"ლაპარაკი საქმის ნაცვლად": ობოლ ბავშვებს თამბაქო და ქალის საცვლები?!

უკვე რამდენიმე კვირაა ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის თანმშრომლებმა დაიწყეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დევიზის "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" რეალურად განხორციელება. ყოველი კვირის ორშაბათ დღეს კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები და გამგეობის თანამშრომლები გაღარიბებულ და გაჭირვებულ გარემოვაჭრეებს აწიოკებენ. გარევაჭრობის აღკვეთის მოტივით მოვაჭრეებს თამბაქოს და სხვდასხვა პროდუქტს, ძალის გამოყენებით ართმევენ. პოლიციელები გამოირჩევიან არნახული სისასტიკით, ქალებს და მოხუცებს მიმართავენ უცენზურო სიტყვებით. "ღია ბოქლომმა" ხალხის პრობლემა ტრადიციულად გულთან ახლოს მიიტანა და გარემოვაჭრეებს გაესაუბრა: 
"ჩვენი დაწიოკება, როგორც გვეუბნებიან გამგებლის დავალებით ხდება. პოლიციელები დაგვდევენ გვაგინებენ და საქონელი მიაქვთ ან ძირს გვიყრიან. თუ ქართველებმა ერთმანეთი არ დავინდეთ გარე მტერი როგორღა დაგვინდობს. არჩევნების პერიოდში მთელი ორი თვის განმავლობაში არავის შევუწუხებივართ, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობაში კვლავ სააკაშვილი მოვიდა განახლდა ჩვენი დევნა.
"შეშინებულები ვართ, პოლიციელის დანახვისთანავე ვმალავთ საქონელს. ან ვაჭრობის ნებართვა დაგვრთონ ან აამუშავონ ფაბრიკა ქარხნები და დაგვასაქმონ. შვილები ხომ უნდა ვარჩინოთ?! ის პროდუქტი, რომელსაც ვყიდით ბანკებიდან გამოტანილი სესხებით გვაქვს ნაყიდი. პოლიციელები და გამგეობის თანამშრომლები კი გვაჯარიმებენ ხშირად ყველაფერს გვართმევენ, ამბობენ ობოლ ბავშვებს მივცემთო. აბსურდია. ობოლ ბავშვებს თამბაქო და ქალის საცვლები როგორ უნდა მიუტანო. ალბათ, ნაძარცვს თვითონ იყოფენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და პოლიციელები.
ქობალიების ტელევიზია კი ამზადებს სიუჟეტებს, სადაც გრევაჭრობა კატეგორიულადაა დაგმობილი, გამყიდველების მატერიალურ სიდუხჭირეზე კი ყურადღების გამახვილება არ უნდათ, ტელევიზიის მეპატრონე გამგებელს ხომ მარ აწყენინებენ?! "- შემოგვჩივლეს გარემოვაჭრეებმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხია ჩვენთან საუბრისას გარემოვაჭრეთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ რეიდები გარევაჭრობის აღმოსაფხვრელად მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით გამგეობა დაინტერესებულია მოვაჭრეები დასაქმდნენ კერძო ინვესტორთა მიერ შექმნილ ალტერნატიულ სამუშაო ადგილებში.

დაჩი კვიკვინია

ჟურნალი "ღია ბოქლომი"

უკან