ვის დაჰპირდა გუნავა დუმილის სანაცვლოდ ახალ ტელეფონს?!

ერთ თვეზე მეტია, თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დასაღვრელი სისხლი დაიღვარა. ვინც გარეთ ვერ სცემეს, დააკავეს და "კაპეზეში" გაუერთიანეს თავ-ყბა. თუმცა ხალხი მაინც ვერ შეაშინეს, თბილისელებიც ქუჩაში არიან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ასობით ადამიანიც. ადგილებზე, რაიონებში კი თითქმის ვერავინ ბედავს სიტყვის თქმას... თუმცა პირველი საპროტესტო სიტყვა ზუგდიდში მაინც ითქვა და პირველი საკანი ქალაქის ცენტრში დაიდგა. ახალაიებმა ქვეყანა დააშინეს და ზუგდიდის ცენტრში საკნის დადგმას რომ გაუბედავ, თუ გმირი არა, მოგმირო ელემენტი მაინც ხარ. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა, კახა მიქაიამ 5 მაისს საკანი #238 დადგა. ორი დღე აიტანეს მიქაიას "გამოხტომა" როლანდ ახალაიას "ნომეკლატურულმა დანამატებმა" და იმ დროს, როცა თბილისში პოლიციის სამმართველოდან მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს, მიქაიას საკანს სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი დამქაშები მისდგომიან. სიტუაციას თავად კახა მიქაია ჩვენთან საუბრისას ასე იხსენებს:
_ "დილის 4-ის 15 წუთი იყო, მოვიდა თენგიზ გუნავა და მითხრა, შენთან სალაპარაკო მაქვსო. კი, ბატონო, ვილაპარაკოთ-მეთქი, გამოვედი საკნიდან და ამ დროს სამი მანქანა _ "ტოიოტა", "ფოლცვაგენი" და "ნივა" მოადგა საკანს. მანქანებიდან მთვრალები გადმოცვივდნენ. იქვე იდგა ჩემი მანქანა, რომელშიც ჩემი მეგობრები ისხდნენ. გააღეს მანქანის კარი, ორივე ჩემი ძმაკაცი გადმოათრიეს, ჩემი ტელეფონი, რომელიც მანქანაში დასატენად მქონდა, მიწაზე დაახეთქეს და დაამტვრიეს, ყვიროდნენ, დაშალეთ ეს კარავი, რატომ ხართ აქო... "ნივაში" იჯდა "რუსთავი 2" -ის კორესპონდენტი ემა გოგოხია, რომელიც ერთ-ერთ მთვრალს აკავებდა. თავად გუნავასაც ძალიან გაუჭირდა ამათი დაშოშმინება, ძლივს ჩაყარა მანქანაში. ამის მერე გუნავამ მითხრა, არ გაახმაურო ეს ინციდენტი, ტელეფონსაც გიყიდიო. რომ არ ყოფილიყო გუნავა, ეს სამი მანქანა უეჭველად დაგვარბევდა. უბრალოდ, გუნავას სიტყვით უნდოდა დავეთანხმებინე საკნის აღებაზე, დიპლომატია ვითომ, ხმაური არ აწყობდა, როგორც ჩანს... 
_ გუნავა პოლიციის უფროსია და როგორ გგონია, არ იცოდა, პოლიციელები დასარბევად რომ მოდიოდნენ? რაღაც არ მგონია, ასეთი გულუბრყვილო იყოს.
_ როგორ არ იცოდა, მაგრამ ძალის დემონსტრირება გააკეთა, აქაოდა შეგვიძლია, ეს საკანი ავიღოთ, მაგრამ ‘პატივს გცემთ და გირჩევთ, თავად აიღოო... გოგოხიაც რომ ახლდათ, ამან კი არ გამაკვირვა, შემაშფოთა. სადამდე მიდის ზოგიერთი ჟურნალისტის ფანტაზია, სპეცრაზმელობასაც რომ ითავსებს... თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ გოგოხია პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იყო, არა, გოგოხია, როგორც გავარკვიე, მოვიდა აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლებთან ერთად. იქ იყვნენ კუდ-ის უფროსი რომან შამათავაც და მისი მოადგილე გია ბარამია. საერთოდ, ხშირად ხედავენ გოგოხიას ამათთან...
_ არ გადაიღო გოგოხიამ, რაც მოხდა?
_ არა, რა გადაიღო, მთვრალ პოლიციელს აკავებდა, იმათ მოყვა, `ნივაში~ იჯდა. 
_ პოლიციაში არ შეგაქვს განცხადება?
_ ჰა, ჰა... გუნავას ვუჩივლო გუნავასავე წინააღმდეგ? ისე, კაი იდეა მომაწოდეთ, მაგარია. ეს ერთი საკანი დგას ჯერჯერობით აქ და ყელში ამოუვიდათ, როგორც ჩანს... არის ქალების მოვარდნები, რა გინდა აქ, რას აკეთებ და ასე შემდეგ... 
ჩვენ ამის შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსს თენგო გუნავას დაუკავშირდით:
_ ბატონო თენგო, მიქაიასთან ყოფილხართ მისული...
_ ტყუილია...
_ მართლა? რაღაც ინციდენტი მომხდარა და თქვენ მიქაიას დაპირებიხართ, ტელეფონს გიყიდი, ოღონდ ეს არ გაახმაუროო, ესეც ტყუილია?
_ ყველაფერი ტყუილია... ტყუილია ყველაფერი, რასაც ამბობს... მითხარით კონკრეტულად...
_ ემა გოგოხიასთან ერთად მოსულა აფხაზეთის კუდ-ი და მომხდარა ინციდენტი, ამის თვითმხილველები არიან...
თენგიზ გუნავამ კითხვის დასრულება არ დაგვაცადა, ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ემა გოგოხიას პოზიციას უცვლელად გთავაზობთ და მკითხველმა თავად გააკეთოს დასკვნა, იყვნენ თუ არა მისული გუნავა და კუდ-ის თანამშრომლები მიქაიას საკანთან...
ემა გოგოხია: თქვენგან გავიგე პირველად ამის შესახებ... რატომ უნდა დავმალო, ვინმესთან თუ ვიჯექი მანქანაში? სიახლოვესაც არ ვყოფილვარ...
_ აბა, რატომ ამბობს მიქაია ემა გოგოხია იჯდა მანქანაშიო? მოელანდე? პირადი მტრობა აქვს? თუ ტყუის და მისთვის სულერთია, ვინ იჯდა იმ "ნივაში", მაშინ იტყოდა, დარეჯან მეფარიშვილი იჯდაო, რაღა შენ დაგასახელა?
_ კახასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. კახას სხვამ უთხრა ეს და იმას იმეორებს... მე ასე მგონია... თუ დამინახა, რატომ არ მოვიდა ჩემთან?
_ გუნავა ყოფილა იქ და როგორ მოვიდოდა?
_ გუნავას მარტო თავისი მძღოლი ახლდა, მე რომ ჩავიარე იქ მანქანით, საერთოდ არ იდგა თეთრი "ნივა" და სხვა...
_ მოიცა, გუნავას მანქანა იქ იყო საკანთან?
_ ტელევიზიის წინ ბიჭები ხმამაღლა საუბრობდნენ, არ ვიცნობ იმათ, შევაჩერე მანქანა, რა მოხდა-მეთქი, არაფერი, ფეხბურთი იყოო და ამას აღნიშნავდნენ. ეს ხმაური საკნიდან 5-10 მეტრში იყო, თენგოს მანქანა იქვე იყო გაჩერებული. ესენი შემოვლას ხომ აკეთებენ ქალაქში, ვიფიქრე, რამე მოხდა-მეთქი. გუნავა არ დამინახავს, მაგის მანქანის მეტი არ დამინახავს, სხვა მანქანა იქ არ იდგა. ვიფიქრე, შეიძლება თენგო სუპერმარკეტშია-მეთქი. მიქაიასთან საკანში არ შევსულვარ და თავად გარეთ არ გამოსულა. არ ვიცი, რატომ თქვა ეს... პირველად მესმის შენგან. შენ გარდა, არც არავის დაურეკავს ჩემთვის...
მოკლედ, გუნავამ, საკანთან არ ვყოფილვარო, ჟურნალისტმა პოლიციის უფროსის მანქანა საკანთან კი დაინახა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, გუნავა იქ რომ იყო, თუმცა მაშინ, როცა პოლიციის უფროსი საერთოდ უარყოფს საკანთან ყოფნის ფაქტს, გოგოხიას ნათქვამი, საკანთან გუნავას მანქანა იდგაო, ცოტას არ უნდა ნიშნავდეს. და კიდევ ერთი, მიქაიას ახალი "სიურპრიზი" გაუკეთეს, საკნის ზემოთ დაუმონტაჟეს "დინამიკი" და ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ არსებულ მომღერალ შადრევანს "მიშა მაგარია" "დაუკვეთეს", შადრევანი უკვე მეორე დღეა, გაუჩერებლად "მიშა მაგარიაზე" "ცეკვავს". როგორ აპირებს ოპოზიცია ზუგდიდში დაიცვას მიქაიას კარავი, ამის გასარკვევად ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, თეო ტლაშაძეს დავუკავშირდით: "თბილისის შემდეგ ზუგდიდი არის მეორე კერა, სადაც კარავი დგას. ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დაინახა, როგორ შეგვიძლია თავდაცვა, მიუხედავად ტყვიების წვიმისა. ზუგდიდში ნახევარ საათში ვერ ჩავალთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დაცვის მექანიზმს აუცილებლად მოვიფიქრებთ"...

დარეჯან მეფარიშვილი