე, ჩემი საკუთარი გზებით მოვახერხე მომეძებნა ქობალია. ძებნაში დამეხმარა სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი მახუტი კეკელია. გუბერნატორს პოლიტიკური მიზნებით სურდა დაახლოვებოდა ლოთი ქობალიას და მის თანამოაზრეებს. კეკელია მთხოვდა შეხვედრა მომეწყო ზემოთხსენებულ ზვიადისტებთან. დავთანხმდი იმ პირობით თუ დატყვევებულ გრიშას მოძებნიდა და მოახერხებდა მის განთავისფლებას.

3 დღის შემგედ, თავზე ტომარაჩამოცმული გრიშა მოიყვანეს და საკუთარ მეგობარს კუკური როგავას გააყოლეს.

-გამოდის, რომ გრიშა ქობალია თქვენ სიკვდილს გადაარჩინეთ მან კი რვაწლიანი პატიმრობისთვის გაგიმეტათ?!

-დიახ, მე გადავარჩინე. მაშინ ლევანი და ალიკა ქობალიები "ჩემზე ლოცულობდნენ". გრიშასთან არ ვმეგობრობდი, მაგრამ ზუგდიდელი კაცი იყო და მე, როგორც პარლამენტარმა დახმარება გავუწიე.

-დღესდღეობით თქვენი ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ზეწოლა ხომ არ მიმდინარეობს?

-ჩემი დაკავების შემდეგ, ჩემი ვაჟიშვილი ალიკა შელია, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა გაათავისუფლეს. ჩემს მეუღლესაც სამსახურის დატოვება აიძულეს. დედაჩემმა ჩემი დაპატიმრების ამბავი, რომ გაიგო დარდით გარდაიცვალა.

-სახალხო დამცველთან შეხვედრა არ მოითხოვეთ?

-სოზარ სუბარი რამდენჯერმე მეწვია. უახლოეს მომავალში მივიღებ პოლიტპატიმრის სტატუსს.

-ბატონო ცაცა, როგორც ჩემთვის ცნობილია 1993 წელს დადგა ზუგდიდის ყოფნა არყოფნის საკითხი, როდესაც ედუარდ შევარდნაძის დაქვემდებარებაში არსებული სამთავრობო ჯარი ზუგდიდის მიწასთან გასწორებით იმუქრებოდა. თქვენ, იმ დროისთვის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით სარგებლობდით და შესაბამისად მოვლენების ეპიცენტრში იყავით. თუ შეგიძლიათ გაიხსინეთ, როგორ გდარჩა ჩვენი ქალაქი?

-1993 წელს ზუგდიდის მიმართულებით დამიზნებული იყო არაერთი ბომბდამშენი და მზადყოფნაში იყო სამი ავიაგამანადგურებელი. მე და თორნიკე ქირიამ (ზუგდიდის პოლიციის იმდროინდელი უფროსი) მოვახერხეთ ანაკლიიდან გემით ჩავსულიყავით ბათუმში. იქიდან კი სპეციალური მარშრუტით თბილისში გადავფრინდით. ადგილზე დაგვხვდა პრემიერმინისტრი ოთარ ფაცაცია. დაუყოვნებლივ ავედით ედუარდ შევარდნაძესთან, სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას: თუ ზვიად გამსახურდია დაუყოვნებლივ დატოვებდა ზუგდიდს და ლოთი ქობალია წინააღმდეგობას არ გაუწევდა სამთავრობო, ჯარებს ზუგდიდი გადარჩებოდა დაბომბვას.

იმ პერიოდში გამსახურდია ზუგდიდში, ყოფილი კომისარიატის შენობაში იმყოფებოდა. 3 ნოემბერს დავბრუნდით სამეგრელოში. შევხვდით ზვიად გამსახურდიას და გავაცანით არსებული პირობები. პრეზიდენტმა დაიბარა ლოთი ქობალია, ჯარის გაყვანა მოსთხოვა და ხმამაღლა წამოიძახა: "მე ზუგდიდს არ დავაბომბინებ, ამიტომ ქალაქი დაუყოვნებლივ უნდა დავტოვოთო"-ო. მოგვიანებით მე და ზვიადი მარტო, რომ დავრჩით მითხრა: "გურამ აბსანძემ და ტარიელ გელანტიამ მოაწყვეს ეს არაკაცობა"-ო

ასე გადარჩა ზუგდიდი...

-საუბრის თემა შევცვალოთ და ვისაუბროთ პარლამენტის საფეხბურთო გუნდის შესახებ, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით. ამ გუნდში როგორც ცნობილია საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტიც თამაშობდა. როგორი ფეხბურთელი იყო მიხეილ სააკაშვილი?

-ცუდი. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: ვეთამაშებოდით უკრაინის რადას გუნდს. ჩვენს გუნდში იყო ლეგენდარული მანუჩარ მაჩაიძე. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში რომ შევედით, მიშა ჩემს გვერდით იჯდა და წუწუნებდა "ძალიან ბევრი ადამიანია მოსული და მე ცუდად ვითამაშე, თან მანუჩარ მაჩაიძე "პასს" არ მაძლევს"-ო. მე ვუპასუხე: ბიჭო! მანუჩარ მაჩაიძე თბილისის დინამოში დათო ყიფიანთან არ ათამაშებდა ბურთს - და შენ სათქმელი რაღა გაქვს-მეთქი.

-და ბოლოს. რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ინტერვიუს წაიკითხავენ?

-ამოიღეთ ხმა! ნუ შეეგუებით იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება!.

"არ იქნება სამართლიანობა - არ იქნება მშვიდობა. ძვირფასო მეგრელებო! მე მრჩება რწმენა, იმედი და სიყვარული თქვენი" - ამ სიტყვებით დასრულდა ინტერვიუ ორთაჭალის #1 დახურული საპყრობილიდან. 3 შვილის მამა, 56 წლის ცაცა შელია, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გაატარა (1991-დან 2001-მდე ყველა არჩეული საკრებულის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი) დღეს თითქოს 0,0,0,1 გრამი ჰეროინის შენახვისთვის მაქსიმალურ სასჯელს იხდის. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ რომ ზუგდიდი არსებობს - პოლიტპატიმარია. როგორც ჩანს საქართველოს მთავრობას, ეს ქვეყანა 'ჩალით გადახურული ჰგონია"...
[ილია ჩაჩიბაია]