გიორგი ბარამიას და რაულ ქირიას სპექტაკლი_პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ აფხაზ ხალხს დღეს ენგურის ხიდიდან მიმართა და დიალოგისკენ მოუწოდა. 
„დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია და საერთო ძალისხმევა. ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ უშუალო, ორმხრივი დიალოგისკენ. ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი ხიდები. მოდით, აღვადგინოთ დაკარგული ნდობა. ვალდებულნი ვართ, გადავლახოთ ტკივილი და წყენა, დავივიწყოთ უთანხმოება, სიძულვილი, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი ურთიერთგაგების, თანხმობის აღდგენისა და შერიგებისთვის“, - განაცხადა ბარამიამ.  
დღესვე პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველო აფხაზეთის პირობით საზღვარზე ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას სულ რაღაც 5 წუთში „გამოეხმაურა“ გალში მცხოვრები უცნობი მოქალაქე, რომელმაც ბარამიას საქართველოს მოქალაქეობა სთხოვა და აღნიშნა, რომ გალის რაიონიდან მხოლოდ იმიტომ გადმოვიდა, რომ ბარამიას შეხვედროდა. ეს ყველაფერი შესაძლოა ბუნებრივი ყოფილიყო ლეგიტიმური მთავრობის მედიაცენტრის ხელმძღვანელს რაულ ქირიას  ჟურნალისტებისთვის ცოტა ხნით ადრე „აფხაზეთის მოქალაქის“ შესაძლო გამოჩენაზე არ მოეთხრო...
რაულ ქირიას მიერ მსგავსი სპექტაკლის დადგმა შეკრებილებს არ გაჰკვირვებიათ, რადგან ყოფილი ჟურნალისტი მსგავსი საქციელით ადრეც გამოირჩეოდა, თუმცა ახლადდანიშნული მთავრობის თავმჯდომარე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებდა და ქირიას ცუღლუტობებს აჰყვებოდა არავის ეგონა...