ვლადიმერ ვახანიას პროცესზე მოწმე დააკავეს... [video]

3 სექტემბერს ზუგდიდიში გამართულ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე ჯამბულ ჩიქოვანი 40-მდე სამართალდამცავმა დააპატიმრა. პოლიციელებმა იგი სწორედ მაშინ აიყვანეს, როდესაც სასამართლოს ჩვენება მისცა და მეუღლესთან ერთად შინ ბრუნდებოდა. დაკავების მომსწრე ჩიქოვანის ახლობლებთან ერთად ჟურნალისტები და ვახანიას იურისტებიც გახდნენ, რომლებმაც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დემონსტრაციულად დატოვეს.
ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში ჩიქოვანს ბრალი სსსკ-ის 371-ე, ჩვენების შეცვლის მუხლით წაუყენეს. 5 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე კი ჩიქოვანს, ზუგდიდში, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ყოველგვარი რეალური მტკიცებულების გარეშე 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი, ლალი აფციაური აცხადებს, რომ პროკურატურამ სრულებით უკანონო ქმედება განახორციელა.

ლალი აფციაური: "ჯამბულ ჩიქოვანმა ჩვენება კი არ შეცვალა, არამედ დაადასტურა ის, რაც გამოძიებას მისცა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ოქმში არ იყო შეტანილი ის დეტალები, რომელზეც მან გამომძიებელთან ისაუბრა. ჩიქოვანმა დასმულ კითხვებზე პასუხებით დააზუსტა მთელი რიგი გარემოებები.

მან თქვა ის, რომ მინდია მაქაცარიასთან ერთად, როგორც ჩხრეკის დამსწრეები ვახანიას სახლში პოლიციელების შესვლიდან თითქმის საათნახევრის შემდეგ შეიყვანეს, ხოლო ოქმებზე ხელი მეორე დღეს, წინა რიცხვით მოაწერინეს. მთელ რიგ დოკუმენტებზე მათი ხელმოწერები გაყალბებულია, რაც დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა. მათ შორისაა მოწმის გაფრთხილების ოქმი, სადაც ხელმოწერა არ არის დამსწრეების მიერ შესრულებული"

ერთერთი მთავარი გარემოება, როგორც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ადვოკატები ამბობენ, არის ის, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ვახანიას სახლის ჩხრეკაში მონაწილე 100-მდე პოლიციელს, მათ შორის რამდენიმე ნიღბიანს ასახელებენ, როცა წინასწარ გამოძიებაში პოლიციელთა ჩვენებით მათი რიცხვი ოთხს არ აღემატებოდა.

ჯონი ზარანდია, ადვოკატი: "ჩიქოვანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ სიმართლე თქვა. საქმეში არსებული 7-მდე ჩვენება გაყალბებულია და მისი ავტორი არის გამომძიებელი შენგელია. მის მიერ დაწერილი ჩვენებები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, სრულიად იდენტურია. ჩიქოვანის დაკავება აშკარა ტერორია ხალხის მიმართ. ჩიქოვანმა პოლიციელები, თორია და ქელბახიანი სიყალბესა და კრიმინალში ამხილა, რომ ფაქტობრივად უპირობოდ დადასტურდა ის, რომ ვახანიას საცხოვრებელ სახლში ცეცხლასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა შეიტანეს”

ლილი გელაშვილი, ადვოკატი: "პატაკიდან დაწყებული გამოძიების ყველა მტკიცებულება არის შეთითხნილი. ის, რომ თითქოს ვახანიას ბრალეულობის გამოკვეთის საფუძველი არის რადიო `იმედის~ რეპორტაჟი, არის სიყალბე, რადგან ამ მედიასაშუალებიდან მოწოდებული დოკუმენტით მსგავსი სახის ინფორმაცია ეთერში არ გაჟღერებულა... ადვოკატებმა პროცესი პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. ჩვენ არ გვქონდა არანაირი ვალდებულება, რომ ამ მასკარადში მიგვეღო მონაწილეობა."- აცხადებს გელაშვილი.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ის დოკუმენტებიც წარმოადგინა, სადაც მოწმეები სახალხო დამცველის მისამართით გაგზავნილ წერილში პოლიციის მხრიდან მათზე და მათ ოჯახებზე განხორციელებულ მუქარებზე საუბრობენ.

“ჩიქოვანისა და მაქაცარიას განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ პოლიციის გამომძიებლები აშინებდნენ.

ამავე დოკუმენტში მინდია მაქაცარია ასახელებს იმ ფაქტს, როცა სასამართლო სხდომის დაწყებამდე პოლიციის თანხლებით პროკურორ დიტო ხვიტიასთან აღმოჩნდა. სადაც მოსთხოვეს დადასტურება, თითქოს ყველა ხელმოწერა მას ეკუთვნოდა.

მინდია მაქაცარიას დაკითხვა სასასმართლო სხდომაზე 8 სექტემბერს იგეგმება. ვვარაუდობ, რომ ჩიქოვანის დაკავება სწორედ მაქაცარიასა და დაცვის მხარის მოწმეების დაშინებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული ისიც, რომ პოლიციისთვის არასასურველი ჩვენების მიცემის შემთხვევაში ჩიქოვანის ბედი მაქაცარიამაც გაიზიაროს.” – აცხადებს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა, რომელიც 3 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა.

ლალი აფციაური: "კანონში არსებობს 370-ე მუხლი, სადაც შენიშვნის სახით მითითებულია, თუნდაც ამ შემთხვევაშიც შეეცვალა ჩვენება, რომ მოწმეს, ბრალდებულს, ექსპერტს და ა. შ. უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენამდე შეცვალოს ჩვენება. ასე, რომ ბრალდების მხარის ეს ქმედება ამოვარდნილია ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან."

ჩვენთან საუბრისას ნანული ვახანია აცხადებს, მისი ძმის დევნა ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყეს:

ნანული ვახანია: `დევნა 2008 წლის 12 ოქტომბრიდან მაშინ დაიწყო, როცა მას მოსკოვში გამგზავრებამდე შსს წარმომადგენლებმა პირადობის დამამდასტურებელი ყველა დოკუმენტი უკანონოდ ჩამოართვეს.

წართმეული დოკუმენტების მოძიებისა და მოთხოვნის დროს გაირკვა, რომ საქმეში ჩართულები იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები ძალოვანი სტრუქტურებიდან, რომელთა მხრიდან ვახანიას მიმართ ხორციელდებოდა ყოველდღიური მუქარა და შანტაჟი ერთადერთი მოთხოვნით, ეღიარებინა რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი და აგენტობა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ვერ მოიპოვეს ვერანაირი მტკიცებულება ვახანიას აგენტობისა, 2009 წლის 11 მარტს დაიწყო გამოძიება, თითქოსდა ჟურნალისტისათვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით.

აღნიშნული ბრალიც ძალოვანი სტრუქტურების მიერ არის პროვოცირებული, ვინაიდან ჩემი ძმის მხრიდან ჟურნალისტ ლელა ხუბულავას მიმართ მუქარას ან ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. აშკარაა, რომ ჟურნალისტმა ძალოვანების დაკვეთა შეასრულა."

“ასავალ დასავალთან” საუბრისას აღშფოთებას ვერ მალავბდა ვლადიმერ ვახანიას მეუღლე:

მეგი ვახანია: "ჩემთვის გაგებარია რატომ დააპატიმრეს ეს პიროვნება ან რას ერჩიან ჩემს მეუღლეს. გაურკვევლობაში ვარ...”.

აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად გაუარესებულია გუილტ ავადმყოფი ბატონი ვლადიმერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, დაკავებულის მოწამლვა სავარაუდოდ დარიშხანით (ას) #1 საპყრობილეში უკვე დაიწყეს, რის შედეგადაც აკადემიკოსს სეფსისი და ინტოქსიკაცია განუვითარდა, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კვლავ ვერ ხერხდება.

სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარმა ვლადიმერ ვხანიამ მასზე დევნის დაწყების თარიღები დაასახელა, და მხრების აჩეჩვით მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა “მოწმე ჟურნალისტები ტყუიან და მე რაღა უნდა ვთქვაო?!”.

ვლადიმერ ვახანია, პოლიტპატიმარი: ჩემი დევნა არა პასპორტების ჩამორთმევით დაიწყო, არამედ მაშინ, როცა აგვისტოს ომის დაწყებიდან მესამე დღეს მე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, დავით იაკობაშვილს შევხვდი” – განაცხადა დაკვებულმა და შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რა საიდუმლოს ინახავს დევნილი აკადემიკოსი უცნობია. დაფარული ფაქტების გახმაურება შესაძლოა ბევრ მაღალჩინოსანს არ ესიამოვნოს. ვლადიმერ ვახანიას ციხეში გამოკეტვა, რომ სააკაშვილის ავად სახელგანთქმულ შსს ინტერესებშიც შედის ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ყველა პროცესს სასამართლოს ეზოს გარე ტერიტორიიდან 50-მდე ავტომანქანაში გამოკეტილი სამართლადამცავი უთვალთვალებს.

 მთელი საქართველოს ყურადღება დღეს ზუგდიდის სასამართლოსკენაა მიმართული. იმედია გივი თარგამაძის კალთას ამოფარებული მოსამართლე დავით კეკენიძე ამ მასალის წაკითხვის შემდეგ გულში ჩაიხედავს, გაიაზრებს, მისი ხელმძღვანელობის ვერაგული გეგმა, კარგს პირველ რიგში ქართველ ხალხს რომ არ მოუტანს და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული აკადემიკოსის წამებას გამამართლებელი დაგაწყვეტილებით სამუდამოდ დაუსვამს წერტილს.


[ილია ჩაჩიბაია]