54 წლის ქალს თვალები დათხარეს და დაბმულს ეზოში დაატარებდნენ...

დედოფლისწყაროში ახლახან სადისტურად მოკლული 54 წლის მარინა მაისურაძის დედა, ნუშო თეთრაძე, რაიონულ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და გენერალურ პროკურატურას პოლიციის მაღალჩინოსანთა დასჯას სთხოვს. მისი თქმით, პოლიციელთა საქმისადმი დაუდევარი მიდგომის გამო ორი ქალბატონი ცემით მოკლეს. მაისურაძისა და შურა გვრიტიშვილის მკვლელობის შემდეგ, დედოფლისწყაროს პოლიციამ გივი ჭინჭარაული და რომან და ვალერი კასიანოვები დააკავა. დაზარალებული ნუშო თეთრაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ დაკავებული რომან კასიანოვი მის შვილს მოკვლით მანამდეც ემუქრებოდა, რის თაობაზეც პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა ქმედითი ნაბიჯები მანამ არ გადაიდგა, ვიდრე კონფლიქტი მკვლელობით არ დასრულდა. შვილმკვდარი დედა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ პოლიციას აქტიურად რომ ემოქმედა, მისი შვილი სიკვდილს გადაურჩებოდა... საგულისხმოა, რომ მაისურაძეების ოჯახში ეს პირველი ტრაგედია არ გახლავთ.


დედოფლისწყაროს მკვიდრი მარინა თეთრაძე-მაისურაძე 2008 წლის 5 აპრილს, საკუთარი დეიდის შვილიშვილმა ორ თანამოაზრესთან ერთად, სასტიკი წამების შედეგად მოკლა და თავი ტყეს შეაფარა. იგივე დაჯგუფება, იმავე პერიოდში, სოფელ ჯაფარიძის მკვიდრ პენსიონერს, მარტოხელა შურა გვრიტიშვილსაც დაესხა თავს. სასტიკად ცემეს და 108 ლარი გაიტაცეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, რამდენიმე დღეში ეს ქალბატონიც გარდაიცვალა.


როგორც "ღია ბოქლომმა" გაარკვია, პენსიონერის ცემიდან რამდენიმე დღეში რომან და ვალერი კასიანოვები გივი ჭინჭარაულის ბინაში საღამოს ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ნასვამ რომა კასიანოვს მაისურაძეების მიმართ შურისძიების ჟინი აღეძრა. დაახლოებით ღამის 10 საათისთვის, მარინა მაისურაძეს ოთახის კარი შეუმტვრიეს და თავს დაესხნენ. ცემდნენ, ყელზე მავთული შეაბეს, აქეთ-იქით დაათრევდნენ და აიძულებდნენ ფული გამოეჩინა. მკვლელობის დღის დეტალებს უფრო დაწვრილებით "ღია ბოქლომთან" საუბრისას გარდაცვლილის უფროსი შვილი იხსენებს:


ალიკა მაისურაძე (მოკლულის ვაჟი): "იმ ღამით სახლში მარტო ვიყავი, მეძინა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე ქუჩიდან ხმაური მომესმა. რომკას ხმა ვიცანი, დედაჩემს დაჰყვიროდა "მალე, მალეო"... ხმაზე შევატყე, რომ დედაჩემი ძლიერად ნაცემი და დასუსტებული იყო, ნამტირალევი ხმა ჰქონდა... ვიცოდი, რომკას გამოჩენა ჩვენთვის სახიფათო იყო. უცებ, მესერზე რკინის რახუნის ხმა გავიგონე, შემეშინდა და უკანა ფანჯრიდან გადავხტი. მეზობელთან გავიქეცი და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. სულ რაღაც 3 წუთში უკან მოვბრუნდი და ფანჯრიდან გარკვევით დავინახე ერთ-ერთი თავდამსხმელი ზურგით იდგა და სკამის ფეხს დედაჩემს გამეტებით თავში ურტყამდა. რადგან ღამე იყო, მისი ვინაობა ვერ ამოვიცანი, თან ნიღბებით იყვნენ. ჩვენი ნათესავი რომა კი ხმაზე ვიცანი. 5 - 6 წუთში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვეღარ იცნობდით, სხეული სულ ჩაშავებული ჰქონდა. საშინელი სურათი დაგვხვდა."


შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს მკვიდრი გივი ჭინჭარაული დააკავეს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო. დანარჩენმა ორმა პირმა მიმალვა მოახერხა. ისინი პოლიციამ მკვლელობიდან მესამე დღეს ე.წ. დედოფლისწყაროს "ლეტნიკის" ტყეში აიყვანა...


სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაისურაძის გვამი, რომელსაც უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა და ტვინი მთლიანად ამოცლილი ჰქონდა დედოფლისწყაროს პროზექტურაში გადაასვენა.


კახეთის კრიმინალური განყოფილების ექსპერტის ვალერი მესხის მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ჯერ კიდევ მკვლელობამდე 2 თვით ადრე დედოფლისწყაროს პოლიციამ კასიანოვის ბინიდან ამოიღო სამხედრო დანიშნულების ნაღმსაძებნი ხელსაწყო და ორლულიანი თოფი.


გარდაცვლილი მაისურაძის ოჯახი აცხადებს, რომ ნათესაური კავშირის მიუხედავად, რომან კასიანოვი მათ ხშირად ემუქრებოდა. როგორც "ღია ბოქლომმა" შეიტყო, მათ კონფლიქტური ვითარება მანამდე ჰქონდათ.


"წელიწადნახევრის წინ, მარინამ სახლიდან ცხვრები და საოჯახო ნივთები დაკარგა. ზამთარი იყო და თოვლზე დატოვებულმა კვალმა ჩემი შვილი კასიანოვების ბინასთან მიიყვანა. ამის გამო მან პოლიციაში განაცხადიც შეიტანა. რომკა მას შემდეგ გადაგვემტერა და სულ გვემუქრებოდა. "არაერთხელ გამაგონა 'შვილს და სახლს გაუფრთხილდითო"... რომკა ჩემი გაზრდილია, ბავშვობაში ჩვენთან ხშირად რჩებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად ბოლო დროს "კობრას" მეძახდა, რა ვიცოდი შვილს თუ მომიკლავდა... წარსულშიც რამდენჯერმე ნასამართლევია... როდესაც ჯაფარიძეში პენსიონერი დააყაჩაღეს, პოლიციამ დამნაშავეთა ვინაობა იცოდა, მაგრამ მანამდე არ დააპატიმრა, სანამ ჩემი შვილიც არ შეიწირეს... ყელზე მავთული ჰქონდა წაჭერილი, როგორც ჩანს მკვლელობამდე პირუტყვივით დაბმულს ეზოში დაატარებდნენ. თვალები დათხარეს, ტანსაცმელიც სულ შემოწეწილი ჰქონდა. ძარცვის მოტივს საერთოდ გამოვრიცხავ. ეს უდაოდ განზრახ მკვლელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რომკა ჩემი დის შვილიშვილია, გამუდმებით მოკვლით გვემუქრებოდა..." - იხსენებს გარდაცვლილის დედა ნუშო თეთრაძე.


ექსპერტ ეთერ ზარდიაშვილის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჭინჭარაულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ ტანსაცმელზე არსებული სისხლი გარდაცვლილ მაისურაძის სისხლის ანალოგია. 

"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხის ექვს ჯოხზე, ლითონის მილზე, ელექტროსადენზე, მობილური ტელეფონის სახურავზე აღმოჩენილი სისხლი ასევე მაისურაძის ჯგუფისაა. საბანზე, ბალიშისპირზე და ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც გარდაცვლილის ჯგუფს განეკუთვნება." - ნათქვამია დასკვნაში.


კახეთის სამხარეო პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაასრულა და საქმე დედოფლისწყაროს სასამართლოს გადასცა განსახილველად. როგორც გაარკვია, პროკურატურა დამნაშავეთა 17 წლით დაპატიმრების შუამდგომლობას აყენებს, დაზარალებულები კი დამნაშავეთა სამუდამო პატიმრობას მოითხოვენ...


გარდაცვლილ მარინა თეთრაძეს, ორი წლის წინ, 26 წლის ვაჟი ხვიჩა მაისურაძე, საეჭვო ვითარებაში მოუკლეს. იგი თანაკურსელმა ზურა სამხარაძემ დეიდაშვილის დაბადების დღეზე, ლილოს დასახლებაში წაიყვანა. მას შემდეგ, ხვიჩა აღარავის უნახავს. 18 დღის შემდეგ, თბილისის ზღვამ უცნობი მამაკაცის გვამი გამორიყა, რომელიც მეთევზეებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. როგორც საბუთებიდან გაირკვა გვამი ხვიჩა მაისურაძეს ეკუთვნოდა.


საქმე დღემდე გაუხსნელია. ძირითადი მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ ვანო ბიბილურის ოჯახში გაშლილ სუფრასთან, ხვიჩა და ზურა 23:00 საათამდე შეყოვნდნენ. მოწმეები კონფლიქტის არსებობას მალავენ, თუმცა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ჩხუბი მართლა მოხდა. ზურამ ხვიჩა იქვე, მეზობლად მცხოვრებ ნუკრი ხმალაძის ოჯახში დასაძინებლად წაიყვანა. ორივე დაწვა, თუმცა ხვიჩა 5 წუთში ადგა და თქვა - "აქ ვერ გავჩერდები, უნდა წავიდე, დილით ადრე დედოფლისწყაროში მივდივარო." მას ნუკრი შეეწინააღმდეგა და დარჩენა არაერთხელ შესთავაზა.


როგორც ირკვევა, ხმალაძის ბინიდან ხვიჩა გვიან ღამით, მარტო გავიდა. ამ ფაქტს არ ეთანხმება ხვიჩას ოჯახი. ისინი მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, იგი სწორედ ხმალაძის ოჯახში უნდა მოეკლათ. ირკვევა, რომ ნუკრი ხმალაძემ ხვიჩა ტახტზე პირქვე დააგდო, ზემოდან დააწვა და სახლიდან არ უშვებდა. გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ხვიჩა სწორედ ამ მომენტში უნდა მოგუდულიყო... ამ ვერსიის რეალობაზე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ ამ დროს ხვიჩას მარტო შარვალი ეცვა, ზღვამაც სწორედ ასეთ ვითარებაში გამორიყა, გვამს კი ყელთან ძალადობის კვალი აშკარად აღენიშნებოდა. ბოლო წუთებში, ხვიჩასთან ერთად მყოფი ყველა მოწმე ჩვენებაში ხაზს უსვამს, რომ იგი ხმალაძეების ოჯახიდან მშვიდად გავიდა და აღარავის შეუნიშნავს.


მოწმეთა მსგავსად, გამოძიებაც უცნაურად მოქმედებდა. დაზარალებულთა ინტერესების დაცვის ნაცვლად, სამართალდამცველები შვილმკვდარ დედას უხეშად ეპყრობოდნენ. აშკარა იყო, რომ სიმართლის დადგენით მხოლოდ მოკლულის დედა იყო დაინტერესებული. ეკონომიური სიდუხჭირის მიუხედავად, მარინა მაისურაძე სამართლის საპოვნელად დედაქალაქში ხშირად ჩადიოდა და ერთი პროკურატურიდან მეორეში დადიოდა. რა არ იღონა, მაგრამ... წუხდა, 2 წელი გავიდა და საქმე წინ ვერ წავწიე, გამომძიებელი კი ტელეფონზეც აღარ მპასუხობსო. პოლიციას დღემდე არავინ დაუკავებია. დედა, რომელიც შვილის მკვლელების დასასჯელად ხმალამოღებული იბრძოდა, ახლახან თავადაც მკვლელების მსხვერპლი გახდა...


ნუშო თეთრაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შვილის მკვლელების დასასჯელად ყველა ღონეს იხმარს და მხოლოდ დამნაშავეთა მუდმივ პატიმრობას დაეთანხმება, სხვაგვარ გადაწყვეტილებებს კი ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. იგი იქვე დანანებით აღნიშნავს, რომ უსახსრობის გამო 26 წლის შვილიშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. სავარაუდოდ. ხვიჩა მაისურაძის მკვლელობის საქმე კვლავაც დიდხანს იქნება მტვრიან თაროზე შემოდებული...

[ილია მარტყოფლიშვილი
ჟურნალი "ღია ბოქლომი"]