გოროზია-უგულავას ინტერესებს პოლიტექნიკური კოლეჯი ეწირება

80-წლიანი არსებობის შემდეგ, ზუგდიდის პოლიტექნიკურ კოლეჯს ლიკვიდაცია ემუქრება. სასწავლო დაწესებულება, რომელიც სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების სფეროსა და კვების მრეწველობისათვის ათიათასობით კვალიფიციურ მუშახელს ამზადებდა, პირად ინტერესებს ეწირება.

ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტექნიკური კოლეჯის შენობას ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რამდენიმე კათედრა დაიკავებს. კოლეჯის ყოფილი დირექტორი, იზოლდა ხასია სასწავლებლის ლიკვიდაციის განზრახვაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელს თეონა ხუფენიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ და ამჟამინდელ გუბერნატორს, გიგი უგულავასა და ზაზა გოროზიას, მეცნიერებისა და განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ სამადაშვილს ადანაშაულებს.

იზოლდა ხასია კოლეჯის დირექტორის თანამდებობიდან მის უკანონო გათავისუფლებასაც აპროტესტებს და აცხადებს, რომ მიზეზი კოლეჯის შენარჩუნებისათვის მისი ბრძოლაა.

იზოლდა ხასია: “მათი დაინტერესება ყველასათვის ცნობილია. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთ სასწავლებლად დარჩეს ზუგდიდში და მისთვის განსაკუთრებული კომფორტი შექმნან.

დიდ ხმაურს უკავშირდება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გაუქმებაც, რომლის სამართალმემკვიდრეც ეს უნივერსიტეტია და რომელმაც ბუდე დღემდე ვერსად დაიდო.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ უნივერსიტეტს ფილიალის სტატუსი ჰქონდა, თვალი მუდამ კოლეჯის ქონებისკენ ეჭირა, რადგან იგი 1996 წელს თსუ ზუგდიდის ფილიალს დაფუძნებაში დაეხმარა. მას კაბინეტ-ლაბორატორიების დიდი ნაწილი დაუთმო.

იგი კოლეჯის შენობაში საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ერთი წლის ვადით იყო შემოსული. ფილიალი კი 11 წლის განმავლობაში კოლეჯის უძრავ-მოძრავი ქონებით, იჯარის საფასურის გადახდის გარეშე სარგებლობდა.”

იზოლდა ხასია იმასაც ამბობს, რომ ფილიალის გაუქმების შემდეგ კოლეჯს მათ მიერ განადგურებული აუდიტორიები დარჩა. სასწავლებლის ადმინისტრაციას ინვენტარიზაციის საფუძველზე უნდა ჩაბარებოდა თავის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობა. ფილიალის ადმინისტრაცია კი კოლეჯისთვის ქონების დაბრუნებას თავს შეგნებულად არიდებდა. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც სწორედ სასწავლებლის ფინანსური და ქონებრივი პრობლემები გახდა.

იზოლდა ხასია: “ფილიალის გაუქმების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნილი სასწავლებელი მაშინდელმა განათლების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ სამადაშვილმა მილევად რეჟიმში დატოვა.

სანამ ფილიალსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის არ გაუქმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, მანამ შეუძლებელი იყო კოლეჯისთვის ქონების გადმოცემა, მითუმეტეს ამორტიზებული მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა.

კოლეჯის ქონების დაკარგვას ხელი გუბერნატორმა გიგი უგულავამ შეუწყო. მისი თანხმობით განათლების სამინისტრომ დაწესებულებას კუთვნილი ტერიტორიიდან პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისათვის 3’410კვ.მ. ფართი დაათმობინა, თუმცა იყო პირობა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიერ იქნებოდა აღდგენილი ის უძრავი ქონება, რომელიც მოთხოვილი ფართის შედეგად განადგურდა”.

მას შემდეგ, რაც 2006 წელს კოლეჯი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარეს, განათლების სამინისტრომ სასწავლებლის ხელმძღვანელობას ერთგვარი გარიგება შესთავაზა. როგორც ხასია ირწმუნება, კოლეჯის მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელმა პირმა, დემურ კუკავამ დირექტორს, ვალიკო შონიას ფილიალისთვის 1’260 კვ.მ დათმობაზე მოტყუებით დააწერინა თანხმობის წერილი, იმ მოტივით, რომ თუ ფართს არ დათმობდა, სასწავლებელს ლიკვიდაციაში გაუშვებდნენ, თუ დათანხმდებოდა, ხანდაზმულობის მიუხედავად, უფლებამოსილება 2009 წლამდე არ შეუწყდებოდა.

მინისტრის მოადგილემ, სამადაშვილმა კი პირობა არ შეასრულა და დირექტორის გათავისუფლების შემდეგ კოლეჯის უძრავ-მოძრავი ქონება მთლიანად გაუქმებულ ფილიალს გადასცა.

იზოლდა ხასია: “ამ გადაწყვეტილებამ კოლეჯის სამომავლო პროგრამებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ფინანსური პრობლემები თავად მინისტრის მოადგილემ ხელოვნურად შექმნა. 2007 წელს, უკვე კოლეჯის დირექტორად დანიშნულმა ჯანდაცვის სამინისტროს გენინსპექციისგან კოლეჯის შემოწმება მოვითხოვე”.

ექვსკაციანმა ჯგუფმა, რომელსაც არჩილ კეკულავა ხელმძღვანელობდა, კოლეჯში არსებულ ფინანსურ დარღვევებში იზოლდა ხასია დაადანაშაულა.

მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში შესაბამისი აქტის გაცნობის შემდეგ, იზოლდა ხასიამ საქმის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა მოითხოვა. ამ ფაქტით შეშფოთებულმა სამინისტროს ხელმძღვანელობამ ხასიასთან გარიგება სცადა.

ამჯერად ზუგდიდის განათლების რესურსცენტრში დაბარებულ იზოლდა ხასიას გაჩუმებისა და კოლეჯის უძრავ-მოძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ, კერძო სასწავლებლის გახსნაში ხელშეწყობას დაპირდნენ. მას კონკრეტული ფართი, გაუქმებული მე–7 საჯარო სკოლის შენობა შესთავაზეს, თუმცა ხასიამ უარი განაცხადა. ამ უარს კი თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოჰყვა.

საკუთარი და კოლეჯის ინტერესების დაცვა ხასიამ ჯერ პროკურატურაში, შემდეგ კი ფინანსურ პოლიციაში გააგრძელა.

იზოლდა ხასია: “ფინანსურმა პოლიციამ ს.ს.საქმე კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ სხვისი ქონების მიკუთვნების ფაქტზე აღძრა. ცხადი გახდა, რომ ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ ისევ გრძელდებოდა და სურდათ წლების განმავლობაში სხვადასხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაული ჩემთვის მიეწერათ.

ექვსი თვე იწვალეს და ჩემი ბრალეულობა ვერანაირად დაამტკიცეს. შემდეგ სხვა ხერხს მიმართეს და ჩემი დირექტორობის პერიოდში სასწავლებელში ჩარიცხული ბავშვების დევნა დაიწყეს. ისინი ჯერ გარიცხეს, შემდეგ კი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს”.

25-მდე მოსწავლე მიიჩნევს, რომ მათი გარიცხვა უკანონოდ მოხდა. ერთ-ერთი გარიცხული, ლანა ფარცვანია ამბობს, რომ შესაბამისი ბრძანება დირექტორმა მანონი ვეკუამ გააცნო, თუცა იქ მითითებული არგუმენტები გარიცხვის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა.

– “იმ წერილის მიხედვით უკანონოდ ჩაითვლებოდა მხოლოდ პირველ კურსზე ჩარიცხვა, ჩვენ კი მეორე კურსზე ვიყავით, როგორც აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში საკმარისი ქულები ვერ დავაგროვეთ. ვეკუამ ჩვენი გარიცხვის მიზეზად იზოლდა ხასიას მიმართ სამინისტროს არაკეთილგანწყობა დაასახელა. აშკარა იყო ის, რომ ეს ყველაფერი ხასიას წინააღმდეგ სჭირდებოდათ. დარწმუნებული ვართ, რომ ყველანი პირად ინტერესებს შევეწირეთ”, – აღნიშნავს ფარცვანია.

იზოლდა ხასია თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზად არა მის მიერ ჩადენილ დარღვევებს, არამედ კოლეჯის ყოფილი ადმინისტრაციის დაუდევრობას, გარიგებისა და სამინისტროს გენინსპექციის უფროსის, თამარ კაკუტიას მხრიდან საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ასახელებს. 

რამდენიმე დღის წინ იზოლდა ხასიამ კოლეჯთან დაკავშირებული საქმის მასალები საქართველოს გენპროკურატურას პირადად გადასცა და ფაქტების ხელახალი გამოძიება მოითხოვა.
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]