ვინ აწაპნა განმუხურის მოსახლეობას ფულადი დახმარება?!

განმუხურელებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მრავლად არიან ისეთი ოჯახები, რომლებმაც თანხა თითო წევრზე მიიღეს და არა მთლიანად ოჯახზე. შექმნილ უკანონობაში მოსახლეობა, აღწერაში მონაწილე ჭაფანძეებს დებს ბრალს, რომლებმაც სააგენტოს არასრული სია მიაწოდეს...
სოფლის ცენტრში აქციები უკვე არავის უკვირს. დახმარების მოლოდინში მყოფებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებიც სტუმრობენ, ისინი დაპირებას დაპირებაზე იძლევიან, შედეგი კი არაფერი სჩანს.
ჩვენ დავუკავშირდით დეპუტატს ჯონი საჯაიას, თუმცა დამაიმედებელი ინფორმაცია მისგან ვერ მივიღეთ. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის. საჯაიამ განგვიმარტა, რომ რაიმე სახის მოთხოვნებს ვერ წაუყენებს ვერც შესაბამის სტრუქტურებს და ვერც სოფლის გამგებელს.
მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ საქმეში არ ჩანს სოფლის გამგებელი. ჩვენი მცდელობა _ გავსაურებოდით ჯონი მიშველიას, უშედეგოდ დასრულდა. მან დასმული კითხვები უკომენტაროდ დატოვა.
უიმედოდ დარჩენილმა ხალხმა წარმომადგენლები დედაქალაქში გაგზავნა იმ იმედით, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას შესძლებდნენ. ქვეყნის პირველ პირთან ვერა, მაგრამ დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელთან და პარლამენტარ გიგი წარეთელთან საუბარი მაინც მოახერხეს. თბილისშიც "დაპირებას" დასჯერდნენ, მაგრამ ის სოფლის ცენტრში მოსმენილს ნამდვილად სჯობდა.
განმუხურში "დაპირებების დასტა" ჩამოიტანეს. აქციები კვლავ განახლდა. მათ შვეიცარიის განვითარების ფონდის კეთილი ნების წარმომადგენელთან შეხვედრაც მოახერხეს. ელჩის განმარტებით, ამ დროისათვის ფონდში თანხა ამოწურულია და როგორც კი დონორი ორგანიზაცია გამოჩნდება, მაშინვე მოხდება დარჩენილი ოჯახებისთვის თანხით დაკმაყოფილება.
არასასიამოვნო, თუმცა დამაიმედებელი პასუხებისა და დაპირებების ამარა დარჩენილი განმუხურელები, კეთილი მომავლის იმედით იცდიან.
ირაკლი მუშუქია
ქრისტინე საჯაია