ზუგდიდელმა პოლიციელებმა ბავშვები დააკავეს და სცემეს

უკვე არავინ დვაობს იმაზე, რომ მეგრელი სამართალდამცავები მოძალადეები არიან და მათ 80%-ს ადამიანის ცემა სიამოვნებას ანიჭებს. დიდსა თუ პატარას სურვილისამებრ უტყაპუნებენ და იჭერენ. ამ მეთოდით საზოგადოებაში შიშის სინდრომის დათესვას რომ ცდილობენ, ეს უკვე თითოეულ ზუგდიდელს მოეხსენება, თუმცა სააკაშვილის სახელგანთქმული შსს თუ ამას იკადრებდა, რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილად არავის ეგონა.
15 მაისს, საღამოს 8 საათზე, სამი გოგონა ზუგდიდის ცენტრში სეირნობდა. უეცრად 14 წლის ანა ცანავამ, 13 წლის ნატა ესართიამ და 15 წლის ანა ფიფიამ ზუგდიდის სტადიონის კედელზე გაკრული პლაკატები შენიშნეს, სადაც მათთვის უცნობი პიროვნებების ფოტოსურათები იყო გამოსახული და გარკვევით ეწერა `იძებნება. ჯილდო 50 000/200 000 ლარი~. ერთ-ერთ გოგონას ყოველგვარი სერიოზული მოტივის გარეშე ამ პლაკატის ჩამოხევის სურვილი გაუჩნდა. მას სხვებმაც მიბაძეს და ამ არასახარბიელო, მაგრამ უწყინარი საქმის დამთავრების შემდეგ, შინისკენ გზა გააგრძელეს. როგორც კი ყინულის სასახლის წინ არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას მიუახლოვდნენ, მათ ორი ავტომანქანა წამოეწია. უცხო პირებმა (რომლებიც გადაცმული პოლიციელები აღმოჩდნენ) ცანავას, ესართიას და ფიფიას ყოველგავარი განმარტების გარეშე "გამოგვყევით"-ო უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ბავშვებს გინება დაუწყეს, თმებში ხელი ჩაავლეს და მანქანაში ჩაყარეს. სიტუაციის გასარკვევად მისულ 14 წლის ანა ფიფიას დას თეონა ფიფიას პოლიციელებმა დაარტყეს და წააქციეს _ მოზარდს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.
ინციდენტის შემსწრე მეზობელი დალი ლატარია მომხდარს ასე იხსენებს: `საღამოს 8 საათისთვის ეზოში რომ ჩავედი 2 ავტომანქანა ვნახე. ერთ-ერთში გოგონები ჰყავდათ ჩატენილი. ისინი ტიროდნენ და შველას ითხოვდნენ. ბინიდან დავინახე ბავშვებს როგორი სისასტიკით ჩაავლეს თმერბში ხელი და ავტომანქანაში ჩააგდეს. აგინებდნენ და იცინოდნენ. მე ტაქსით გავედევნე მათ და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციამდე მივყევი, სადაც სიტუაციის გარკვევას შევეცადე. სამართალდამცავებმა ტყული მითხრეს _ ბავშვები ჩვენთან არ მოუყვანიათ-ო. 
თენგიზ გუნავას სამხარეო პოლიციაში, არასრულწლოვნების უკანონო დაკითხვა, მშობლების გარეშე დაიწყეს (რაც სერიოზული კანონდარღვევაა). როგორც ანა ფიფიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, როზა ჯონჯუა და სხვა გამომძიებლები, პლაკატის ჩამოხევის ფაქტით დაინტერესდნენ. "გვეკითხებოდნენ, რატომ ჩამოხიეთ და ვინ დაგავალათო. ავუხსენით, რომ დავალება არავისგან მიგვიღია და აღნიშნული ბავშვური სიცელქით ავხსენით, თუმცა ერთსა და იმავე კითხვებს გაუთაველად გვისვამდნენ. შემდეგ გამომძიებელი ახსნა განმარტებას თვითონ გვკარნახობდა, ჩვენ კი ვწერდით..."
დიდი მცდელობის მიუხედავად "ღია ბოქლომმა" გამომძიებელ როზა ჯონჯუასთან დაკავშირება ვერ შესძლო.
დაკითხვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მოზარდთა ოჯახის წევრებს არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. ბოლოს სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გოგონები შინ დააბრუნეს. გზაში კი დაემუქრნენ: ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ-ო.
ჩაწერას რომ მოვრჩით, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისკენ გავემართეთ _ ჩამოხეული პლაკატების გადასაღებად. ჟურნალისტებმა გაოცება ვერ დავმალეთ, როდესაც იქ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დარასელიას და შსს სხვა მაღალჩინოსნები დაგვხვდნენ. ბუნებრივია, ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ გვძლია და სამართალდამცავთა "შეფს" რამოდენიმე შეკითხვით მივმართეთ. თუმცა გუნავამ არასრულწლოვნების გატაცებაზე და ცემაზე არაფერი გვითხრა. ხაზგასმით აღნიშნა _ ‘მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტოს, რადგან თქვენთვის კომენტარს არ გავაკეთებ"-ო. რა მიზეზით არ კადრულობს მთავარი პოლიციელი "ღია ბოქლომთან" საუბარს, გაუგებარია. ალბათ იმიტომ, რომ სიმართლეს ვწერთ მისი თანამშრომლების მიერ ჩადენილ "საგმირო საქმეებზე".
გამოძიება უკვე დაიწყეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა სამეგრელოში ბაგრატ ქირიმ და არასამთავრობო ორგანიზაციათა კაოალიცია "საზოგადოებრივი დამცველი"-ს წარმომადგენელმა ლალი აფციაურმა.
ილია ჩაჩიბაია