ვახანიას სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა [video]

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარღის უკანონო შენახვის ბრალდებით ხუთი თვის წინ დაკავებული აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია კვლავ პატიმრობაში რჩება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კეკენაძემ ზუგდიდში გამართულ სასამართლო პროცესზე მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუადგომლობების არც ერთი პუნქტი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არც ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა და მისი სტაციონარში გადაყვანის მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. ხმაური, რომელიც სასამართლო დარბაზიდან დაიწყო და შენობასთან გაგრძელდა, სწორედ ვახანიას ჯანმრთელობის გაუარესებას მოჰყვა.

ძმის ფიზიკური მდგომარეობის გამო პროტესტი ნანი ვახანიამ პირველად სასამართლო სხდომაზე გამოთქვა, რის გამოც მოსამართლე კეკენაძემ იგი დარბაზიდან მანდატურების დახმარებით გააძევა. მეორედ კი მაშინ, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პატიმარ ვახანიას სტენოკარდიული შეტევა დაუდგინა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნანი ვახანია ექიმების ჩარევას კვლავ ითხოვდა და ბადრაგს ძმის გადაყვანის უფლებას არ აძლევდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანას გადაადგილების საშუალებას არც 150-მდე ვახანიას გულშემატკივარი აძლევდა, რომელიც სასამართლოს შენობასთან მთელი დღის განმავლობაში იკრიბებოდა.

“უკანონობის” აღსაკვეთად სასამართლოს შენობასთან პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დამატებითი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას პატიმართან მიახლოება აუკრძალეს. ვახანიას ნათესავებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც ამ ფაქტმა გამოიწვია.

– “მე მოვითხოვ ექიმს, ჩემს ძმას აქვს ჰიპერტონიული კრიზი, რაღაც მძიმე ინტოქსიკაცია, რომელიც ჰაბიტუსზე ვლინდება, ძლიერი ანემია და ასეთი ადამიანი თბილისში ისე გადაჰყავთ, რომ ექიმი ახლავს. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს, რომ კრიზის შემთხვევაა, არტერიული წნევა 200-120-ზე ჰქონდა. ამ შემთხვევაში წნევის გადამოწმება უნდა მოხდეს, რომ მდგომარეობა არ გართულდეს. ამას კი ეს ანტიქრისტეები და ფაშისტები არ აკეთებენ. არ შეიძლება მისი თბილისის ციხეში გადაყვანა. მიზანმიმართულად კლავენ ჩემს ძმას. ამას წამება არ ჰქვია?!”, – აცხადებს ნანი ვახანია.

ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად ბრალდებულმა ვლადიმერ ვახანიამ სასამართლო დარბაზი არ დატოვა. 6 საათიანი სასამართლო სხდომა კი ისე დასრულდა, რომ მოსამართლე კეკენაძემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ვახანიას ინტერესების დამცველმა ექვსივე ადვოკატმა მოსამართლისა და პროკურორის, დიმიტრი ხვიტიას აცილების საკითხი სასამართლო სხდომაზე ორჯერ დააყენა, თუმცა უშედეგოდ. კეკენაძე-ხვიტიასგან თავის “დაღწევას” თავად ბრალდებულიც ცდილობდა. ვახანია მოსამართლეს მის ბინაში განხორციელებული უკანონო ჩხრეკის დაკანონებაში ადანაშაულებდა.

ვლადიმერ ვახანია: “თქვენ დააკანონეთ უკანონო ჩხრეკა და ამით მიეცით საფუძველი და დასაწყისი ჩემს უკანონო დაპატიმრებას. სისხლის სამართლის საქმე 11 მარტს, ჩემს დაპატიმრებამდე 4 დღით ადრე აღიძრა და გადაუდებელი ჩხრეკის აუცილებლობა არ არსებობდა. თქვენ ხართ მიკერძოებული, ან დაინტერესებული პირი და ამიტომაც ვერ წარმართავთ სხდომას”.

სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯონი ზარანდიამ პოლიციელის, თემურ თორიას ის პატაკი წარმოადგინა, რომელიც ვახანიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა. ამ პატაკის მიხედვით ვახანიას მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებმა “რადიო იმედის” პირდაპირი ეთერით შეიტყვეს.

ადვოკატმა “რადიო იმედის” ის ცნობაც წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი შინაარსის ახალი ამბავი ამ მედია–საშუალებას არ გაუვრცელებია...

ვახანიას ინტერესების დამცველმა, ლილი გელაშვილმა სასამართლო სხდომაზე სკანდალური ინფორმაციაც გაავრცელა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეებზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. როგორც გაირკვა, მოწმეებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველს სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე მიმართეს.

ლილი გელაშვილი: “მინდია მაქაცარია და ჯამბულ ჩიქოვანი ბრალდების მხარის ის მოწმეები არიან, რომლებიც ვახანიას ბინაში უკანონოდ განხორციელებულ ჩხრეკას იძულებით დაასწრეს. თუმცა მათ ხელი არც ერთ ოქმს არ მოაწერეს. საქმეში კი მათი ხელმოწერები გაჩნდა”.

10 აგვისტოს მინდია მაქაცარიასთან გამომძიებლები შენგელია, თემურ თორია და ლევან კანკია მივიდნენ.

– ”თითქოს სასამართლო უწყება წარუდგინეს და მოტყუებით ზუგდიდის პროკურორის მოადგილეს, დიტო ხვიტიას მიჰგვარეს. ახლა გაახსენდა პროკურატურას გრაფიკული ექსპერტიზის აუცილებლობა? სინამდვილეში კი მაქაცარიას განადგურებით დაემუქრნენ თუ გაყალბებულ ჩვენებებსა და ხელმოწერებს არ დაეთანხმებოდა. იგივე ზეწოლას ახდენდნენ ჯამბულ ჩიქოვანის ოჯახის წევრებზე, რადგან ავადმყოფობის გამო ქალაქიდან გასული ჩიქოვანი თავგასულმა პოლიციელებმა ხელში ვერ ჩაიგდეს”, – თვლის ლილი გელაშვილი.

მოსამართლე კეკენაძემ არც ადვოკატის, ლალი აფციაურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩაწერას აუდიო-ვიდეო აპარატურის გამოყენებით ითხოვდა. ამის მიზეზი სასამართლო სხდომის ის ოქმები გახდა, სადაც მნიშვნელოვანი განცხადებები არ დაფიქსირებულა.

ლალი აფციაური, ადვოკატი: “ზოგდად ქვეყანაა სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდნილი და ეს პროცესიც ვერანაირად ვერ მოექცეოდა სამართლებრივ ჩარჩოში. როგორც ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც პოლიტპატიმართა საქმეებს განიხილავს ანალოგიურად ვითარდება ნოტარიუსად ქცეული სასამართლოს მიერ”.

ვახანიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 24 აგვისტოს განახლდება.
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი presa.ge]