”ახლები” ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ გამოდიან

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას, ”ქართული პოლიტიკის სიმახინჯედ” აღიქვამენ; საზოგადოების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია, მოუწოდებენ მომავალი ბრძოლისუნარიანობისთვის მოთმინება მოიკრიბონ და საკუთარი მკვეთრი არჩევანი გააკეთონ.

პრესა.გე ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელს, ”ახლების” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძეს შეხვდა და ესაუბრა, როგორც სამომავლო გეგმებზე, ისე აწმყოზე და სამთვიანი აქციების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

როდის გაიმართება ოპოზიციის მორიგი, დიდი აქცია?
მამუკა კაციტაძე: ოპოზიციაში არანაირი საუბარი, მით უმეტეს მზაობა, რაიმე ხასიათის მორიგ დიდ აქციაზე არ ყოფილა და არ არის. აქცია და მანიფესტაცია, ბრძოლის ერთადერთი და არც პრიორიტეტული იარაღი არ გახლავთ. აქციამდე და მანიფესტაციამდე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვითარების მომწიფებამდე, პროცესები ყოველგვარი აქციის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. აქცია ბოლო ფაზა უნდა იყოს. საქმის გადაწყვეტის დაწყება მიტინგითა და აქციით, არასწორად მიმაჩნია და მიმაჩნდა.

- ”როდის უნდა იყოს დიდი აქცია” - საკითხის ამ ფორმით დაყენებამ, საზოგადოებაში გამოიწვია იმ ცრუ მოლოდინების შექმნა და პოლიტიკურ პროცესებში ფუჭი გასროლების გაკეთება, რამაც ეს პროცესი, გარკვეულწილად ასეთ მინავლებულ და ნიჰილიზმით მოცულ განწყობამდე მიიყვანა.

ბრძოლა გრძელდება საკითხების მოსამწიფებლად, უფრო სხვა მიმართულებებით: მაგიდაზე, დარბაზში, შეხვედრებზე, უცხოელებთან ურთიერთობებში და ა.შ. თუ ეს საკითხები რაღაც ფაზაში წინააღმდეგობას შეეჩეხება, მის გადასალახად, საკითხის წინ წამოსაწევად და ერთგვარი ძალის სადემონსტრაციოდ, ესა თუ ის აქცია შეიძლება დაიგეგმოს. ჯერ საკითხთა ნუსხა და პრიორიტეტები არ განგვისაზღვრია და როგორ შეიძლება აქცია პრიორიტეტი იყოს?!

თქვენ ხომ თანამშრომლობდით ”ეროვნულ ფორუმთან”, რომელიც 7 აგვისტოს ქუჩაში მილიონი ადამიანის გამოყვანას გეგმავს?!
- ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, უპასუხიმსგებლობამ დაისადგურდა. ადამიანი რაღაც იდეას ისვრის, შემდეგ თვითონ ქრება და მის ნასროლთან დაკავშირებით ყველას ეკითხებიან, რა აზრის ხართო. თანამშრომლობა ერთარსებობას და ყველაფერზე პასუხისმგებლობის გაზიარებას არ ნიშნავს. ჩვენ ერთი პარტიის და მით უმეტეს ერთი ბლოკის წევრები არ ვართ. ინიციატორს ჰკითხეთ რამ უკარნახა მილიონ ადამიანთან დაკავშირებული ინიციატივის გახმოვანება, რის საფუძველზე აკეთებდა ამ განცხადებას, რას ელოდება ამ აქციის მოწყობით და ა.შ. თუ ლაპარაკია ხელისუფლების 1 წლის წინანდელ ნამოქმედარზე, ამ თემასთან დაკავშირებით ამა თუ იმ პოზიციის გამოხატვა 7 აგვისტოს გარეშეც შეიძლება.

ალიანსი არ თვლის საჭიროდ არანაირი ღონისძიების, მით უმეტეს, ფართომასშტაბიანი, ქუჩის ტიპის აქციის გამართვას, 7 აგვისტოსთან დაკავშირებით. როდესაც პირველი კითხვა დამისვით, ფართომასშტაბიან აქციაზე, მე ეს ყველაფერი 7 აგვისტოსთვის არ დამიკავშირებია, რადგან ვერც კი წარმოვიდგენ, რომ 7 აგვისტოს იყოს უპრიანი და მიზანშეწონილი ამ ტიპის აქციების გამართვა და თუ ვინმეს 7 აგვისტო სხვა ფორმით აქვს დანახული, სიამოვნებით მოვისმენდი როგორ აქვს დანახული, რატომ აქვს ასე დანახული და რაც ყველაზე მთავარია - რას ელოდებიან ამ ტიპის ღონისძიებებისგან.

რა ტიპის საქმიანობითაა დაკავებული თქვენი ალიანსი, ამჟამად?
- ახალი მემარჯვენეები რეგიონებში ვართ გასული, ჩვენს პარტაქტივებს ვხვდებით. ესაა ერთგვარი შიდა პარტიული დათვალიერება. ვიცი რომ ჩვენი პარტნიორები ანალოგიურ საქმიანობაში არიან ჩართულები, თუ არ ჩავთვლით იმ უცებ მოძალებულ სასამართლო პროცესებს, რაც ბუნებრივია, ჩვენს ყურადღებას ითხოვს. ჩვენი პარტნიორი ”თავისუფალი დემოკრატები” რეგიონებში რაიონული სტრუქტურების შექმნის მიზნით, საინიციატივო ჯგუფებს აყალიბებენ. ამგვარი საქმიანობა პარტიის მშენებლობას ემსახურება. პოლიტიკა პარტიის გარეშე არ არსებობს და პარტია სტრუქტურის გარეშე. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკაში რაიმე რეზულტატი გვქონდეს და პარტია სტრუქტურირებული იყოს, ამისთვის რეგიონებში გასვლა აუცილებელია.

ალიანსი 23 თებერვალს დაფუძნდა. ხელისუფლებას 5 მარტამდე ვადა მივეცით, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა და 5 მარტს გამოვედით ინიციატივით, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტს დავიწყებდით და ხელმოწერებს შევაგროვებდით. ესაა ხალხის ხმის გაგონების კონკრეტული ფორმა (რაც საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა გავაგონოთ), ყოველგვარი მიტინგისა და მანიფესტაციის გარეშე. ეს პროცესი არ დაგვისრულებია. ჩვენ ახლა სასამართლოს წინ ვდგავართ, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის მოწმე ერთად გავხდით (საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკელ მიხეილ გაბუნიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პრესა.გე). ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ: დაიცვას ადამიანის უფლებები, მოხსნას პოლიციური წნეხი, გაათავისუფლოს მასმედია და. ა.შ.

ამ გეგმიდან სააკაშვილის გადადგომა ამოვარდა?
- არც ერთ შემთხვევაში არ ამოვარდნილა. სააკაშვილის გადადგომა ბოლო წერტილია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვესაკითხი აქვს, კომპონენტებით.

ანუ, ქვესაკითხებით დაიწყებთ?
- კი არ დავიწყებთ, ამას პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ. ერთის მხრივ სააკაშვილი უნდა გადადგეს; მეორეს მხრივ, პროცესს მერაბიშვილი უნდა მოშორდეს, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს.

რა შემთხვევაში გამოხვალთ ქუჩაში?
- თუ კონკრეტული საკითხის მომწიფების დროს, ამა თუ იმ ფორმით, ძალის დემონსტრირება საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება, მაგრამ ერთჯერადი ღონისძიება იქნება და არა დაუსრულებელი და ხშირ სიტუაციაში უპასუხისმგებლობითა და მოუმზადებლობიდან გამომდინარე, ერთგვარ მარაზმში გადაზრდილი, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შევეჩეხეთ.

რას თვლით მიღწევად, ქუჩაში სამთვიანი დგომიდან?
- ამ სამთვიანმა პროცესმა დაგვანახა, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესია დაწყებული და რომ სააკაშვილის გადარჩენა გამორიცხულია. ეს უკვე იმდენად დიდი შედეგია, ახლა სააკაშვილმა, რაც არ უნდა აკეთოს, ამ განწყობას ვეღარავინ მოატრიალებს. იმის თქმა, რომ ეს პერიოდი უშედეგო იყო, უბრალოდ, სიბეცეა. თუმცა, არც იმის ართქმა არ შეიძლება, რომ ამ პროცესში სერიოზული შედომები იყო დაშვებული, რომელთა გამორიცხვის შემთხვევაშიც, შედეგი უფრო ნოყიერი და ეფექტური იქნებოდა.

მაგალითად, რა შეცდომებს გულისხმობთ?
- მოქმედება თავისა და გეგმის გარეშე, საფუძველშივე სერიოზული ნაკლოვანების მატარებელია. ამ პროცესს არ ჰყავდა ერთი თავი, ერთი ლიდერი (რასაც ჩვენ ვითხოვდით), პროცესი დაუგეგმავად მიდიოდა - დღეიდან ხვალემდე, ხვალიდან ზეგამდე.

რას ეტყვით საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უკან დაიხია?
- მე მათ ვეტყვი, რომ პოლიტიკა გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე თქვენ გგონიათ. პოლიტიკის თარიღებით, მიტინგებითა და მანიფესტაციებით მართვა არ შეიძლება. პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გაცილებით უფრო დიდწილად არის სერიოზული სეგმენტები, რომელი მიმართულებითაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. პოლიტიკა არის პროცესი და ეს არ ხდება ერთ და ორ დღეში. ე.წ. ვარდების რევოლუციის პრეცენდენტს ქართულ რეალობაში ნუ დავნერგავთ, რადგან ერთ და ორ დღეში გადაწყვეტილი და დამთავრებული საკითხები, როგორც წესი, პოლიტიკაში ფეხს ვერ იკიდებს.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ხელისუფლების შეცვლის, ოპოზიციური მოძრაობის განვითარების და შედეგის მიღწევის თანამონაწილე, პროცესს გაცილებით უფრო სიღრმისეულად უნდა შეხედოთ, მოთმინება და გამძლეობა მოიკრიბოთ, მომავალი ბრძოლისუნარიანობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გააკეთოთ საკუთარი მკვეთრი არჩევანი - რომელი, რა ტიპის მოძრაობისთვის, რა ტიპის პროცესებისკენ ხართ მიდრეკილი, რას უჭერთ მხარს.

შესაბამისად, აქედან პარტიული არჩევანიც უნდა გაკეთდეს, რადგან საზოგადოება ელექტორალურად უნდა ჩამოყალიბდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთი მთლიანი რაღაც პოლიტიკური კონგლომერატი, ნორმალურ შედეგს ვერასდროს დადებს. კონკურენციის პირობებში, არჩევანი უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრი. ეს არჩევანი თვალწინ დევს. ის რაღაც განუყოფელი ოპოზიციური ერთობა, ქართული პოლიტიკის სიმახინჯეა, რომელიც ვფიქრობ, აღარ განმეორდება. ყოველ შემთხვევაში, ალიანსი ამ ტიპის გაურკვეველი ერთობის ჩამოყალიბებას მხარს არ დაუჭერს.

სხვა საკითხია თანამშრომლობა, შეხვედრა, დალაპარაკება, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთ მთლიან ვერტიკალში მოქცევის იმედი ნურავის ექნება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება პოლიტიკური არჩევანისთვის თანდათანობით უნდა მოემზადოს, თუ უნდა თანამონაწილე გახდეს იმ პოლიტიკური პროცესისა, რასაც ოპოზიციური მოძრაობა და ხელისუფლების შეცვლის პროცესი ჰქვია. [presa.ge]